დათო ქაცარავას აქვს კარგი უნარი, შეათავსოს სასარგებლო სასიამოვნოსთან და შესაბამისად, როდესაც საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანი კუთხით ეპატიჟებიან, ყოველთვის პოულობს დროს, რომ ახალი ქალაქი მაინც დაათვალიეროს. ჩვენი რესპონდენტი კანში ყოფნისას გაქურდეს, წაიღეს ლეპტოპი, სადაც მისი ფოტოალბომი იყო თავმოყრილი, ამიტომაც ვერ მოგვაწოდა მოგზაურობის ფოტოები და შესაბამისად, ყველაზე ცუდი მოგონებები საფრანგეთთან აკავშირებს, ყველაზე ბევრ კარგ მომენტს კი გერმანიაში ყოფნას უკავშირებს. უფრო ვრცლად თავად მოგიყვებათ...
- მოგზაურობა ალბათ ყველა ადამიანისთვის სასურველია, რადგან მოგზაურობისას დაგროვილი შთაბეჭდილებები რეალურად ცხოვრების აქტივში ითვლება. მე მიყვარს ახალ-ახალი ადგილების მონახულება არა მხოლოდ მუზეუმების სანახავად, არამედ, პირველ რიგში, ახალი ადამიანების გასაცნობად. ლამაზი პეიზაჟი კარგია, მაგრამ საინტერესო ადამიანების გაცნობა კიდევ უკეთესი. სამწუხაროა, რომ იშვიათად გამომდის საკუთარი სიამოვნებისთვის მოგზაურობა. სასიამოვნოსა და სასარგებლოს ერთმანეთს ვუთავსებ, რადგან ძირითადად საქმიანი ვიზიტები მაქვს და დასვენებასა და საქმის კეთებას ერთად ვახერხებ.
- პირველად როდის გახვედით საქართველოს ფარგლებს გარეთ?
- 22 წლის გახლდით, როდესაც 1999 წელს გერმანიაში გავემგზავრე. ახალგაზრდულ ბანაკში მიმიწვიეს, სადაც ქართველებთან ერთად კიდევ სამი ქვეყნის ახალგაზრდები იმყოფებოდნენ და იქ ათი დღის განმავლობაში მათთან დამეგობრებისა და ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. ჩემთვის ეს პირველი შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობა გამოდგა. მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე მიყვარს ბოდიალი და ქალაქში შეგნებულად დაკარგვა, მაგალითად, ბერლინში. ძალიან მოვიხიბლე ამ ქალაქით, პირველი ეფექტი ძალიან კარგი იყო. მაშინ გერმანიასთან საქართველო ძალიან დაახლოებული გახლდათ, იყო ბევრი გაცვლა-გამოცვლა, აქედან ახალგაზრდები ხშირად მიემგზავრებოდნენ სასწავლებლად. მათ შორის მეც უნდა ვყოფილიყავი, ვემზადებოდი გერმანიაში წასასვლელად, ეს ენა საკმაოდ კარგად ვიცოდი და არც ახლა ვუჩივი გერმანულის ცოდნას, საბუთები შევაგროვე, მაგრამ იმ პერიოდში აღმოჩნდა, რომ კონსერვატორიაში უნდა მოვხვედრილიყავი და... (იღიმის). ეს ჩემი ცხოვრების პირველი ზიგზაგი იყო, მაგრამ ჩვენს თემას არ ეხება. ისევ ბერლინს რომ დავუბრუნდეთ, ახლაც მახსოვს დანგრეული ეკლესია, რომელიც ომის შემდგომ შეგნებულად არ აღადგინეს. ის ახლაც იმ მდგომარეობაშია, როგორშიც მოკავშირეების მიერ ბერლინის აღების დროს იყო. ბერლინი თავისი ღამის ცხოვრებითაა ცნობილი, მაგრამ მე ამისი მოყვარული არ გახლავართ და ამ მხრივ ამ ქალაქზე ვერაფერს გეტყვით. განსაკუთრებით მოვიხიბლე ადამიანებით და სტერეოტიპია, თითქოს გერმანელები ცივი ხალხია. პირველი, რაც მოგზაურობიდან ვისწავლე, ის არის, რომ სტერეოტიპების მიხედვით არავინ უნდა შეაფასო.
- ევროპული ქალაქებიდან სად ხართ კიდევ ნამყოფი?
- სტოკჰოლმში, თუ არ ვცდები, 2003 წელს. იქაც სემინარებზე გახლდით, ათდღიან პროექტზე. იქ შთამბეჭდავი არქიტექტურა და ქალაქის სტრუქტურაა განსაკუთრებული. პირველ დღეს იქაც დავიკარგე, მეორე დღეს უკვე ავუღე ალღო. სხვათა შორის, სტოკჰოლმში მასობრივად ძალიან ლამაზი ხალხი ცხოვრობს, ქალებიც და კაცებიც. სტანდარტულად ძალიან ლამაზები არიან. ევროპა ზოგადად ძალიან საინტერესოა, თუმცა, როგორც გითხარით, ადამიანებს ვაქცევ გამორჩეულ ყურადღებას.
- ამ მხრივ ვინმეს გაუკვირვებიხართ?
- დამამახსოვრდა ისევ და ისევ გერმანია. პროექტის ხელმძღვანელები გამოდგნენ ძალიან თბილები და ყურადღებიანები. ვარ ''ბავარიის'' გულშემატკივარი. მოვხვდი პაბში, სადაც აჩვენებდნენ ''ბავარიისა'' და ''მანჩესტერის'' დაპირისპირებას. ბოლო წუთს წააგო ჩემმა საყვარელმა კლუბმა, რაც ჩემთვის ტრაგედია იყო, მაგრამ უფრო მეტად გაოცებული ვიყავი, რომ იქ მყოფთა ნაწილი, გერმანელები, ''მანჩესტერს'' გულშემატკივრობდნენ. ამის გამო მათ შევეკამათე. აღმოჩნდა, რომ ისინი ბერლინის ''ჰერტას'' ქომაგები იყვნენ და გერმანიაში, ისევე, როგორც ზოგადად, ევროპაში, მიღებული ყოფილა, რომ საკუთარი ქვეყნის რომელიმე გუნდს არ უქომაგო, თუკი შენივე ქვეყნის სხვა კლუბს გულშემატკივრობ. საქართველოში ასეთი რამ წარმოუდგენელია. არც ერთი ქართველი არ უქომაგებს უცხოურ კლუბს, რომელიც ქართულ ნებისმიერ გუნდთან ითამაშებს. ჩვენს კამათს შეესწრნენ ჩვენი პროექტის ხელმძღვანელები, რომლებიც გვერდით მაგიდასთან ისხდნენ, ჩემი გიჟური ემოცია რომ დაინახეს, გაკვირვებას ვერ მალავდნენ. შენ ვინ ყოფილხარო, მეუბნებოდნენ. ძალიან დავმეგობრდით. გერმანიაში ახლაც მყავს მეგობრები, ისევე, როგორც პოლონეთში, უკრაინაში.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია