მერაბ მეტრეველის პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

მერაბ მეტრეველის პოსტს სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა

ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის პოსტს, რომელშიც მან სოხუმელი ქართველების მხრიდან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პოსტს ჟურნალისტის პირად "ფეისბუქ-გვერდზე" კომენტარი გაუკეთა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა:

ლაშა ბერულავა (ჟურნალისტი): მერაბ, რა გემართება ხოლმე ზოგჯერ? გაოცებული ვარ:(.

მაგ ომამდე იყო 1989 წლის 15 ივლისი და ვოვა ვეკუას მკვლელობა, მაგ ომამდე იყო ლიხნის თავყრილობა და დოკუმენტი, მაგ ომამდე ბევრად ადრე იქაური აფხაზი ეროვნების მოქალაქეების ნაწილი ფულს დებდა და იარაღს ყიდულობდა, მერაბ, იმათ წინააღმდეგ, ვინც მერე, შენი თქმით, იარაღი აისხა. ვის-ვის და შენ არ უნდა გეშლებოდეს ამდენი...

ისე, დავუშვათ, შენი ბოლო პოსტულატი სწორია. იმ აფხაზებმა ისინიც ხომ კარგად იციან, ვინც არ აიღო იარაღი და გაერიდა მაგ ომს? ყველას ვინაობა იციან - ვინ იყო, სად იყო, რას აკეთებდა. მათი დაბრუნების წინააღმდეგიც რომ არიან, ამას რით ახსნი? მათგან რისი დავიწყება უჭირთ?

ნიკა გვარამია ("რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი): რაო? შენ მავნებლობ ახლა თუ უახლესი ისტორიის (და არამხოლოდ) სრული არცოდნის დემონსტრირება გადაწყვიტე?

კობა ბენდელიანი (ჟურნალისტი): მერაბ, გონზე არა ხარ და აბა რა გითხრაააა. არ გამკვირებია, აფხაზეთის ურთულეს საკითხში კი არა ძალიან ბევრ საკითხში ზედაპირულობა გახასიათებს. ეს მარტო შენი პრობლემა კი არა ქართული ჟურნალისტიკის პრობლემაა. მესმის იმ გოგონას ისტორია, მაგრამ გარწმუნებ ომამდე, ანუ 1992 წლის 14 აგვისტომდე ასეთი ისტორია იმდენ ქართველს აქვს, რომ იცოდე ან გაგიკვირდება, ან არ დაიჯერებ. მაგრამ ახლა შენ ეს ნამდვილად არ დაგაინტერესებს. და კიდევ, შენ რომ ოდესაში ახლახან ბათუმელ და სოხუმში გადაბარგებულ რ. ა-ს შეხვდი, ის ისეთი ქართველის ბინაში ცხოვრობს, რომელსაც არც ომში მიუღია მონაწილეობა და საერთოდ, ქათამიც არ ექნება დაკლული, მაგრამ ა-ს მასთან იმის გამო არ მოუნდება საუბარი, რომ მაშინ ის იმ ბინიდან უნდა გამოვიდეს, რომელიც მას სოხუმის ხელისუფლებამ ქართველების წინააღმდეგ ომში გამოჩენილი ვაჟკაცობისთვის გადასცა. ვიმეორებ, გონზე არა ხარ და ვერაფრით გიშველი. ვერც ვერაფერს გაგაგონებ და წაგაკითხებ. სერიოზულად გეუბნები, მართლა არც მწყინს და არც გამკვირვებია, ვინაიდან კარგად მახსოვს - კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების...

იქნებ რუსებს აქვთ მოსახდელი ბოდიში ქართველებისათვის. ქართველებს რუსებმა აფხაზები და ოსები მხოლოდ იმის გამო მიუსივეს, რომ ქარველებმა დამოუკიდებლობა მოისურვეს. ამ განზრახივისთვისაც ხომ არ მოგვეხადა ბოდიში? თუ გნებავთ, მოიხადეთ, ეგ თქვენი გადასაწყვეტიაააააა.

კოკა კვირკვალია (რადიოწამყვანი): თუ იცოდი რო ჩაგქოლავდნენ რას წერდი, გირჩიე მე შენ რეზო გაჩეჩილაძე.

კობა ბენდელიანი კოკა კვირკველიას: რას ქვია ჩაქოლავენ. არავინ არ ქოლავს. მისთვის დიდი პატივია ჩაქოლვლის ობიექტად გახდომა. რა ქნას, გრანტი მოდის ბოდიშისტებისთვის და იმ სასტავში უნდა მოხვედრა. ადრე ამ თემას ლობირებდა უჩა ნანუაშვილი, ახლა ეტყობა სხვა მოძებნა ამის საყვირლად, ხოდა მერაბჩიკმაც დააღო პირი...

რატომ გგონია, რომ შენი მოწოდება რამეს შეიძლება ნიშნავდეს, გაუგებარია ნამდვილად. თუ ე.წ. "ცნობადი სახეობა" გალაპარაკებს, ცნობადობა კვალიფიციურობას სულაც არ ნიშნავს. რაც შეეხება მეორე მხრიდან შეხედვას, დარწმუნებული ვარ ამითაა დაკავებული ძალიან ბევრი, ვისაც ქვეყნის ბედი აწუხებს. მოცემულ ეტაპზე თუ რა უნდა კეთდებოდეს, ამაზე პასუხი აფხაზეთის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის პირადი წარმომადგენლის, სურკოვის სოხუმში ვიზიტის შედეგების გაცნობა იქნებოდა საუკეთესო გზამკვლევი. თუ ინტერნეტში მოიძიებთ, თავად მიხვდებით, რომ იმ ვითარებას, რაც იქაა ჩამოყალიბებული ე.წ. ბოდიში არ შველის. ისე, მადლობაც უნდა გითხრა მერაბ, იმისთვის, ფბ-მა უფრო კარგად გამაგებინა ვინ ვინააააა. მ ა დ ლ ო ბ ა

თეა სიჭინავა (ტელეწამყვანი): ეს რამ დაგაწერინა? :((((((

მერაბ, შენ იცი როგორ პატივს გცემ და გაფასებ, მაგრამ მგონი რომ რამდენიმე ასპექტში ცდები. ჯერ ერთი, აფხაზეთში მცხოვრები ქართველების ნაწილს იარაღი ხელში არ აუღია, სწორედ იმ მოსაზრების გამო, რაც შენ დაწერე. იმიტომ რომ მეზობლები ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით, შერეული ოჯახებიც შევქმენით და მართლა გვიყვარდა ერთმანეთი, სწორედ იმ მიზეზით, თვალი როგორ გავუსწორო აფხაზსო, ბევრმა ქართველმა თავი შეიკავა ომში ჩარევისგან, მაგრამ ბოლომდე აფხაზეთში დარჩა, იარაღით თუ არა იქ ყოფნით ინარჩუნებდა მიწას. მეორე ნაწილმა კი აიღო ხელში იარაღი და ვერც იმათ გაამტყუნებ. არც მე ვიცი რას ვიზამ ოჯახის წევრს რომ მომიკლავენ და ვერც შენ დადებ თავს იმაზე, რომ გულხელდაკრეფილი დაჯდები. ისტორიები ბევრი მსმენია ისეთი, რომ შეიძლება ერთი კვირა თვალზე ცრემლი არ შეგაშრეს. ჩემი მეგობრის დედა ერთი წელი სარდაფში ცხოვრობდა, სწორედ იმიტომ რომ ქართველი იყო და აფხაზი მოსდევდა, მაგრამ დღეს მას არამგონია შურისძიება რომ სწყურდეს. რაც შეეხება ბოდიშს, ჩემზე გაუბედურებული ადამიანებიც არსებობენ ამ ომის შემდეგ და მათი სახელით ვერაფერს გეტყვი, მაგრამ პირადად მე, ადამიანს, რომელსაც ხელში იარაღი არ მჭერია, არც დამიშავებია აფხაზისთვის რაიმე (იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პატარა ვიყავი) არც გამიჭირდება ჩემი წილი ბოდიში მოვიხადო. მაგრამ არ ფიქრობ, რომ მეც დამიშავეს და ჩემნაირ ადამიანებთანაც საბოდიშოა? გსმენია ასეთი რამ მეორე მხრიდან? მე არ მსმენია და არც ვითხოვ მათგან ბოდიშს. მე ბოდიში არ მინდა, მე მინდა რომ ისევ ერთად ვიცხოვროთ.....".

ეკატერინე ლომიძე (ჟურნალისტი): მერაბ, ძალიან ემოციური, უკაცრავად და დაუფიქრებელი განაცხადია. ჩემი ბიძაშვილის მამამთილი 70 წლის კაცი, ბიჭვინთაში, სკამზე დააბეს და ისე დაწვეს იმ აფხაზებმა, რომელთა გამოც თავის სისხლსა და ხორც გადაუდგა წინ, თხოვნით, არ მოკლათ ეს ბიჭები, ჩემს ხელში დაზრდილები არიანო. იმ დაზრდილებმა და ვერ აღზრდილებმა, როგორც კი ბიჭვინთა სათავისოდ იგულეს, პირველი გამზრდელ მოხუცს გამოუყვანეს წირვა. სანამ ცეცხლს მიუკიდებდნენ, საშინლად აწამეს. ეს გააკეთეს იმ აფხაზებმა, რომლებიც წლების განმავლობაში იარაღს ყიდულობდნენ და საბრძოლო არსენალს აგროვებდნენ იმიტომ, რომ უნდა ეომათ და სწორედ თავის გვერდით გაზრდილი ქართველებისთვის გამოეყვანათ წირვა. ჩვენი შეცდომა ის არის, რომ ომის პროვოცირების შესაძლებლობა მივეცით აფხაზს და რუსს და თუ ვინმეს უნდა მოუხადოს მეომარმა ქართველებმა ბოდიში, ისევ იმ თაობებს, რომელთაც ამ ომის გამო ძალიან ბევრი დააკლდათ, პირველ რიგში ნორმალური ოჯახური გარემო.

და კიდევ, რა შუაშია გორში რომ რუსებს ეცხოვრათ, ამ მაგალითის აფხაზეთთან შედარება? გორში მცხოვრები რუსი ყველა შემთხვევაში სხვისი მიწაზე მცხოვრები სხვა ეთნოსი იქნებოდა, აფხაზეთი კი, იქნებ გინდა თქვა, რომ ჩვენი მიწა არ არის და სამადლოდ ვიყავით იქ დასახლებული? ალოგიკური შედარებაა".

საკუთარი პოსტის კომენტატორებს მერაბ მეტრეველმა კვლავ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უპასუხა:

"კი ვიცოდი, რომ ჩემს პოსტს აფხაზეთზე დიდი აზრთა სხვადახვაობა მოყვებოდა, მაგრამ ასეთ აგრესიას ნამდვილად არ ველოდი. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ეს ხომ მხოლოდ აზრია და მეტი არაფერი. თან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგმა ვერც გაიგო რას ეხებოდა ეს პოსტი. დღეს ბევრი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დაწყება შეცდომა იყო. რა გამოდის, ისინიც ვინმეს ამით შეურაცხყოფას აყენებენ? მე არავისგან ბოდიშის მოხდა არ მომითხოვია, მხოლოდ საკუთარი შეცდომების გაანალიზება შემოგთავაზეც, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აფხაზებს არ აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ ყველაფერში, არ ნიშნავს, რომ ისინი ანგელოზები არიან და მხოლოდ ქართვლებმა დააშავეს. უბრალოდ, ჩვენ მარტო სხვის ნაკლზე კი არა ჩვენსაზეც უნდა ვისაუბროთ. მე ვფიქრობ, რომ ვიდრე ვერ შევძლებთ კონფლიქტს მეორე მხარის პოზიციიდანაც შევხედოთ, მანამდე მას ვერ მოვაგვარებთ. სულ ესაა. ჩვენი საზოგადოება ჯერ შერიგებისთვის და შეცდომების აღიარებისთვის კი არა, როგორც გამოჩნდა, განსხვავებული აზრის მოსმენისთვისაც არაა მზად", - წერს მერაბ მეტრეველი.

იხილეთ ასევე: მერაბ მეტრეველი: ვისაც ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს სწორედ სოხუმელი ქართველები არიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს