ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ აცნობა, დღეს, რიგით მე-5 შეხვედრაზე, მხარეებმა შეაჯამეს ერთწლიანი დიალოგის შედეგები და იდეების, მოსაზრებების დონეზე გაცვალეს წინადადებები დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველად. ამასთან, აღინიშნა, რომ დიდი ნაწილი დღის წესრიგისა, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოყალიბდა, პრაქტიკულად შესრულებულია. ზურაბ აბაშიძის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით, გასული წლის დეკემბერში დაიწყო ქართულ-რუსული პირდაპირი დიალოგი. შეიქმნა ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფორმატი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებების შესაბამისად.

ამ დიალოგის ფარგლებში, განვიხილავთ ისეთ პრაქტიკულ სფეროებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობა, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები.

ჩვენ თავიდანვე შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ფორმატში არ განვიხილავდით იმ საკითხებს, რომლებიც გათვალისწინებულია ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების დღის წესრიგით.

მ.წ. 21 ნოემბერს, რიგით მე-5 შეხევდრაზე, ჩვენ შევაჯამეთ ამ ერთწლიანი დიალოგის შედეგები და ჯერ იდეების, მოსაზრებების დონეზე გავცვალეთ წინადადებები დიალოგის მომდევნო ეტაპზე განსახილველად.

აღვნიშნეთ, რომ დიდი ნაწილი დღის წესრიგისა, რომელიც ერთი წლის წინ ჩამოვაყალიბეთ, პრაქტიკულად შესრულებულია. კერძოდ, მნიშვნელოვანია რუსული ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისთვის; შეგახსენებთ, რომ რუსული კომპანიებისა და მეწარმეებისათვის საქართველოში არანაირი პრობლემა არ ყოფილა არც 2008 წლამდე და არც მას შემდეგ.

ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, რომელიც მრავალი პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებდა, შესაძლებელი გახდა რუსულ ბაზარზე დაბრუნებულიყო ქართული ალკოჰოლური ნაწარმი, მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია. იმედია, ამ წლის ბოლომდე ქართული ექსპორტი სრულად აღსდგება ამ მიმართულებით.

განვიხილეთ რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხი; ცნობად მივიღეთ, რომ ამ კონტექსტში რუსეთის მხარე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეებისათვის საქართველოში მოქმედებს უვიზო რეჟიმი, ხოლო რუსი ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 50%-ით და მათმა რიცხვმა 660 ათასს გადააჭარბა; ეს მონაცემები გარკვეულწილად განპირობებულია ორმხრივი დიალოგითა და ორ ქვეყანას შორის ნაკლებად კონფრონტაციული ვითარების ჩამოყალიბებით.

განხილულ იქნა სხვა კონკრეტული თემები, მათ შორის კულტურულ-ჰუმანიტარული სახის საკითხები.

ჩვენი მხრიდან ხაზი გავუსვით იმ პრინციპულ მოსაზრებას, რომ ორმხრივ დიალოგში ჩამოყალიბებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება პირდაპირ კავშირშია ჟენევის პროცესთან. ქართული მხარე ამ მიმართულებითაც ელის წინგადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს აკეთებს ამისათვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ-რუსული დიალოგის დაწყების საქმეში. იგი პრობლემების ღრმა წვდომით, პრინციპულობითა და განსაკუთრებული ტაქტით ხელმძღვანელობდა ამ მიმართულებას.

დავადასტურეთ, რომ საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი და პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი გამოთქვამენ მზადყოფნას კვლავაც განაგრძონ რუსეთთან დიალოგი, რათა მოგვარებულ იქნას ორ სახელმწიფოს შორის არსებული პრობლემები", - ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებაში.

პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დღეს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა