რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს

რატომ უხდის ბოდიშს ლევან ახვლედიანი ნანა ნებიერიძეს

ლევან ახვლედიანი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" უკვე მესამე წელია მონაწილეობს, პირველ სეზონზე მისი პარტნიორი მოდელი - კრისტი ყიფშიძე იყო, შარშან მსახიობი - ეკა ნიჟარაძე, წელს კი სპორტსმენი - ნანა ნებიერიძე. ვერაფერს იტყვი, პარტნიორებში მართლაც უმართლებს.

წელს კი მისი მეწყვილის - ნანა ნებიერიძის ცეკვა ჟიურის განსაკუთრებულად მოსწონს და მუდმივად შექებას იმსახურებს... საინტერესოა, როგორც პროფესიონალი როგორ აფასებს ლევანი თავის პარტნიორს და ზოგადად, მათ მონაწილეობას პროექტში:

- ჩემდა გასაკვირად, ნანა აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც ცეკვასთან ცხოვრებაში შეხება არასდროს ჰქონია და პროექტში საოცრებები მოახდინა. ნამდვილი აღმოჩენაა! მან საცურაო აუზიდან პარკეტზე ასპარეზობას მშვენივრად გაართვა თავი. კარგად მოძრაობს და ქება შოუს პირველივე ცეკვებიდან დაიმსახურა. მნიშვნელოვანი, რაც მას აქვს, ის არის, რომ მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობით სავსე ადამიანია, ძალიან პუნქტუალურია და ჩემზე პუნქტუალურიც. ხანდახან ხდება, რომ რეპეტიციაზე ვიგვიანებ, რადგანაც საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს. ბევრი მოსწავლე და ჯგუფი მყავს, რომლებთანაც ვმუშაობ და რეპეტიციაზე დროულად მოსვლას ვერ ვასწრებ. არ მინდა, რომ სადმე დამაგვიანდეს, მაგრამ არ გამომდის. ამიტომ ნანასთვის ბოდიშის მოხდა მიწევს ხოლმე.

- ლევან, რამდენი წლის ხარ?

- 29 წლის.

- უფრო ნაკლები შეხედულება კი გაქვს...

- ჯერ არ მეტყობა, მაგრამ მალე დამეტყობა, იმდენს ვნერვიულობ, რადგანაც ჩემთვის პროექტში მონაწილეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, მით უმეტეს, რომ შოუ პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს... ისე, ყველაფერი კარგად მიდის, კმაყოფილი ვარ...

- ე.ი. პედაგოგიური საქმიანობითაც ხარ დაკავებული, ხომ?

- კი, უკვე 12 წელიწადია, სტუდიურ საქმიანობაში ვარ ჩართული...

- სტუდია "თელას" აღზრდილი ხარ?

- არა, სხვა სტუდიაში გავიზარდე, მოგვიანებით კი ვცეკვავდი "თელაში", მაგრამ როგორც ვთქვი, 12 წელიწადია, ჩემი სტუდია "არტ-დენსი" მაქვს.

ამ პროექტამდე სპორტულ ფორმაში ვიყავი, ვასპარეზობდი კიდეც. ეს შოუ რომ დასრულდება, ისევ ვიასპარეზებ. თან, ისიც მაფერხებს, რომ მეორე შვილს ველოდები, ჩემი მეუღლე მოცეკვავეა და ჩემი პარტნიორი გახლავთ. მოკლედ, ბავშვის დაბადების შემდეგ ორივე ისევ დავუბრუნდებით ძველ საქმიანობას, - შეჯიბრებას...

- როგორც სამეჯლისო-სპორტულ მოცეკვავეს რა ტიტულები გაქვს მიღებული?

- "კავკასიის თასის" ორგზის მფლობელი ვარ. 11-ჯერ თუ მეტად არა, ევროპული ცეკვის პროგრამაში მქონდა წარმატება; აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დავიკავე, ხოლო საერთაშორისო ჩემპიონატზე - მესამე, მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული ის არის, რომ ჩემს სტუდიას, 2010 წელს, სპორტულმა დეპარტამენტმა "ყველაზე პროგრესული" სტუდიის სახელი მიანიჭა... მოკლედ, ჩემი მოღვაწეობა ამით დაფასდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებასა და ფინალში მოხვედრაზე ალბათ ფიქრობ, არა?

- კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოცეკვავე, ვინც ამ კონკურსში მონაწილეობს, გამარჯვებაზე ყველა ფიქრობს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება