მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)

მინარეთის აღდგენა - ხმაურიანი რელიგიური დავის დასასრული (?)

დღეს დილიდან, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენას აპროტესტებენ. სოფელ ჭელის მეჩეთთან, სადაც მინარეთი გუშინ, გვიან ღამით დააბრუნეს, ქრისტიანმა სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილზე სასულიერო პირებთან ერთად, ადგილობრივი ქრისტიანები და ადიგენის არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრებიც მივიდნენ. დღის მეორე ნახევარში, შეკრებილების ნაწილმა ტერიტორია დატოვა.

ყურადღების ცენტრში სოფელი ჭელა, თავდაპირველად, ზაფხულში მოექცა და იქიდან მოყოლებული პერიოდულად მწვავდებოდა ვითარება.

ჭელაში, სადაც აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმები და რაჭიდან ჩამოსახლებული მართლმადიდებლები წლებია უკონფლიქტოდ ცხოვრობენ, სოფელში არსებულ მეჩეთს 24 მეტრიანი მინარეთი ივლისში მიუშენეს. ამ ფაქტმა, მაშინვე გამოიწვია ადგილობრივი ქრისტიანების უკმაყოფილება. ადგილობრივი მუსლიმები ამბობდნენ, რომ მინარეთის მოშლის მოთხოვნით მართლმადიდებელი თანასოფლელები ხელმოწერებს აგროვებენ და თუ ქრისტიანები წინააღმდეგები იქნებოდნენ, კომფლიქტისთვის თავის არიდების მიზნით, მინარეთს ისევ აიღებდნენ. ხელმოწერების შეგროვებას მართლმადიდებლები უარყოფდნენ. მოკლედ, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტს ორივე მხარე უარყოფდა.

მინარეთის აშენებიდან ერთ თვეში, 26 აგვისტოს მისი დემონტაჟი განხორციელდა. ადიგენის საკრებულომ დემონტაჟის გადაწყვეტილება მინარეთის აშენების ნებართვის არქონით ახსნა და ადგილობრივი მუსლიმები 200 ლარითაც დააჯარიმა. ამის შემდეგ, მუსლიმთა აქციები და ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციები დაიწყო. ისინი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც კი შეხვდნენ და დახმარების დაპირება მიიღეს. ხოლო მოგვიანებით, მუსლიმებმა მინარეთის დაბრუნებისთვის დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყეს. ისინი დაკუმენტაციის მოსაწესრიგებლად რიგ პროცედურებს იუსტიციის სახლსა და სხვა დაწესებულებებში თითქმის ყოველ დღე გადიოდნენ. მიუხედავად წარსადგენი დოკუმენტაციის ვრცელი ჩამონათვალისა, მუსლიმები დარწმუნებული იყვნენ, რომ მთავრობა მინარეთის დაბრუნებაში ხელს აუცილებლად შეუწყობდა, რადგან მათ ამის შესახებ დაპირება ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას მიიღეს.

საბოლოოდ, მუსლიმთა მოლოდინი გამართლდა და ჭელაში მინარეთი გუშინ გვიან ღამით, რამდენიმე სასულიერო პირის პროტესტის მიუხედავად, მაინც აღადგინეს. ამისთვის, ქართველ მუსლიმთა კავშირმა ივანიშვილს მადლობაც გადაუხადა. ახლაც, როგორც მინარეთის პირველად გამოჩენისას, მისი საწინაარმდეგო აქციები დაიწყო. ამიტომ, როგორ დასრულდება მოვლენები, მომავალი გვიჩვენებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია