უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს

უსუფაშვილი - შევეგუოთ, რომ თუ პოციზიას საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს

უნდა შევეგუოთ, რომ თუკი პოციზიას სახელმწიფოებრივ, საერო საკითხებზე გამოხატავ, ამას შესაძლოა, კრიტიკოსი ჰყავდეს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გუშინ სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრისას, ლაშა ტუღუშის კითხვის პასუხად გააკეთა.

გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი დაინტერესდა, "რამდენად განჭვრეტადია პოლიტიკური პროცესები იმ ფონზე, როცა საერო საკითხებზე მოსაზრებებს საპატრიარქო გამოხატავს და როგორია სასულიერო პირების ადგილი პოლიტიკურ დისკუსში". ტუღუშმა ისიც იკითხა, თუ რას იზამს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული პოზიციის ანალოგიური პოზიცია მაგალითად, ქვეყნის ევროინტეგრაციულ კურსთან დაკავშირებითაც დაფიქსირდება.

"მგონია, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს - პოლიტიკაშია, ბიზნესშია თუ რელიგიურ დაწესებულებაში, აქვს თანაბარი უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს. ასევე ერთ რამეს უნდა გავუსწოროთ თვალი და შევეგუოთ - თუ სახელმწიფოებრივ, საკონსტიტუციო, საკანონმდებლო, საერო საკითხებზე პოზიციას გამოხატავ, ყველა უნდა ვიყოთ მზად, რომ შესაძლოა ამ პოზიციას ჰყავდეს კრიტიკოსი. ეს ელემენტარული ამბავია და თუ ეს ასე იქნება, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ვფიქრობ, რომ ეს ასეც არის და ასე იქნება. უბრალოდ გვჩევია, რაღაცეების რაღაც მაღალ სიმაღლეებზე ატანა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა ლაშა ტუღუშის პასუხად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის დროსაც აღნიშნა, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ თვითმმართველობის კოდექსზე საკუთარი პოზიცია გამოთქვა, მასთან საპატრიარქოში იმყოფებოდა და დაახლოებით ერთი საათი ესაუბრა. უსუფაშვილის თქმით, "ამ თემაზე პატრიარქის მხრიდან არც ერთი სიტყვა არ თქმულა", საუბრის საგანი კი 9 დეკემბერს დაგეგმილი კონფერენცია იყო, რომელიც ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება და ვილნიუსის სამიტის შემდეგ, ქვეყნის სამოქმედო გეგმას ეხება.

დავით უსუფაშვილმა განაცხადა ისიც, რომ თვითმმართველობის საკითხებზე კოალიცია შეთანხმებულია, ყველა საკითხი გავლილი და შეჯერებულია, რაც საკომიტეტო მოსმენებისას გახდება ცნობილი.

"ასე რომ, ბატონო ლაშა, არა მგონია, ეს დიდი პრობლემის დასაწყისი იყოს, თუმცა ის, რომ გველის პრობლემები ასოცირების ხელშეკრულებაზე საბოლოოდ ხელმოწერამდე, ყველამ ვიცით და ყველას უნდა გვახსოვდეს. ვისაც ეს არ სურს და ვის არ სურს, ეს კი ვიცით, არანაირ თემაზე და არანაირ საკითხზე რაიმე გავლენის მოხდენის საშუალება არ უნდა მივცეთ", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა