"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"

"სააკაშვილს დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება"

რუბრიკა "ფსიქოს" რესპონდენტი მომღერალი და "მის საქართველო 2004-ის" ხალხის სიმპათია ნათია დუმბაძეა. ნათიამ გათხოვების შემდეგ მოდელობას თავი დაანება და როგორც თვითონ ამბობს, ბოლო დროს ვერც სიმღერას ახერხებს:

-  მოგეხსენებათ, რომ საქართველოში კონცერტები საერთოდ აღარ იმართება, ამიტომ დიდი ხანია არსად მიმღერია. ვმუშაობ "კავკასიის უნივერსიტეტში", როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეთი სამსახური მაქვს, ვარ სტუდენტური ღონისძიებების მენეჯერი და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მანამდე ვმუშაობდი ერთ-ერთ საკალათბურთო კლუბში, პიარ-მენეჯერი ვიყავი. ვაწყობდი სხვადასხვა სახის აქციებს და სპორტსმენებს ქველმოქმედებას ვასწავლიდი. კონტრაქტი დამიმთავრდა და სამსახური შევიცვალე.

-  როგორ ასწავლიდი სპორტსმენებს ქველმოქმედებას?

-  ქართველი სპორტსმენები თავადაც ეწევიან ქველმოქმედებას, მაგრამ მე ორგანიზებას ვუწევდი ამ ყველაფერს. სხვა მოვალეობებიც მქონდა, ძირითადად კი ქველმოქმედებას ვეწეოდით, რადგან საქართველოში ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება.

-  ვინ გეხმარება ბავშვის აღზრდაში?

-  დედა, დედამთილი და ჩემი მეუღლე მეხმარებიან, რადგან ძალიან დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემსა და ბაჩოს ურთიერთობაში თავიდან ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მაგრამ მერე რთული პერიოდი დადგა: ბაჩოს ისეთი სამსახური ჰქონდა, რომ იშვიათად ვხედავდი და ამის გამო ძალიან ვბრაზობდი, ამას დაერთო ჩემი ორსულობაც, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდა და ბედნიერად ვგრძნობთ თავს. ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები არ გვქონია.

-  რამდენიმე თვის წინ ჭორი გავრცელდა, თითქოს "მესამის" არსებობის გამო მეუღლეს დაშორდი, ამასთან დაკავშირებით კი ირინა ონაშვილთანაც მოგივიდა კონფლიქტი...

-  მსგავსი არაფერი მომხდარა, არანაირი საფუძველი არ ჰქონია ამ ხმებს. მე და ირინას არასდროს გვიჩხუბია, ათი წელია ვმეგობრობთ. "მის საქართველოში" ერთად ვმონაწილეობდით და მას შემდეგ დავმეგობრდით. ისე, მილიონი ჭორი არსებობს, შეიძლება ახლაც ჭორაობდეს ვინმე.

-  ერთ-ერთ სოციალურ ქსელში შენი და მიხეილ სააკაშვილის ფოტოები ვნახე, როგორ მოხვდი ყოფილ პრეზიდენტთან?

-  ეს იყო მისი შეხვედრა "კავკასიის უნივერსიტეტის" სტუდენტებთან, ყოველთვის მინდოდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გამეცნო და ცოტა ხნის წინ მომეცა ამის საშუალება. აღმოჩნდა, რომ შორიდან იცნობდა ჩემს მეუღლეს, ბაჩო ბატატუნაშვილს.

-  როგორი შთაბეჭდილება დატოვა სააკაშვილმა შენზე?

-  ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს. როცა შეხვედრის ოფიციალური ნაწილი დასრულდა, ალა-ფურშეტზე მიგვიწვია, სასიამოვნო იყო მასთან საუბარი. ჩვენი უნივერსიტეტის ხელმძღვანელს ეხუმრა და დავიხოცეთ სიცილით.

-  რაზე გაეხუმრა?

-  არ მახსოვს.

-  ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმოგედგინა?

-  ადრეც კარგი წარმოდგენა მქონდა მასზე. მიშა სააკაშვილმა ბევრი ლამაზი შენობა ააგო, ყველას სიამოვნებს ლამაზ ბათუმში დასვენება. ბევრი ისეთი რამ გააკეთა რაც სხვამ ვერ შეძლო. ბევრი რამის გაკეთება ვერ მოასწრო, მინდა, რაც სააკაშვილმა გააკეთა, ის საქმე გააგრძელოს ახალმა ხელისუფლებამ და იმ გზას დაადგეს, რაც მიშამ გააკეთა ჩვენთვის.

-  რას უსურვებ სააკაშვილს?

-  არ ვიცი. დაბრუნებას ვერ ვუსურვებ, რადგან მარგველაშვილი გამინაწყენდება. თუ ახალი პრეზიდენტი ააშენებს ქვეყანას და ჩვენ ბედნიერები ვიქნებით, სააკაშვილს დაბრუნებას არ ვუსურვებდი, მაგრამ თუ არ გაგრძელდა აღმშენებლობა, მაშინ ვისურვებ, მიშა სააკაშვილი დაბრუნდეს.

-  მახსოვს, ადრე ვანო მერაბიშვილის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნე და ახალი შს მინისტრი გააკრიტიკე...

-  პატრულზე პოსტი არასოდეს დამიწერია. არაფერი მახსენდება. ისე კი, ვანო მერაბიშვილმა პატრულის ჩამოყალიბებით დიდი საქმე გააკეთა და სამწუხაროა, რომ დღეს ეს ადამიანი ციხეში ზის.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება