სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ

სად დასდევს მარიკა დარჩია სასიამოვნო მოულოდნელობებს და რა ''აჩუქა'' გურამ რჩეულიშვილის მამამ

ჩვენი რესპონდენტის საავტორო გადაცემა ''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' ''პალიტრა ტივის'' ეთერში საღამოს 8-ის ნახევარზე გადის, რადიომსმენელს კი FM 103.9-ზე მისი მოსმენა დღის ორი საათიდან შეუძლია. ალბათ დღევანდელ ქართულ ტელესივრცეში იშვიათია ისეთი ტელეწამყვანი, რომელსაც ამხელა ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს. მარიკა დარჩიას ენერგია და ენთუზიაზმი წლების მატებასთან ერთად იზრდება. მისი ინტერესის სფერო კი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს. სწორედ თავის მძაფრ ინტერესიანობას უკავშირებს იმას, რომ ბევრი რამის გემო გაიგო და ბევრი რამ ისწავლა, თუმცა სწავლას ახლაც აგრძელებს და ახალ საქმეს შეეჭიდა...

- ეს არის თოქშოუ?

- რატომღაც ავცდი ამ სიტყვას, მაგრამ კლასიკური ჟურნალისტიკის გაგებით, ეს ასეც არის. ძირითად შემთხვევაში, ერთი თემა მაქვს და მის შესახებ ორი ან მეტი ადამიანი მსტუმრობს, ზოგჯერ ერთი. მაგალითად, როდესაც უსინათლოთა საერთაშორისო დღეს ვსაუბრობდით, იქ ორი სტუმარი მოვიწვიეთ, ღიმილის საერთაშორისო დღეს კი გადავწყვიტე, რომ გადაცემაში არა მიმები და ჯამბაზები, არამედ სევდიანი ღიმილის მქონე ქალბატონის, ინოლა გურგულიას შვილები მომეწვია. უმეტეს შემთხვევაში, თუკი კონკრეტული თემა არ არის, ჩემი გადაცემა მცდელობაა, ადამიანების პორტრეტები შევქმნა. ამ კუთხით საკმაოდ შორს მიმავალი გეგმები მაქვს. შესაძლოა, ეს ყველაფერი ერთ რამედ შეიკრას, მაგალითად, - ადამიანები, რომლებსაც უნდა იცნობდეთ. ჯერ არ ვიცი, როგორ უნდა შეიკრას ეს ყველაფერი, ვიდეოებად, მუსიკალურად... სხვათა შორის, ჩემს სტუმრებს ვთხოვ ხოლმე, მათი ცხოვრების თანამდევი მუსიკა მოიტანონ. მაგალითად, დათო ლორთქიფანიძე მოგვიყვა საინტერესო ისტორიას იმის შესახებ, რამაც მის ცხოვრებაში გადატრიალება მოახდინა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილ ქალის ძვლებს, რომელსაც შემდგომ ლიუსი დაარქვეს, იმიტომ, რომ გათხრებისას ამ სახელწოდების სიმღერას უსმენდნენ... ყველას მოაქვს კომპოზიციები და ყველასთვის ეს განსხვავებული მუსიკაა, მათ ცხოვრებასთან ასოცირებული.

''სტუმრად მარიკა დარჩიასთან'' არის მშვიდი საუბარი ადამიანებთან, რომლებიც მიყვებიან თავიანთი ცხოვრების გზაზე, არჩევანზე. ეს არის ცდა, სხვადასხვა გზით, მუსიკასთან, ნივთებთან, წიგნებთან ასოციაციაში შექმნა ადამიანის გარკვეული პორტრეტი.

- თქვენთვის რომელი რესპონდენტი იყო ყველაზე საინტერესო?

- მართალი გითხრა, ყველა რესპონდენტმა გამაკვირვა. მათთან შეხვედრამდე წინასწარ ვემზადები, ვაგროვებ ინფორმაციას, ბევრი მეხმარება ამაში და დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ ხანდახან რესპონდენტი ისეთი გზით წაგიყვანს, რასაც არ ელოდები და აქამდე არ იცოდი. მაგალითად, დათო ყვირილიანს, უსინათლოს, დავუსვი შეკითხვა თავის ქორწინებაზე, მიპასუხა, ჩემს მეუღლეს მხოლოდ დილით და საღამოს ვხედავო. გამაჟრიალა... ნამდვილად არ ველოდებოდი, რომ ის ამ სიტყვას ისევე იყენებს, როგორც ვთქვათ, მე. როდესაც ინოლა გურგულიას შვილმა დათო შუღლიაშვილმა მითხრა, სიმღერას ვამბობო, ამანაც გამაკვირვა, მაგრამ ის ამბობს, ჰყვება სიმღერას და ამიტომაც იყენებს ამ სიტყვას. როდესაც ექიმი გეუბნება, - ნუ გეშინია დიაბეტის, პელე, ელა ფიცჯერალდი, ჰემინგუეი, უამრავი ადამიანი დიაბეტით იყო დაავადებულიო, უცბად გეცვლება დამოკიდებულება და სხვა ხედვა გიჩნდება. მე საერთოდ ამიტომ დამაინტერესა ამ პროექტის იდეამ და დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაკავებული ვარ სამსახურით, პროექტებით, ლექციებით. ყველაზე საინტერესო ფენომენი ადამიანია და ამ შემთხვევაში არ მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ცნობილ ადამიანებზე. მათ თავს ვერ ავარიდებთ, რადგან მათაც აქვთ ისეთი მხარეები, რომლებიც მაყურებლისთვის აღმოჩენა იქნება. შესაძლოა, ძალიან კარგად ვიცოდეთ, რამდენ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ არასდროს მოგვისმენია მათი ყველაზე დიდი ფასეულობის შესახებ. გია ნიჟარაძეს სიმღერის სიტყვები რომ ჰქონია დაწერილი, ეს ბევრმა არ იცოდა. ცნობილი სიმღერაა, ''საკვამურები'' ჰქვია. ასევე ფანტასტიკური კულინარი ყოფილა და გადაცემაში მომიყვა, როგორ უნდა ჩავაბასტურმო ხორცი, ეს ძალიან მოულოდნელი იყო და მე სასიამოვნო მოულოდნელობებს ვაგროვებ. მე ცნობილი ადამიანებიც მაინტერესებს, ოღონდ სხვა კუთხით, და უცნობებიც, რომლებიც საინტერესონი არიან.

- ''ყვითელი'' ადამიანი არ ხართ, მაგრამ ტელევიზიაში კომერციას ვერ გავექცევით და სად გაქვთ თქვენ ეს ჩადებული?

- მუსიკა რომ ჩავდე, უკვე განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ ''ყვითელი'' არ ვარ, ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას (იღიმის). როდესაც გადაცემა დავიწყეთ, წითელ სავარძელში ვიჯექი და ვთქვი, ეს სავარძელი მაწუხებს-მეთქი. ჩემი ფერია ყვითელი, ფერი მზისა და ცხელი ქვიშისა... დღეს ყვითელ სავარძელში ვზივარ (იღიმის). ვიცი, რომ ყვითელი ამბები კარგად იყიდება და აინტერესებთ, მაგრამ მგონია, რომ ადამიანი ყვითელზე მეტი ფერისგან შედგება და ამ ფერებს ვეძებ ჩემს გადაცემაში. თუკი ძალიან ყვითელს დავარქმევთ, მაგალითად, სექსის თემას, მე ამაზე ვერ ვილაპარაკებ და არც ვიცი ამაზე ლაპარაკი. მაინტერესებს პირადი თემები, მაგრამ აქაც ძალიან ღრმად ვერ შევიჭრები. ეს ჩემი ძირითადი თემა არ არის. ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი რესპონდენტი ''გამოაღვიძეს'' . ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არის ერთი ასეთი მაინც.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები