დათო როსტომაშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს

დათო როსტომაშვილი შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს

მიუხედავად იმისა, რომ ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს, არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა აქვს. მისი მოყოლილი ანეკდოტი ყველა ადამიანს ღიმილს ჰგვრის. იუმორისტმა დათო როსტომაშვილმა როცა შეიტყო, რომ ჩვენი საუბრის თემა პოლიტიკა უნდა ყოფილიყო, - რა გრჯიდა, მე რომ მირეკავდიო? - მითხრა. მართალია მიმტკიცებდა, ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ამ საკითხში ვერ ვერკვევიო, მაგრამ ჩვენი ინტერვიუ მაინც შედგა.

- ბატონო დათო, რატომ არ გსურთ პოლიტიკაზე საუბარი მაშინ, როცა მთელი ქვეყანა პოლიტიზებულია?

- პოლიტიკას პოლიტიკოსები აკეთებენ. მე ნიადაგი არ მაქვს საიმისოდ მზად, რომ პოლიტიკოსი ვიყო, ამიტომ აპოლიტიკური ვარ. ამ საქმეში ვერ ვერკვევი. ყველა პოლიტიკოსს ღმერთმა სიკეთე მისცეს. ყველას გვერდში დავუდგები, მაგრამ ჯერჯერობით პოლიტიკური განცხადებებისგან თავს შევიკავებ.

- ჯერჯერობით იმას ნიშნავს, რომ მომავალში თქვენი პოლიტიკაში ჩართვა გამორიცხული არ არის?

- სიტუაცია გვიჩვენებს, როგორ იქნება. თუ პოლიტიკაში ჩავერთვები, არ დაგიმალავთ, ყველაფერს გეტყვით. ჩემი აზრით, ყველა პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის რამე უნდა გააკეთოს. მე კიდევ, ძალზე მოწადინებული ვარ, რომ ჩემი ქვეყნისთვის რამე გავაკეთო. ცხოვრება თუ მოიტანს, უკან ნამდვილად არ დავიხევ.

- არც ისეთი აპოლიტიკური ყოფილხართ. ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე რა აზრის ხართ?

- მიხარია, რომ დღეს სიკეთისკენ კარგი ძვრებია. დარწმუნებული ვარ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი თავის სათქმელს იტყვის და გასაკეთებელს გააკეთებს, რადგან ის ძალზე კარგი და მოწადინებული ადამიანია. ეს სიტყვები "ქართული ოცნების" გუნდსაც ეხება, რადგან ბატონი ირაკლი მარტო ვერაფერს შეძლებს.

- ირაკლი ღარიბაშვილს პირადად იცნობთ?

- როგორც იცით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ და ბატონი ირაკლი ჯერ კიდევ ჩემი მინისტრი ბრძანდება. მის მიმართ დიდი სიმპათია და სიყვარული გამიჩნდა, რადგან ამ ერთი წლის მანძილზე, რაც ის ჩვენს სამინისტროში მოვიდა, ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა.

- ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროსაც ამავე სამინისტროში მუშაობდით?

- ბატონი ვანო რომ მინისტრად მოვიდა, მაშინაც მანდ ვიყავი, მაგრამ მასთან დიდხანს თანამშრომლობა არ მომიხდა, რადგან სასჯელაღსრულების სამინისტროში გადავედი. არ ვიცი, ის როგორი მინისტრი იყო, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილის მისამართით დიდი პატივისცემა მაქვს, რადგან მას თანამშრომლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.

- "ქართული ოცნება" სულ ერთი წელია, რაც ქვეყნის სათავეში მოვიდა. მათი გაკეთებული საქმეებიდან რომელს გამოარჩევდით?

- მხოლოდ ერთი საკითხით შემოვიფარგლები: თქვენთან, მეგობრებთან და აბსოლუტურად ყველასთან ტელეფონზე თავისუფლად ვლაპარაკობ.

- არ ისმინება?

- ისმინება თუ არ ისმინება, ის ვიცი, რომ ხვალ და ზეგ ჩემს საუბარს ნივთმტკიცებად არავინ გამოიყენებს. ამის გამოცდილება მაქვს. დანარჩენზე დასკვნა თვითონ გააკეთეთ.

- ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილმა რომელმა საქმემ აღგაშფოთათ? კარგი არაფერი გაუკეთებიათ?

- შესაძლოა, ადამიანი დამნაშავე იყოს. სისხლის სამართლის დანაშაულს არ ვგულისხმობ. მაგალითად, აქვს ბიზნესი, თავის საქმეს აკეთებს, სადაც შესაძლოა, შეცდომა თვითონ ან თავის ბუღალტერს გაეპაროს. ამისთვის, მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაფრთხილება. ბევრ ქვეყანაში არაერთი მეგობარი მყავს და ეს კარგად ვიცი. მაგალითად, ინგლისში, ასეთ შემთხვევაში მთავრობა აფრთხილებს, რომ შეცდომა გაგეპარათ და თუ თქვენი ბუღალტერი ამას ვერ გაასწორებს, ჩვენს თანამშრომელს გამოგიგზავნითო. ჩვენი წინა მთავრობა კი არავის აფრთხილებდა, ასეთ ბიზნესმენს აუცილებლად დაიჭერდა. მხოლოდ ბიზნესმენს კი არა, მის ნათესავებსაც იჭერდნენ. რაც კარგი გააკეთეს, არ უნდა დავუკარგოთ, მაგრამ მათი ცუდი საქმეებიც უნდა ვაღიაროთ. მაგალითად, ძალიან მიხარია, რომ ქუჩები განათებულია. აღსანიშნავია, რომ გზები გაკეთდა. შესაძლოა, უხარისხოდ, მაგრამ მაინც გაკეთდა და იმაზე უკეთესია, ვიდრე იყო. ამას ყველა გააკეთებდა, თუ ისეთივე პოლიტიკური გზით წავიდოდნენ, როგორითაც ისინი მიდიოდნენ. ხალხის კისერზე, მისი დათრგუნვით ისეთი რაღაც არ უნდა გააკეთო, რომლითაც მერე თავს მოიწონებ.

- ბატონო დათო, იქნებ ბოლოს პოლიტიკურ ანეკდოტს მოგვიყვეთ?

- ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში დეპუტატად იყრიდა კენჭს. შინ რომ მივიდა, ცოლმა უთხრა, შენ ამოწყდი, 5 ხმა როგორ მიიღე? ერთი დედაშენმა მოგცა, მეორე - მამაშენმა, მესამე მე, მეოთხე შენმა ძმამ და მეხუთე... ალბათ საყვარელი გყავსო?

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია