ნიკა არაბიძე "ტელევიზიის მფლობელი" გახდა

ნიკა არაბიძე "ტელევიზიის მფლობელი" გახდა

შესაძლოა, სათაურმა ცოტათი დაგაბნიოთ, მაგრამ ყველა კითხვაზე პასუხი რომ მიიღოთ, სტატია ბოლომდე უნდა წაიკითხოთ. რას გააკეთებდა ნიკა არაბიძე, ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს, რის გამო საყვედურობს მეუღლე, რას ფიქრობს სიყვარულზე, რა თვისება მოსწონს საკუთარ ხასიათში და რის გამოსწორებას ცდილობს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1973 წლის 10 თებერვალი. ჩემი დაბადების დღე მალე მოვა და შეგიძლიათ, მომილოცოთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მაშინაც კი ათას რამეზე ვფიქრობდი. მინდოდა გამოვსულიყავი პოლიციელი, მძღოლი და მზარეული (პაუზის შემდეგ). მზარეულობა რატომ მინდოდა, არ მეკითხები, ხომ? ჯანზე მეტყობა, არა (იცინის)?..

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი ბიჭიაო და როგორ შეიძლება, ამის მთქმელს არ დავეთანხმო? რამდენიმე დღის წინ ბიძაშვილმა დამირეკა და მთხოვა, - ჩემს ქმარს მუშაობა დააწყებინეო. გამიკვირდა, როგორ დავაწყებინო-მეთქი? თურმე მისი მეზობლები ლაპარაკობდნენ, ნიკა არაბიძეს თბილისში ბაზრობები ჰქონიაო. 2, 3, 4 ბაზრობის მეპატრონე ვყოფილვარ. ამაზე ბევრი ვიხალისეთ. ოჯახის წევრები ამბობენ, - ნიკა ცუდი ბიჭიაო. დრო არ მაქვს და იშვიათად მხედავენ. ჩვენში დარჩეს და ამის გამო, ზოგჯერ მეუღლეც მსაყვედურობს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...წარმატება პირველ რიგში, დაუღალავი შრომის შედეგია. მე და ჩემი მეგობრები ისეთ საქმეს ვემსახურებით, ბევრი თუ არ იშრომე, მომავალი არ გექნება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ვუყვარვარ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვი­წყებდე...

- ...პატარა კორექტივებს შევიტანდი, მაგრამ ცხოვრების წესს დიდად არ შევცვლიდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ოჯახი, კარგი მეგობრები და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც მიყვარს. მგონი, ცუდად არ გამომდის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...თავმდაბალი ვარ. არასდროს არავის ზემოდან ალმაცერად არ ვუყურებ. ვიცი, რომ ამ თვისების გამო ბევრი ადამიანი მაფასებს.

- როცა თავად ვგრძნობ, ვიღაც ზემოდან მიყურებს...

- ...ძალიან არ მსიამოვნებს. პოპულარული თუ ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ. არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ პოპულარობა ზოგს თავში უვარდება, რაც ნაკლია. შეიძლება, თავადაც არ უნდათ, მაგრამ ასე გამოსდით.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი ვარ, როგორც იმერლების უმრავლესობა და როგორც უნდა ვეცადო, წყენას ადვილად ვერ ვივიწყებ.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...საშუალება რომ მქონდეს, გამოვასწორებდი. მიუტევებელი არაფერი გამიკეთებია, მაგრამ თუ ვინმესთვის რაიმე მიწყენინებია, გთხოვთ, მაპატიოთ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ის ადამიანი მიყვარს.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ცოლი ისეთ ასაკში მოვიყვანე, რომ 40 წლის კაცს ძალიან პატარა შვილი მყავს. პირველ რიგში, მინდა, ჩემს შვილს ბედნიერი მომავალი ჰქონდეს.

- მეორე შვილი...

- ...ძალიან მინდა, მაგრამ არ მცა­ლია.

- ვიბნევი, როცა...

- ...ვიბნევი კი არა, ვწითლდები, როცა ჩემს სადღეგრძელოს სვამენ, როცა მაქებენ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- მოდი, სიტყვა "ვიყო" დავივიწყოთ. ამ წუთში ძალიან მინდა სუპხარჩო. შენ იცი, რატომ მინდა, მაგრამ მკითხველს ავუხსნი: მეგობრებთან ერთად გიორგობის დღესასწაული აღვნიშნე და... გამგები გაიგებს.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უღირს მძღოლებს. ამ დროს ისეთი ვხდები, ხალხი ფიქ­რობს, - ეს ნიკა არაბიძე არ იქნებაო. ჰო, ცუდ სიტყვებს ვამბობ. მძღოლებთან ბევრჯერ მიჩხუბია.

- მეზარება...

- ...ვერ ვიხსენებ, რა მეზარება... დავიჯერო, ასეთი დაუზარელი ვარ? დილით ადრე ადგომაც კი არ მეზარება: 8 საათზე ვიღვიძებ, თავს ვიწესრიგებ და სამსახურში მივდივარ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მსახიობი. პროფესიით ინჟინერ-პოლიგრაფისტი ვარ, არადა, თეატრალურში სწავლა და მსახიობობა მინდოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს სურვილი ნაწილობრივ ავისრულე, მაგრამ ჩემი ოცნება პროფესიულ სცენაზე თამაში იყო.

- სიყვარული ეს...

- ...ჩემი აზრით, გრძნობების სინთეზი და ურთიერთგაგების, პატივისცემის, ნდობის ერთობლიობაა.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...კარგი ადამიანი გახლავართ.

- პირველად შემიყვარდა...

- ...სკოლაში. ცოლის მოყვანა პირველ კლასში ყოფნისას გადავწყვიტე. ჩემმა ძმამაც ამიბა მხარი. ერთ დღეს, დედასთან მივირბინეთ და ჩვენი განზრახვა გავანდეთ. დედამ ამიხსნა, რომელი გვარის გოგოზე არ შეიძლებოდა ჩემი დაქორწინება. ჰოდა, მან სწორედ ის გვარები ჩამოთვალა, რომელთა გარდა, არავის ვიცნობდი და ავტირდი, - უცოლოდ დავრჩენილვარ-მეთქი.

- ვოცნებობ...

- ...რომ მექნება ისეთი შვებულება, როცა საოცნებო ქვეყნებში ვიმოგზაურებ. იტალია მაინტერესებს. რომში, ფლორენციასა და ვენეციაში ვიმოგზაურებდი. იაპონიის ნახვაც მინდა.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...იშვიათად მივდივარ.

- მეშინია...

- ...მინდა, ბევრი რამე მოვასწრო და ღმერთი ცოტა ხანს თუ დამაცდის, კარგი იქნება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მოუცლელობის გამო. ეს საყვედური ოჯახის წევრებისგან უფრო ხშირად მესმის.

- ვუფრთხილდები...

- ...ადამიანურ ურთიერთობებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთვის ძვირფასია.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...უუჰ!!! მომიყვანე ხასიათზე. ეს ცალკე სტატიის თემაა. ბევრი ფული რომ მქონდეს, ჩემთვისაც და სხვებისთვისაც ბევრ სიკეთეს გავაკეთებდი. ცუდი ადამიანი არ ვიქნები, თუ ზრუნვას საკუთარი თავიდან დავიწყებ. ვიცი, ბევრ ფულს ბევრი პრობლემა რომ მოაქვს, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ. ისე, უარეს პრობლემებსაც გავმკლავებივარ.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ფოტოს გადასაღებად ვერ გავშიშვლდები. კიდევ ბევრ რამეს არ გავაკეთებდი, მაგრამ პირველად ეს გამახსენდა.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენა. რამდენჯერმე მოვინდომე, მაგრამ ვეღარ გავყევი. ახლა 40 წლის ვარ და რაღა დროს უცხო ენის სწავლაა?!

- არ მჩვევია...

- ...დაგვიანება. პუნქტუალური ვარ. სამსახურშიც ერთ-ერთი პირველი მოვდივარ.

- ცრუმორწმუნე...

- ...არ ვარ. მაგალითად, წინ თუ კატა გადამირბენს, უსიამოვნო სულაც არ არის.

- მეშინია...

- ...როცა ციდან აგური მოფრინავს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...კონკრეტული ფრა­ზა არ მახსენდება, მაგრამ დღემდე დიდი სიამოვნებით ვისმენ დედის დარიგებებს. ეს ადამიანი ძალიან მიყვარს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრული მამაკაცი ვარ, დედას რჩევას ყოველთვის ვეკითხები და მის აზრსაც ვითვალისწინებ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...მე "გზის" ერთგული მკითხველი ვარ. ბოლო 5-6 წლის ყველა ნომერი მაქვს. შეგიძლია, თერჯოლაში მესტუმრო და თავად ნახო. მალე ახალი წელი დადგება. ამ დღესასწაულს წინასწარ გილოცავთ! მინდა, ყველა ქართველი დღეგრძელი, ლაღი და იმედიანი იყოს, ყველას ბევრი ფული და კარგი განწყობილება გვქონდეს. თქვენი კარგი განწყობი­ლების შექმნაზე კი ჩვენ ვიზრუნებთ. 12 დეკემბერს ფილმის - "ძიძა" - პრემიერა გვაქვს და გირჩევთ, ეს ფილმი ნახოთ.

- ამ ფილმში თავადაც მონაწილეობ. შენს როლზე რას გვეტყვი?

- მე ტელევიზიის მფლობელი ვარ. მთავარი პერსონაჟის, - მიშა ანდღულაძის გმირი ჩემთან მუშაობს. მე ვარ ადამიანი, რომელსაც ის ფართო ასპარეზზე გაჰყავს.

- ეს კომედია სხვა ფილმებისგან რით არის გამორჩეული?

- ამ ფილმს რატომ უნდა უყურონ? იმიტომ, რომ მე ვთამაშობ (იცინის).

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)