ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)

ქაშუეთის ეკლესიასთან კარავში დაბანაკებული უსახლკაროების არაადამიანური ყოფა (+ფოტორეპორტაჟი)

თბილისის ცენტრში, ქაშუეთის ეკლესიის უკან, 9 აპრილის ბაღში, დიდი კარავია გაშლილი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ ეს ტურისტების მოზიდვის ახალი ხერხია; კარავში ამჟამად უსახლკარო 10-12 ადამიანი ცხოვრობს. უკვე აცივდა, ზამთარი ახლოვდება, ისინი კი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

უსახლკაროებთან ინტერვიუს ჩასაწერად საღამოს მივედი, წვიმიანი და ცივი ამინდის მიუხედავად, გარეთ დაჟანგებულ შეშის ღუმელს შემოსხდომოდნენ. ღუმელზე საჭმლის მოსახარშად პატარა ალუმინის ქვაბი დაედგათ, - "ნაჩუქარი მატყლის ლეიბი გავყიდეთ და იმ ფულით ცოტა ხორცი ვიყიდეთო", - მეუბნება ხანშიშესული მამაკაცი და ცოტა უნდობლად მიყურებს:

"თითქმის ყოველ დღე მოდიან ჟურნალისტები, ბევრს გვალაპარაკებენ, მაგრამ რისთვის?! 9 თვე გადის და ისევ ამ კარავში ვართ. საინტერესო იცი რა არის? ყველაზე მეტი გულისხმიერება პოლონელმა პადრემ, ვიტოლდ შულჩინსკიმ გამოიჩინა. ერთ ქალბატონს და მამაკაცს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდათ. სწორედ პადრემ მოიძია თანხა და უფასოდ გაუკეთა ოპერაცია. წამლებითაც და ზამთრის ტანსაცმლითაც ის გვეხმარება. ქაშუეთის ეკლესიიდან სამი თვის წინ ერთი ნათურა გვქონდა გამოყვანილი და კარავს ასე ვანათებდით, ახლა არც ეს ნათურა გვაქვს. იმიზეზებენ, თელასის წარმომადგენლის მოსვლაა საჭირო გაყვანილობის გადაკეთებლადო. ამას სამი თვე სჭირდება?!"

"ჟურნალისტები მოდიან და გვეკითხებიან, რატომ და როგორ მოხვდით ამ კარავშიო", - ოდნავ წყენაშეპარული ხმით მეუბნება ჭაღარა მამაკაცი, - "მე კიდევ ვეუბნები, ბალღობიდან აქა ვზივარ-მეთქი... რა მნიშვნელობა აქვს, რატომ ან როგორ მოვხვდი, ფაქტია, რომ გამიჭირდა და სხვა გზა არ მაქვს."

როგორც უსახლკაროები ამბობენ, მათთან რამდენიმეჯერ მივიდნენ მერიიდან, დახმარებასაც შეჰპირდნენ. ქალაქის რუკაზე დატანილი კარავიც აჩვენეს, დროებითი თავშესაფრის სტატუსით.

ეს კარავი 9 აპრილის ბაღში ერთი წლის წინ სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივით დაიდგა, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე ადამიანის ყინვისგან გარდაცვალება. ზოგ უსახლკაროს კი იმ ზამთარს ყინვის გამო კიდურები მოეყინა და ამპუტაცია გახდა საჭირო. ამის შემდეგ მერიამ დროებითი თავშესაფარი გახსნა, სადაც უსახლკაროები ღამით აფარებდნენ თავს, მაგრამ მალე ამ თავშესაფრებმაც შეწყვიტა ფუნქციონირება.

Ambebi.ge დაინტერესდა, ინფორმირებულია თუ არა თბილისის მერია კარავში მცხოვრები უსახლკაროების შესახებ და როგორ აპირებენ მათი პრობლემის მოგვარებას. მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა ქაცარავას თქმით, მერიამ დაიწყო დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები, რათა შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, უკვე შერჩეულია შენობები თბილისის მასშტაბით, რათა ამ ადამიანებს ჰქონდეთ თავშესაფარი. როგორც მერიაში ამბობენ, უახლოეს დღეებში დაიწყება კონკრეტული შენობების რეაბილიტაცია და უსახლკარო ადამიანებს ზამთრის ცივ დღეებში თავშესაფარი ექნებათ.

ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკვებითა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით მომარაგების კუთხით. მერიაში იმედს გამოთქვამენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, თადანაფინანსების მეშვეობით, 9 აპრილის ბაღში მყოფი უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრის მოძიებას შეძლებენ.

საქართველოში მოქმედი კანონი სოციალური დახმარების შესახებ ვრცელდება საქართველოში კანონიერ საფუძველზე მუდმივად მცხოვრებ, სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირებზე, ღატაკ ოჯახებსა და უსახლკარო პირებზე. ამავე კანონის მე-4 მუხლში ტერმინ "უსახლკაროს" ასეთი განმარტება აქვს: უსახლკარო პირი - მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო.

ქვეყანაში არსებული სოციალური პოლიტიკიდან გამომდინარე, დახმარებას იღებენ ის ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებულები არიან ჯანსაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში. სოციალური დახმარების მისაღებად კი აუცილებელია ბენეფიციარი ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში იყოს დარეგისტრირებული.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია