ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი

ვინ არის ქართულ ფილმებში ბატალური სცენების ავტორი

1982 წელს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სასცენო მოძრაობის პედაგოგმა კოწო ბადრიძემ შოთა სხირტლაძე სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტ-საგანმანათლებლო სასწავლებლის დირექტორთან მიიყვანა და უთხრა, მე დავბერდი და აწი ეს ასწავლის ჩემ მაგივრადო. შოთა სხირტლაძე იქ ოთხი წელი დარჩა. შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ფარიკაობის პედაგოგის ასისტენტად ანტონ ფიოდოროვთან დაიწყო მუშაობა და მალე მისი ადგილი დაიკავა. დღესაც თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგია. მასვე ეკუთვნის მრავალი ბატალური სცენა ქართულ კინოსა და თეატრებში...

- პედაგოგად მუშაობა რომ დავიწყე, ბევრი ჩემზე უფროსი ასაკის სტუდენტი დამხვდა. ვუთხარი, მე გუშინ ავდექი სტუდენტის მერხიდან, მოდით, დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ მე გადმოგცეთ ის, რაც ვიცი, მე კი ვისწავლი პედაგოგობას-მეთქი. დავმეგობრდით და ასე ავაგე ჩემი პედაგოგობის გზა. თუ ახალგაზრდას თავი არ გაუტოლე და არ გაუტოლდი, ვერც მშობელი იქნები, ვერც მეგობარი და ვერც პედაგოგი.

- რაც შეეხება თქვენს უშუალო პროფესიას, მსახიობობას...

- ეს უცნაურად მოხდა. კარგი სპორტსმენი ვიყავი - თავის დროზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და საკავშირო ჩემპიონი ჭაბუკებს შორის. სკოლა რომ დავამთავრე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მებაღე-მეღვინეობის ფაკულტეტზე ვაბარებდი, სპორტსმენთა სიაში კი ვიყავი, მაგრამ დასწრებულზე ვერ მოვხვდი. ერთ დღესაც დიდუბეში ერთი ინტელიგენტი კაცი შემხვდა და მკითხა, მსურდა თუ არა კინოში გადაღება. მან კინოსტუდიაში ფოტოსინჯების გადასაღებად დამიბარა. ეს გახლდათ რეჟისორი ვიქტორ ჭანკვეტაძე, რომელმაც ფოტოები გადამიღო და შემდეგ მიმიყვანა კოლია სანიშვილთან, რომელიც მაშინ ''აბეზარას'' იღებდა. ფილმში მასობრივ სცენებში ვმონაწილეობდი. კინოსტუდიაში გავიცანი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები, მათ შორის იყო გოგი გელოვანი. ის სპორტსმენების დიდი მოყვარული გახლდათ და როცა გაიგო, რომ ჩემპიონი ვიყავი, დოდო აბაშიძესთან მიმიყვანა, ნახე, რა ბიჭიაო. იმ დროს ჩემი მეგობარი შალვა გობეჯიშვილი მარჯანიშვილის თეატრში სტატისტად მუშაობდა. შემომთავაზა, ამ ზამთარში სად უნდა იარო, მოდი ჩვენთან თეატრში, თბილა მაინცო. ეს 1957 წელს მოხდა. იმ დროს საქართველო მოსკოვის დეკადაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებოდა. სჭირდებოდათ სპორტსმენები, რომლებმაც იცოდნენ ფარიკაობა, რომ სხვადასხვა ''ტრიუკი'' გაკეთებულიყო. მამაჩემმა ჩემი მარჯანიშვილის თეატრში მისვლის ამბავი რომ გაიგო, გადაწყვეტილება მომიწონა. ამის შემდეგ კი თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- მინდა, ვრცლად ვისაუბროთ ფილმებსა და თეატრებში თქვენ მიერ დადგმულ ბატალურ სცენებზე, ეს 1965 წლიდან დაიწყო. ვინ იყო პირველი რეჟისორი, რომელმაც მიგიწვიათ?

- კოწო ბადრიძეს ხშირად იწვევდნენ თეატრებში, ოპერასა და კინოში სპექტაკლების ბატალური სცენების დადგმის დროს. მას ხშირად ვეხმარებოდი. ''ხევისბერ გოჩაში'' ეპოზოდურ როლს ვასრულებდი, ფარიკობის სცენა მქონდა, ფარიკაობითვე კოშკზე ავდიოდი და იქ მკლავდნენ. ბრძოლის სცენებს გივი სავანელი დგამდა და მან დახმარება სთხოვა. მოხევეებსა და რუსის ჯარისკაცებთან ბრძოლის სცენები დავდგით. ამას ''ხევსურული ბალადა'' მოჰყვა, სადაც კეჭნაობის სცენები იყო გასაკეთებელი. მე მომმართეს და ასე ვიმუშავე შოთა მანაგაძის ''ხევსურულ ბალადაზე'' . იმავე პერიოდში კოწო ბადრიძე ''მაცი ხვიტიას'' აკეთებდა, ფინალური სცენის დროს ავად გახდა და დასახმარებლად მე მიხმო. გიორგი შენგელაიას უთხრა, რომ მის სამუშაოს მე შევასრულებდი. შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა, ფილმი არ იყო, რომ მასზე მე არ მემუშავა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება