რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

რა იცვლება ქვეყანაში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ

ახალი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ნორმები ამოქმედდება. კონკრეტულად, რა ცვლილებები ელის ქვეყანას 17 ნოემბრის შემდეგ.

გადასახადები ვეღარ გაიზრდება

ახალი სახის გადასახადის შემოღების ან არსებული განაკვეთის გაზრდის მიზნით მთავრობას რეფერენდუმის ჩატარება და ამაზე მოსახლეობისგან თანხმობის მიღება მოუწევს. ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შედის 2010 წლის ბოლოს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა, რომლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან არსებული გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება აგრეთვე გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება.

აღნიშნულ საკონსტიტუციო ჩანაწერს კიდევ უფროს აზუსტებს წინა ხელისუფლების მიერ მიღებული "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" ორგანული კანონი, რომელიც მიმდინარე წლის 31 დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული კანონით განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეების თანამონაწილეობა გადასახადების დადგენაში. ამასთან, "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ" კანონი ამბობს, რომ დაუშვებელია, რეფერენდუმის საგანი იყოს გადასახადის პროგრესულობის პრინციპი ან მეთოდოლოგია/საგადასახადო რეჟიმი. აღნიშნული კანონის მიხედვით, მთავრობას უფლება ეძლევა, მოითხოვოს გადასახადების დროებით გაზრდა − არა უმეტეს 3 წლის ვადით, ამ შემთხვევაში რეფერენდუმი არ ტარდება.

მოსამართლეები უვადოდ

ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ განწესების საკონსტიტუციო ნორმა შედის. ეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილია, რომლებიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ამოქმედდება.

კონსტიტუციაში ჩადებული ცვლილებების მიხედვით, მოსამართლე თანამდებობაზე კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, უვადოდ განწესდება. მის უვადოდ დანიშვნამდე კი, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით - მაგრამ არა უმეტეს სამი წლისა.

გარდა ამისა, იზრდება მოსამართლის ასაკი 28 წლიდან 30 წლამდე და ძალაში შედის ნორმა, რომლის თანახმად, მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა ხუთი წლის გამოცდილება.

საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება გართულდება

საქართველოს პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ გართულებულ და გაჭიანურებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ე.წ. უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის საფუძველზე განხორციელდება, ანუ მთავრობის მოქმედი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად, პარლამენტი ნდობას მთავრობის ახალ შემადგენლობას გამოუცხადებს.

ამ ყველაფერს საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში მიიღო და პრეზიდენტის ინაუგურაციის მომენტიდან ძალაში შედის.

უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის ფორმულა თავის დროზევე კრიტიკის საგნად იქცა როგორც კონსტიტუციონალისტების, არასამთავრობო სექტორის, ასევე ვენეციის კომისიის მხრიდან.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის წევრთა 2/5-ის უმრავლესობით დაისმება. უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 25 დღისა. უნდობლობის გამოცხადების საკითხი აღძრულად ჩაითვლება, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის თაობაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პარლამენტის იმავე წევრებს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის აღძვრის შესაძლებლობა, კენჭისყრიდან ექვსი თვის განმავლობაში აღარ ექნებათ.

"გაწელილია" უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული პროცედურების ვადები, რომლის დასრულება სულ მცირე ორ თვეს მაინც საჭიროებს. ამასთან, პარლამენტს ძველი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად, ახლის შექმნა მოუწევს.

გარდა ამისა, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილი ხდება, სამი დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება

საქართველოს მთავრობას პარლამენტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება. ყველა ის უფლებამოსილება, რომელიც საბიუჯეტო პროცესთან მიმართებაში პრეზიდენტს სადღეისოდ გააჩნია, ახალ პრეზიდენტს აღარ ექნება. კერძოდ, ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუციით, თუ პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს არ დაამტკიცებს, პრეზიდენტი მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს განიხილავს და პარლამენტს ერთი თვის განმავლობაში თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებს. ასევე კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებას აძლევს, თუკი პარლამენტი საბიუჯეტო კანონს დადგენილ ვადაში არ ამტკიცებს, ბიუჯეტის პროექტი საკუთარი დეკრეტით დაამტკიცოს.

მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, თუ პარლამენტმა დადგენილი წესის დაცვით წარდგენილი ბიუჯეტის მიღება სამი თვის განმავლობაში ვერ მოახერხა, პრეზიდენტი უფლებამოსილია გადააყენოს მთავრობა ან დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, რომელიც ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედის ძალაში, არც ერთი ეს უფლებამოსილება მომავალ პრეზიდენტს არ ექნება. ბიუჯეტთან დაკავშირებული უფლებამოსილები მთლიანად მთავრობასა და პარლამენტს შორის ნაწილდება.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, მოქმედი პარლამენტის მიერ ოქტომბრის დასაწყისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას ვერ მოახერხებს, ეს მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადებად ჩაითვლება და კონსტიტუციის შესაბამისი პროცედურების ამოქმედება იწყება. ამავე ცვლილებებით, თუკი პარლამენტი ვერც მთავრობას გამოუცხადებს უნდობლობას, პროცესში უკვე პრეზიდენტი ერთვება, რომელსაც უფლებამოსილება ეძლევა, ასეთ შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.საქართველოს ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მთავრობა უფლებამოსილებას მოიხსნის. მთავრობა ამჯერად უფლებამოსილებას არა პრეზიდენტის, არამედ პარლამენტის წინაშე იხსნის, ხოლო ნდობის გამოცხადება ახალი კონსტიტუციით დადგენილი წესებით მოხდება.

ამ ყველაფერს 2010 წლის ოქტომბერში მიღებული კონსტიტუციური ნორმების ამოქმედება იწვევს. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ფიცს დადებს, ძალაში შედის ახალი ფორმის მმართველობის კონსტიტუციური მოდელი და ქვეყანა შერეული მმართველობის მოდელზე გადადის. ამოქმედდება შერეული მმართველობის ფორმა, რომელსაც ნახევრად საპრეზიდენტო და ნახევრად საპარლამენტო მოდელსაც უწოდებენ.

ახალი პრეზიდენტი და ახალი მთავრობა

ახალი პრეზიდენტის მიერ პოსტის დაკავებას მთავრობის ხელახალი ფორმირება მოჰყვება, რა დროსაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტი.

პრეზიდენტი ვალდებული იქნება, პრემიერ-მინისტრის პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატი დანიშნოს. კერძოდ კი, პრეზიდენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის ვადაში, საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ (ასეთი კი კოალიცია "ქართული ოცნებაა") მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წამოაყენებს. თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და ნდობის მისაღებად, სამთავრობო პროგრამასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს. პარლამენტიც შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს.

ახალი კონსტიტუციით იზრდება მთავრობის უფლებამოსილებები და თავად მთავრობის ხელმძღვანელის ძალაუფლება. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი მთავრობა ხდება, რომელიც მხოლოდ პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებიული.

მთავრობის საქმიანობას მთლიანად პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს, რომელიც ორგანიზებას გაუწევს მას და განახორციელებს მთავრობის წევრთა საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს.

პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე მთავრობის წევრების მოხსნა-დანიშვნისთვის პრეზიდენტის თანხმობა აღარ დასჭირდება და შესაბამის გადაწყვეტილებებს, პრეზიდენტის გარეშე მიიღებს.

გარდა ამისა, თუკი დღემდე პრეზიდენტს კონსტიტუცია შესაძლებლობას აძლევდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა მოეწვია და მისი თავმჯდომარე ყოფილიყო, ახალი საკონსტიტუციო ნორმების გათვალისწინებით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა მოითხოვოს და ამ განხილვაში მონაწილეობა მიიღოს.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული

დღეიდან კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებულ პროცედურებთან იქნება დაკავშირებული. პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევიდა 2011 წელს მიღებული საკონსტიტუციო ნორმა , რომლის თანახმად, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას 2/3-ის ნაცვლად პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 ანუ სულ მცირე 113 ხმა დასჭირდება.

ქვორუმის გაზრდასთან ერთად რთულდება კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც. თუ დღემდე შესაძლებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის 2 კვირის განმავლობაში განხილვა და დამტკიცება, დღეიდან ეს ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა 3 თვის ინტერვალით უნდა მოხდეს.

მმართველმა კოალიციამ კონსტიტუციის გადასინჯვის მოქმედი პროცედურებით ძალაში დატოვება სცადა და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი წარადგინა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" კატეგორიულად უარყოფითი პოზიციის გამო პროექტის გატანა ვერ მოხერხდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა