როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?

როგორ იმოქმედებს ლარის ნახტომისებური ვარდნა მოსახლეობაზე?

ეროვნული ვალუტა ყოველდღიურ რეჟიმში უფასურდება. 4 დეკემბრის ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობისას ერთი ამერიკული დოლარი 1,7050 ლარზე დაბალანსდა. მიუხედავად ამისა, კურსის ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მთავრობაში, ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური ეროვნული ვალუტის გაუფასურებას "სეზონურობას" უკავშირებს, მოსახლეობა კი, ვისაც გარკვეული ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს აღებული, ლარის გაუფასურებას უარყოფითად ხვდება და შიშობს, რომ თუ ვარდნა მომავალშიც გაგრძელდა, ეს მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში ბოლო დროს პერმანენტულად უფასურდება. ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად 1,7050-იან ზღვარს მიაღწია, რაც ბოლო 3,5 წლის ყველაზე დაბალი ნიშნულია. ლარის კურსის ვარდნამ ბაზრის გარკვეულ სეგმენტში ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. საფასო ცვლილება მეტ-ნაკლებად უკვე დაეტყო ფარმაცევტულ ბაზარს. ამასთან, კურსის ცვლილება აისახა და თანაც სერიოზულად, იმათზე, ვისაც გარკვეული საფინანსო ვალდებულებები - კრედიტი დოლარში აქვს აღებული, ასევე იმათზეც, ვისაც ბინა თუ კომერციული ფართი დოლარში აქვს ნაქირავები.

გაძვირებული ლარი და უკმაყოფილო მოსახლეობა

ეროვნული ვალუტის ვარდნას მოსახლეობაში უკვე მოჰყვა უარყოფითი დამოკიდებულება. ხალხი შიშობს, რომ ლარის დაცემა ისევ გაგრძელდება, რაც მათ ფინანსურ და სოციალურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.

თბილისელი ნათია სამუშია, რომელსაც კომერციული ფართი დოლარში აქვს დაქირავებული, ამბობს, რომ წინა თვესთან შედარებით მისი ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ფართი 500 დოლარად მაქვს ნაქირავები, ანუ წინა თვეში იმისათვის, რომ ეს 500 დოლარი მეყიდა, 825 ლარი გადავიხადე, ახლა კი 850 ლარი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ 25 ლარი არაფერია, მაგრამ ჩემთვის რომელიც ყოველდღიურად იმაზე ვფიქრობ, თვის ბოლოს ქირა როგორ გადავიხადო, საკმაოდ დიდია. იმედია, კურსის დაცემა შეჩერდება, სხვა შემთხვევაში, ალბათ, მეც მომიწევს საკუთარი ბიზნესის გაჩერება", - გვითხრა ნათია სამუშიამ.

კომერციული ფართიც და ბინაც დოლარში აქვს დაქირავებული თამარ თვაურს. ამბობს, რომ კურსის ცვლილება მის შემოსავალზე უკვე სერიოზულად აისახა.

"მართალია, ვაჭრობა არ შემცირებულა და ფასებიც ჯერჯერობით არაფერზე გაზრდილა, მაგრამ კურსის ცვლილება ჩემს შემოსავალზე უკვე სერიოზულად აისახა. კომერციული ფართი 700 დოლარად მაქვს ნაქირავები, ბინა 300 დოლარად, ანუ თვეში 1000 დოლარი იმაში მჭირდება, რომ ნაკისრი ვალდებულებები გავისტუმრო. დოლარს, რა თქმა უნდა, ლარით ვყიდულობ, ერთი თვის წინ 1000 დოლარში 1650 ლარი გადავიხადე, დღეს კი 1700 ლარი, ანუ ჩემი შემოსავალი უკვე 50 ლარით შემცირდა. თუ კურსის ვარდნა გაგრძელდა, ცხადია, რომ ეს გასავალს კიდევ უფრო გაზრდის, რაც საბოლოოდ ფინანსურად სერიოზულად დამაზარალებს. ჩემს სიტუაციაში კი ძალიან ბევრი ადამიანია, მათ შორის ისინიც, ვისაც კრედიტები დოლარში აქვთ აღებული", - ამბობს თამარ თვაური.

თბილისელ ეკატერინე გულაშვილს არც ბინა და არც კომერციული ფართი არ აქვს დოლარში ნაქირავები, არც სესხი აქვს დოლარში აღებული, მაგრამ ამბობს, რომ ლარის ცვლილება მის ფინანსურ მდგომარეობაზე სერიოზულად აისახება.

"დოლარში არანაირი ვლადებულება არ მაქვს, მაგრამ კურსის ცვლილება ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე ნამდვილად ცუდად აისახება. რატომ? ჯერ ერთი, რომ ინფლაციური მოლოდინი არსებობს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გაძვირდება. მეორე, ანაბარი მქავს ლარში გახსნილი და თუ კურსი დაეცა, ჩემი დანაზოგი, რა თქმა უნდა, გაუფასურდება. იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი და მთლიანად მთავრობის ეკონომიკური გუნდი შეეცდება, რომ კურსი კიდევ არ დაეცეს, რადგან ეს მოსახლეობაზე ცუდად აისახება, საბოლოო ჯამში კი, ხელისუფლების რეიტინგს შეამცირებს", - აბმობს ეკატერინე გულაშვილი.

ლარის ვარდნა და მიზეზები

ეროვნული ვალუტის დაცემაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ მთავრობაში. ქვეყნის მთავარი ფინანსისტი, ნოდარ ხადური კურსის დაცემას სეზონურ ფაქტორს უკავშირებს. სეზონურ ფაქტორზე საუბრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე.

"ლარის კურსთან დაკავშირებით განსაკუთრებული არაფერი ხდება. ეს არის ჩვეულებრივი მოკლევადიანი რყევები, რომელიც ლარის კურსს ყოველთვის ახასიათებდა. ლარის მერყეობა ყოველთვის იქნება ორივე – როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით. ამ ეტაპზე ეს დაკაშვირებულია წმინდა წყლის სეზონურ ფაქტორებთან. რაც შეეხება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას, მისი გარანტი ეროვნული ბანკია, ჩვენ ამისთვის გაგვაჩნია ფინანსური, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსი და არაერთხელ დაგვიმტკიცებია ეს წარსულში. ზუსტად ამიტომ არის საბანკო სექტორის მიმართ ასეთი მაღალი ნდობა", - განაცხადა რამდენიმე დღის წინ გიორგი ქადაგიძემ.

"ბოლო ორი-სამი წელია ქვეყანაში ინფლაცია არ დაფიქსირებულა. დოლარის მიმართ ლარის კურსის ვარდნა არის სეზონური და ამაში საგანგაშო არაფერია. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს შესაბამისი რესურსი, რომ ეროვნული ვალუტის კურსი მხტომარე არ იყოს. ფასების მკვეთრი ზრდა გამორიცხულია და საახალწლოდ არც საკვებ პროდუქტზე და არც სხვა პროდუქტზე ფასების ზრდას არ ველოდებით", - ეს განმარტება კი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ირაკლი ლექვანაძის აზრით კი, ლარის კურსის გაუფასურება საგანგაშო არ არის, მაგრამ ეს ტენდენცია ბიზნესსა და მოსახლეობაში არასასურველ მოლოდინებს იწვევს.

"ლარის კურსის გაუფასურების პროცენტმა ნოემბერში შეადგინა 1.3 და რაც ყველაზე არასასურველია, ტენდენცია გრძელდება. მე ვერ დავეთანხმები ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს, რომ კურსის გაუფასურება სეზონურია. შეგვიძლია ვნახოთ შარშანდელი და შარშანწინდელი კურსის მერყეობა დოლართან მიმართებაში და დავრწმუნდებით, რომ ამ პერიოდში ის ყოველთვის სტაბილურია. უფრო მეტიც დეკემბერში ლარზე მოთხოვნა მზარდია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად და კურსიც გამყარებისკენ მიდის გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე.

ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ უნდა გვითხრან რეალური მიზეზი კურსის უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გაუფასურების პროცესისა – ეს უკავშირდება ინვესტიციების სიმწირეს თუ ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას. ვეთანხმები მოსაზრებას და მეც ვფიქრობ, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და ეს პროცესი კონტროლირებადია, მაგრამ საჭიროა, უფრო ცხადი განცხადებები", - განუცხადა ლექვინაძემ "ფრონტნიუსს".

ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ლია ელიავა კი ლარის კურსის ვარდნას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. ექსპერტის თქმით, ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ეკონომიკა სტაგნაციაშია.

"დღეს ლარის დევალვაცია ეროვნული ბანკის ძალისხმევით არ ხდება, კურსის ვარდნას უფრო სერიოზული და რთული მიზეზები აქვს. პირადად მე, როგორც მოქალაქეს, ლარის შესუსტება არ მომწონს, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩემს კეთილდღეობაზე, მაგრამ როგორც ეკონომისტი, კურსის ვარდნას მივესალმები, რადგან ეს იქნება სერიოზული ბიძგი ადგილობრივი ბიზნესის გააქტიურებისათვის და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდისთვის.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკიდან ხდება სავალუტო სახსრების გასვლა, ანუ უცხოური ვალუტა გარბის ქვეყნიდან, ხდება ლარის ინტენსიური კონვერტირება უცხოურ ვალუტაში, ლარის მასა იზრდება, ეს სეზონურობასთან დაკავშირებული არ არის. რატომ გადის უცხოური ვალუტა? იმიტომ, რომ მას აქ გამოყენების არეალი თვიდან თვემდე უვიწროვდება, რადგან ქვეყნის ეკონომიკა პრაქტიკულად სტაგნაციაშია ჩავარდნილი", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.

ექსპერტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის ვარდნა გაგრძელდა, ის მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება.

"საქართველოს ეკონომიკის 80% იმპორტზეა დამოკიდებული, პროდუქციის თუ ნედლეულის შეძენა ხდება დოლარში და საბაზრო ფასი კონვერტაციის შედეგად განისაზღვრება. იმპორტიორი, როდესაც ხედავს, რომ კურსი მერყეობს, პროდუქციის ფასს არა კურსის გაუფასურების პროპორციულად, არამედ უფრო მეტად ზრდის. ეს არის ინფლაციური მოლოდინი. ყველაფერი ეს კი საბოლოო ჯამში ზრდის ხარჯებს და აღარიბებს მოსახლეობას.

კიდევ ერთი მომენტი, რაც კურსის და ინფლაციის ცვლილების შემთხვევაში მოსახლეობაზე ცუდად აისახება, ისაა, რომ ჩვენთვან არ ხდება ინდექსაცია. ყველა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყანაში, თუ ინფლაცია იზრდება, ხდება ინდექსაცია და იზრდება როგორც ხელფასები, ასევე პენსიებიც, დეფლაციის პირობებში - პირიქით. ჩვენთან კი ასეთი რამ არ არსებობს და მოსახლეობა საკუთარ ეკონომიკურ პრობლემებთან ერთი-ერთზეა მიტოვებული. ახლაც, როდესაც ლარი ეცემა, ეს მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ფინანსური ვალდებულებები აღებული აქვს უცხოურ ვალუტაში. მაგრამ, ჩემი რჩევა იქნება, რომ იმას, ვისაც უცხოურ ვალუტაში შემოსავალი არ გააჩნია, ფინანსური ვალდებულება ეროვნული ვალუტის გარდა არ აიღოს", - დასძინა ლია ელიავამ.

ელზა წიკლაური

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია