დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები

დაღუპული ფოტოგრაფი და მისი ტყუპისცალი ძმის მოგონებები

17 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრაგედია დატრიალდა - ცნობილი ფოტოგრაფი, 25 წლის ირაკლი ღუღუნიშვილი საკუთარი მოტოციკლეტით ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ამ საშინელმა ფაქტმა მთელი საქართველო შეძრა... 25 ნოემბერს ირაკლის დაღუპვიდან 40 დღე გავიდა...

ტყუპი ძმა - ირაკლი და ლაშა ღუღუნიშვილები თბილისში, 1988 წლის 23 მაისს დაიბადნენ. ამბობდნენ, რომ დედისერთები იყვნენ, რადგანაც ერთმანეთის გარდა, სხვა დედმამიშვილი არ ჰყოლიათ... "მხოლოდ მე და ირაკლი ვართ, სხვა დედმამიშვილი არ გვყავს", - დღესაც ასე ამბობს ლაშა, ირაკლის ტყუპისცალი, რომელთანაც ინტერვიუ ძმის ორმოცამდე ჩავწერე. მას ირაკლიზე წარსულ დროში ლაპარაკი არ გამოსდის და ძმას უმეტეს შემთხვევაში, როგორც ცოცხალს, ისე მოიხსენიებს.

- ტყუპი ყოველთვის მკვეთრად განიცდის და გრძნობს ტყუპისცალის მდგომარეობას. თითქმის ერთნაირი ემოცია, განცდები აქვთ ხოლმე.

- გარეგნულად ერთმანეთს ისე ძალიან ვგავართ, რომ თავადაც გვიჭირს პატარაობის ფოტოების გარჩევა. სხვათა შორის, არა მარტო გარეგნულად, არამედ გემოვნებით, აზროვნებითა და ქცევებითაც ვგავართ ერთმანეთს; განსხვავება კი ჩვენს ხასიათშია. როგორც ჩვენი მეგობრები ამბობენ, - ირაკლი უფრო მეტად მხიარულია... ჩვენი მსგავსება არაერთ კურიოზთან არის დაკავშირებული. ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რომელიც ჩვენ და ბე­ბიას გადაგვხდა: სხვადასხვანაირი მაისუ­რი გვეცვა და ბებიამ გადაწყვიტა, მოვეტყუებინეთ. გვითხრა, - ოთახში გადით, გამოიცვალეთ, მერე შემოდით და გაგარჩევთ, რომელი რომელი ხართო. არ დავიბენით, გვერდითა ოთახში გავედით და უკან იმავე მაისურებით დავბრუნდით. ბებიამ, რა თქმა უნდა, ერთმანეთისგან ისევ ვერ გაგვარჩია...

- როგორი მოსწავლეები იყავით?

- დავამთავრეთ თბილისის 22-ე სკოლა, დიდუბეში, სადაც მე-5 კლასიდან ვსწავლობდით. ვცდილობდით, კარგად გვესწავლა. მასწავლებლებთან და ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის გვეხერხებოდა, კომუნიკაბელურები ვართ. თან, იმის გამო, რომ ტყუპი გახლავართ, მუდმივად ყურადღების ცენტრში ვიყავით, რაც ბევრ რამეში გვეხმარებოდა.

- დედმამიშვილები პატარაობაში კამათობენ, ჩხუბობენ... თქვენ როგორი ძმობა გქონდათ?

- გამონაკლისი არც ჩვენ ვართ: ამა თუ იმ თემაზე არაერთხელ გვიკამათია, უთანხმოებაც მოგვსვლია, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული ჩხუბი არასდროს მომხდარა; კამათის შემდეგ მალევე ვწყნარდებოდით და ვრიგდებოდით. სულ ასე იყო... 25 წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანი გაიცნო, მით უმეტეს, როცა ყოველდღე, ყოველ წუთას ერთად ხართ და ყველაფერი საერთო გაქვთ. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის და ვიდრე რომელიმე ჩვენგანი რაიმეს იტყვის, მეორე ხვდება, მის ტყუპისცალს რისი თქმა სურს...

- არაფერზე კამათობდით?

- ასაკთან ერთად, ჭკუაც რომ მოგვემატა, უფრო მშვიდები გავხდით. ჩვენ შორის ყველანაირი კამათი თუ გაურკვევლობა ლაპარაკითა და საქმის საფუძვლიანი განხილვით სრულდება.

- რომელია თქვენ შორის უფროსი?

- ირაკლი 15 წუთით ადრე მოევლინა ქვეყნიერებას. ის ბევრ სხვა საკითხშიც ჩემი "უფროსია"...

- ერთმანეთის პირად ცხოვრებაში თუ ერეოდით?

- ვცდილობთ, ერთმანეთის "პირადში" არ ჩავერიოთ, თუმცა ერთად გაზრდილები ვართ და ერთმანეთისთვის საუკეთესო გვინდა... იყო ეჭვიანობაც და განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ ერთმანეთის აზრს ყოველთვის ვაფასებთ...

- ირაკლი მისმა გატაცებამ - ბაიკერობამ შეიწირა. სისწრაფე უყვარდა?

- ბაიკერობა ძალიან სახიფათო გატაცებაა. მოტოციკლი 3 თვის ნაყიდი გვქონდა. ეს ტრანსპორტი დიდი განხილვისა და დიდი ლოდინის შემდეგ შევიძინეთ. ნებისმიერ ბიჭს უოცნებია ბაიკით სიარულზე და ვეცადეთ, მისი შეძენით ჩვენი ოცნება აგვეხდინა... ირაკლი უკეთ ატარებდა, მე მცირე "დავარდნები" და სისწრაფის შიშიც მქონდა.

- მესმის, ძნელია იმასთან შეგუება, რომ ძმა გვერდით აღარ გყავთ, მაგრამ ვინაიდან ეს სამწუხარო რეალობაა, ამიტომ მისი წარსულში მოხსენიება მიწევს... ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, ირაკლის რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონდა ან იქნებ თქვენ გრძნობდით რაიმე ცუდს?

- ბოლო თვეები სულ სევდიანი და მოწყენილი იყო. მაშინ მისი დასევდიანების მიზეზს ვერ ვპოულობდით, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, რომ მოახლოებულ ტრაგედიას რაღაცნაირად გრძნობდა. ბევრ რამეს გულს ვეღარ უდებდა. 17 ოქტომბერსაც ასე იყო. დილით თქვა, - დღეს მოტოზე არ დავჯდები. ისეთ ხასიათზე ვარ, თავს რამეს ვავნებო. შემდეგ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე სიბნელეში გადაღებული ფოტო დადო, რომელზეც ძალიან მოწყენილია. ასეთი ირაკლი არასდროს მინახავს. შემდეგ სოციალურ ქსელში, ფოტოსთან ერთად, სტატუსიც დადო, რომლითაც შეიძლება ითქვას, დაგვემშვიდობა: "ცხოვრებაში არ ინერვიულო ორ რამეზე: ერთი - რომელსაც ეშველება და მეორე - რომელსაც არაფერი ეშველება!"

- როგორ შეიტყვეთ ამ საზარელი ამბის შესახებ?

- მთელი საღამო ერთად ვიყავით, მერე რაღაც საქმეზე მომიწია გასვლამ და მოტოს გარაჟში დასაყენებლადაც წავედი. გზაში ვიყავი, როცა ირაკლიმ დამირეკა: - მოტო არ დააყენო, გასასეირნებლად გავალო... ცოტა ხანში ჩვენმა საერთო მეგობარმა დამირეკა, რომელიც იმ საშინელებას შეესწრო: ირაკლი მოტოთი წაიქცა, "სასწრაფოს" ველოდებით და მალე მოდიო. იქ მისულს უამრავი ხალხი დამხვდა შეკრებილი, ირაკლი უკვე "სასწრაფოში" აჰყავდათ და მეც ავყევი. ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდით. გონზე არ იყო. ექიმებს ვთხოვდი, ჩემი ძმა გადაერჩინათ. იმაზე არ მიფიქრია, რომ რაიმე უბედურება მოხდებოდა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ მის გარეშე?

- მის გარეშე კი არა, ირაკლისთან ერთად ვცხოვრობ! ყველა ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრი, მოკლედ, ყველანი გაერთიანებულები ვართ და ერთად ცხოვრებას ვცდილობთ... ყველას უყვარს და უყვარდა, მისგან ნაწყენი და გულნატკენი ადამიანის ნახვა შეუძლებელია. საოცრად მიმტევებელი იყო და წყენას გულში არასდროს იდებდა... მეგობრები ძალიან მეხმარებიან. თითქმის სულ ერთად ვართ და საშუალებას არ მაძლევენ, მარტო დავრჩე. ყველაფერში მხარში მიდგანან...

- ერთად მუშაობდით და გქონდათ სტუდია. ახლა როგორ არის საქმე, მარტოს გიწევთ იქ საქმიანობა?

- სტუდიაში გვყავს კიდევ 2 ფოტოგრაფი და ყველა ერთად ვცდილობთ, გავაგრძელოთ საქმე, რომელიც ირაკლის უყვარდა. ყოველთვის ერთად ვმუშაობდით და ჩვენი სტუდიის სახელიც - "ლიგ სტუდიო" ასე იშიფრება: ლაშა-ირაკლი-ღუღუნიშვილი...

- პროფესიით ვინ იყო ირაკლი ან თქვენ რა პროფესია გაქვთ?

- პროფესიით ეკონომისტები ვართ. დავამთავრეთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი და ამ განხრით ვმუშაობდით კიდეც. ირაკლი ამ სტუდიის გარდა, სხვა კომპანიაშიც საქმიანობდა, სადაც ფინანსურ საკითხებს განაგებდა...

- რაზე ოცნებობდა და რისი გაკეთება უნდოდა ყველაზე მეტად?

- ბევრი რამის გაკეთება უნდოდა, ჩვენი ყოველი დღე ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გახლდათ. სულ იმაზე ვფიქრობდით, ნებისმიერი სიტუაცია გაგვემხიარულებინა და მოწყენილობა, სევდა არსად ყოფილიყო. ვმოგზაურობდით, ექსტრემალური სპორტით ვიყავით დაკავებულები, ვერთობოდით...

- რა იყო ირაკლისთვის მთავარი?

- მისთვის მთავარი იყო ადამიანობა და ოჯახი. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის გარშემო მყოფები კარგად ყოფილიყვნენ. უხაროდა, როცა მისი მეგობარი, ნაცნობი თუ ოჯახის წევრი ბედნიერი იყო და არავისთვის არასდროს არც ერთ წუთს არ იშურებდა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება