"ვარსკვლავად" ქცეული ნუცა ბუზალაძის აღიარება

"ვარსკვლავად" ქცეული ნუცა ბუზალაძის აღიარება

GDS TV-ში პოპულარული შოუ "ერთი ერთში", კვირიდან კვირამდე უფრო და უფრო აქტუალური ხდება. პროექტის ყველაზე პატარა მონაწილე ნუცა ბუზალაძეა, რომელიც მხოლოდ 16 წლისაა, მაგრამ წლებია, "ვარსკვლავების" გვერდით მღერის. ნუცა ასაკით უფროს კონკურენტებს არ უშინდება და ყოველ ოთხშაბათს საინტერესო, ენერგიულ ნომრებს გვთავაზობს.

- ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა წლინახევრის ვიყავი. ვიდრე დავიძინებდი, დედა ყოველთვის მიმღეროდა. სიარული და ლაპარაკიც თითქმის არ ვიცოდი, როცა მაგიდაზე ავედი და ამ "იავნანას" მელოდიები ვიმღერე. შესაბამისად, მე არ აღმომიჩენია, მაგრამ დედა მიხვდა, რომ მუსიკისადმი მიდრეკილება მქონდა და მომღერლობა ჩემი მომავალი პროფესია იქნებოდა (იღიმის). პირველ კლასში ვიყავი, როცა ანსამბლ "მართვეში" დავიწყე სიმღერის სწავლა. შემდეგ დედამ გურამ ჯაიანი გაიცნო, მან კი ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "მზიურში" მიმიღო. გოგონების ანსამბლის მე-7 თაობის წარმომადგენელი ვიყავი დაახლოებით, 5-6 წლის განმავლობაში. "მზიურმა" მართლა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან 8 წლის ასაკიდან ცოცხ­ლად ვმღეროდი და პარალელურად, ელექტრონულ გიტარაზე ვუკრავდი.

- პროექტში - "ნიჭიერი" როგორ მოხვდი?

- "მზიურიდან" წამოსვლის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში ასე ვთქვათ, ახალი ეტაპი დაიწყო. პროექტში "ნიჭიერი", როგორც სოლო მომღერალი, კასტინგის გავლის შემდეგ მოვხვდი. პირველ შესარჩევ ტურზე ქრისტინა აგილერას სიმღერა Hurt შევასრულე და ხალხისგან ძალიან ბევრი კარგი კომენტარი დავიმსახურე. ვგრძნობდი, ისინი ჩემდამი კეთილად იყვნენ განწყობილები და მოსწონდათ ის, რასაც ვაკეთებდი, ეს კი ჩემთვის უმთავრესია, რადგან რასაც ახლა ვაკეთებ და რასაც მომავალში გავაკეთებ, ეს ყველაფერი მათთვისაც არის. "ნიჭიერის" მეორე ტურში უიტნი ჰიუსტონის სიმღერა, Run To You შევასრულე. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ შევაფასო, ამისთვის მზად არ ვიყავი, რადგან ეს ძალიან პატარა ასაკში გავაკეთე - მაშინ 14 წლის გახლდით.

- გერჩივნა, "ნიჭიერის" სცენაზე უფრო გვიან გამოსულიყავი?

- ჩემი ნება რომ ყოფილიყო, "ნიჭიერში" საერთოდ არ გამოვიდოდი (იცინის).

- რატომ?

- ასეთი პროექტები არ მიყვარს. თვითონ "ნიჭიერი", რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს, მაგრამ ის ფაქტი არ მსიამოვნებს, რომ მარტო შოუს განმავლობაში ხარ ცნობილი და ასე ვთქვათ, "მოთხოვნადი". პროექტის დასრულების შემდეგ კი, სამწუხაროდ, ყველას ავიწყდები. ასეთი სიტუაცია მხოლოდ საქართველოშია, ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ შოუბიზნესი არ გვაქვს!.. მიუხედავად ყველაფრისა, "ნიჭიერმა" დიდი გამოცდილება შემძინა, ამდენი ხალხის წინაშე, თანაც - დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ვიმღერე და ვმონაწილეობდი ყველაზე ცნობილი ტელევიზიის ყველაზე პოპულარულ პროექტში. 16 წლის ასაკში ამას უკვე ვაფასებ და მიხარია, რომ ეს შევძელი.

"ნიჭიერის" შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და დაიწყო ის, რასაც ამდენ ხანს ველოდი. GDS-ის სტუდიაში ნამდვილი ამერიკული სიტუაცია დამხვდა, რაც მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ აქ მოხვედრა ჩემი სანუკვარი ოცნების ახდენის ტოლფასია. აქ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ.

- ბერას სტუდიაში როგორ აღმოჩნდი?

- ისე, როგორც სხვა 17 გოგო და ერთი ბიჭი. ინტერნეტსივრცეში კასტინგი გამოცხადდა და ამ პროექტის შესახებ რომ წავიკითხე, მთელი ჩემი ძალისხმევა, ენერგია მოვიკრიბე. შანსი მეძლეოდა, კარიერა მართლა დამეწყო! იმ დღიდან, როცა ამ სტუდიაში მოვედი, მართლა დაიწყო ჩემთვის "ვარსკვლავური" ეტაპი და ის პერიოდი, რომლის გავლითაც ყველა აღმასვლას იწყებს.

- კასტინგზე გასვლისას რა მოლოდინი გქონდა? ფიქრობდი, რომ მიგიღებდნენ?

- საერთოდ, როცა სცენაზე გამოვდივარ, საკუთარ თავში ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რაც ძალიან მომწონს. ჩემი ნამღერი როგორ მოეწონებოდათ, ეს არ ვიცოდი, რადგან ყველას სხვადასხვანაირი შეხედულება აქვს მომღერალზე. მთელი მონდომებით ვეცადე, იმ კასტინგზე შთამბეჭდავი გამოსვლა მქონოდა. ეს ჩემი შანსი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა გამომეყენებინა!

- ნერვიულობდი?

- რა თქმა უნდა, ძალიან ვნერვიულობდი! სცენაზე გასვლის წინ რა მემართება, ამას ვერც კი აღვწერ. ვერაფერზე ვფიქრობ, ერთადერთი იმას ვცდილობ, რომ კონცენტრაცია მოვახდინო, დავწყნარდე, ეს კი არასდროს გამომდის. სცენაზე რომ გავდივარ და მუსიკა იწყება, ყოველთვის სხვა სამყაროში გადავდივარ და დაძაბულობა მეხსნება. მთავრდება სიმღერა და იმ სამყაროდან მეც გამოვდივარ.

- GDS-ის სტუდიაში კონკრეტულად, რას აკეთებდი?

- იქ გვასწავლიდნენ სიმღერას, ქორეოგრაფიას, ინსტრუმენტებზე დაკვრას. მოკლედ ყველაფერს, რისი ცოდნაც საჭიროა იმისთვის, რომ "ვარსკვლავად" შედგე. ეს ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. როცა სწავლის პროცესი დამთავრდა, ცოტა ხანში დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იწყებოდა პროექტი "ერთი ერთში". არ ვაჭარბებ: იმ დღეს შოკი მივიღე. ვიცოდი, რომ ასეთი შოუ სხვა ქვეყნებში არსებობდა და ძალიან მომწონდა, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა, ასეთი პროექტი საქართველოში ვინმეს ჩამოეტანა. ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო.

- "ერთი ერთში" ყველაზე პატარა მონაწილე ხარ...

- სხვათა შორის, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ პროექტში ყველაზე პატარა მონაწილე ვარ, რადგან 18 წლამდე კონკურსანტებს სხვაგან ამის უფლებას არ აძლევენ. საქართველოში ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს. თანაც, ამ პროექტში მონაწილე მომღერალი არა მარტო სრულწლოვანი, არამედ უკვე შემდგარი "ვარსკვლავი" უნდა იყოს, მაგრამ მე ხალხისთვისაც უცნობი ვიყავი.

- შენი აზრით, რამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ასეთი გამონაკლისი დაუშვეს?

- შეიძლება იმან, რომ როცა სტუდიაში მოსწავლეებად ვიყავით, მათ თვალში მოხვდათ, თუ როგორ ვშრომობდი და გოგონებიდან მე გამომარჩიეს. მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემი შრომა დაინახეს!

- "ლაივისთვის" როგორ ემზადებით?

- ყველანი ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული "ლაივი" შედგეს და ყველა ნომერი მაგარი გამოვიდეს. მართალია, ჩემს ნომერზე სტუდიაშიც და სახლშიც ძალიან ბევრს ვმუშაობ, თავში ყოველთვის "ერთი ერთში" მიტრიალებს და ვფიქრობ მხოლოდ იმ "ვარსკვლავზე", რომლის განსახიერებაც მომიწევს. მონაწილეები ერთმანეთს რჩევას ხშირად ვაძლევთ, თუ რომელი პერფორმანსისთვის რა აჯობებს... სახლში რომ მივდივარ, ყველაფერი ჩაკეტილი მაქვს და კონტაქტშიც ვერავისთან შევდივარ. დედასაც ძალიან ცოტას ველაპარაკები. საბედნიეროდ, მას ჩემი ესმის... მეგობრებსაც იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევ, რამდენიც საჭიროა, მაგრამ ყველა ცდილობს, გამიგოს. შევეცდები, მათ იმედები არ გავუცრუო! თითოეულ გადაცემას ჩემი გულშემატკივრების ძალიან დიდი არმია ესწრება. ისინი მორალურად ძალიან მეხმარებიან და სტიმულს მაძლევენ საიმისოდ, რომ საკუთარ თავზე ვიმუშაო.

- კულისებში როგორი სიტუაციაა?

- ჩვენ ნამდვილი ოჯახი ვართ. GDS არის ერთი დიდი, შეკრული გუნდი. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ერთმანეთის მიმართ აქ ყველა მეგობრულად არის განწყობილი.

- ეს მაყურებლისთვისაც თვალშისაცემია. დავიჯერო, კონკურენცია ოდნავადაც არ იგრძნობა?

- რა თქმა უნდა, ყველანი ვცდილობთ, ჟიურის წევრებისგან კონკურენტებზე უკეთესი ქულები დავიმსახუროთ. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამის გამო ვინმეს მტრად გადავიკიდებ. ჩემთვის მთავარია, ნომერი არავის ჩაუვარდეს. ვინ იყო უკეთესი - ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის.

- ყოველი "ლაივის" ბოლოს ერთ-ერთ თანამონაწილეს 5 ქულა უნდა დაუთმო. ამ პროცესს როგორ აღწერ?

- ჩემთვის ეს ძალიან რთულია, რადგან მეგობრული გუნდიდან არჩევანი მხოლოდ ერთზე უნდა გავაკეთო. სხვათა შორის, ხშირად მიჩნდება სურვილი, 5 ქულა საკუთარ თავს მივცე (იცინის). რა ვქნა, ძალიან მეცოდება ჩემი თავი - ხომ იცით, დავიჩაგრე და ზედიზედ რამდენიმე კვირაა, ჩემთვის 5 ქულა არავის მოუცია.

- ჟიურის შეფასებებზე რას იტყვი?

- ყველა ამბობს, რომ ობიექტურები არ არიან და წესით, მათზე მეც უნდა ვიყო გაბრაზებული, რადგან ბევრჯერ დამიწერეს დაბალი ქულა. მაგალითად, ასე მოხდა მაშინ, როცა რიკი მარტინად გარდავისახე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი ეს ნომერი მართლა ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს მოეწონა. შეფასებების მიხედვით, იმ "ლაივზე" ბოლოს წინა ადგილზე გავედი და ამის გამო სხვას ვერავის გავამტყუნებ. ბოლოს და ბოლოს, მათ კომპეტენციაში შედის, რომ ხან მაღალი ქულა დაწერონ და ხანაც - დაბალი.

- რომელი "ვარსკვლავის" როლის შესრულება გაგიჭირდა ყველაზე მეტად და რატომ?

- რიკი მარტინის. ის კაცია და 16 წლის ბავშვი ესპანელ, ძალიან სიმპათიურ მაჩოდ უნდა გარდავსახულიყავი. გრიმიორსაც ურთულესი დავალება შეხვდა და მეც. გარეგნულად, სიმართლე გითხრათ, არაფერი დამეწუნებოდა, სიმპათიური ბიჭი ვიყავი (იცინის), მაგრამ რიკი მარტინს ვგავდი-მეთქი, რომ ვთქვა, ტყუილი იქნება. ხმამაც შემიშალა ხელი, რომ ნომერი "ერთი ერთში" ყოფილიყო. სამაგიეროდ, მანერები და მოძრაობები კარგად გამომივიდა. ყველაზე კარგი გამოსვლა კი მგონია, რომ ალა პუგაჩოვად გარდასახვა იყო.

- ამ პროექტის დაწყების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ უფრო მეტად პოპულარული გახდი...

- ძალიან მომწონს ეს ფრაზა და ყოველთვის მინდოდა მეთქვა: "ქუჩაში უკვე მცნობენ" (იცინის). ხალხი ჩემ მიმართ კეთილად და თბილად არის განწყობილი. ძალიან ბევრ დადებით მესიჯს ვიღებ სოციალურ ქსელშიც. ჩემდამი ხალხის ასეთი დამოკიდებულება მახარებს და მაბედნიერებს.

- ახერხებ, რომ გულშემატკივრების წერილებს უპასუხო?

- არც ერთი წერილი არ დამიტოვებია პასუხგაუცემელი. როცა სახლში მივდივარ, მუშაობის პარალელურად, წერილებსაც ვპასუხობ. ეს არანაირად არ მღლის და არ მტვირთავს, პირიქით - რაც უფრო მეტ წერილს მივიღებ ხალხისგან, მით უფრო მეტად გამიხარდება. მე მიყვარს ყველა ის ადამიანი, ვისაც ჩემი გამოსვლა მოსწონს და ყურადღებას იჩენს ჩემ მიმართ. დედაც სულ მარიგებს, ყოველდღე ასეთი სახის ლექციებს ვისმენ მისგან: როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, თავში უვარდება და ეს არის ის, რაც მერე მას დაბლა ექაჩებაო. ვცდილობ, მსგავსი რამ არ დამემართოს. არასდროს უნდა დავივიწყო, ვინ ვიყავი და საიდან მოვდივარ.

- შეყვარებული თუ გყავს?

- არ მყავს და არც არასდროს მყოლია. ცხოვრებაში სულ რამდენჯერმე მომწონებია, მაგრამ სერიოზული არა­ფერი ყოფილა... მიხარია, რომ ბიჭებს არ ვწერ ყოველდღე და მათ უკან არ დავდევ. შეიძლება, იმიტომაც არ მყავს შეყვარებული, რომ ყველა ბიჭთან ძალიან მეგობრულად ვარ და ვერ წარმომიდგენია, რომელიმესთან სხვანაირი ურთიერთობა როგორ უნდა მქონდეს (იცინის).

ეკა აბაშიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება