ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ისტორიული ჰერეთიდან შემოგთავაზეთ რეპორტაჟი. ერთ-ერთ ქართულ სოფელში - იტიტალაში გავლისას რამდენიმე ჭიშკარს შებმული წითელი ლენტი შევნიშნეთ. როგორც აგვიხსნეს, ასეთ ლენტებს თურმე იმ სახლის კარს აბამენ, სადაც გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავთ. გავოცდი, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცულ ძველ გაზეთებში მსგავს ტრადიციაზე მოთხრობილ სტატიას წავაწყდი. ოღონდ ეს ტრადიცია აშკარად არ არის ქართული.
მოკლედ, 1898 წლის 3 ივლისის "ცნობის ფურცელში", რუბრიკით "სხვა-და-სხვა" ვინმე მიხეილ კიკნაძე იმჟამინდელი იაპონიის ზოგიერთ რაიონში ქალის თხოვნის წეს-ჩვეულებაზე გვიამბობს:
"იმ სახლში, რომელშიაც ერთი ანუ რამდენიმე მოზრდილი ქალები არიან, აივანზე ან დერეფანში ჰკიდებენ სამ წმინდა ძეწკვზე მშვენივრად მორთულ ცარიელ ყვავილის ქილას, რომლის ზემოთა ნაპირები გადაკრულია მბრწყინავ მოოქრული გადასაკრავით. ახალგაზრდა იაპონელი უახლოვდება თავის საყვარელ ახალგაზრდა ქალის სახლს იშვიათის ყვავილით ხელში ამასთანავე იმ დროს, როდესაც იმან დარწმუნებით იცის, რომ ქალი შინაა და შეუძლიან, სადმე მიმალვა და თვალყურის დევნება.
იმისთვის ახალგაზრდა კაცი იღებს ცარიელ ქილას და დიდის ყურადღებით რგავს თავის მოტანილ მცენარეს, რომლის ძირებსაც საკმაოდ აქვთ შეკრული მოყრილი მიწა. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა კაცი ხელსა სთხოვს იმ სახლში მყოფს ახალგაზრდა ქალს. თუ ქალი მალე გამოჩნდება სარწყავით იმისთვის, რომ მცენარე მორწყოს, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი მთხოვნელის გრძნობაზე გრძნობითვე უპასუხებს. თუ იგი არ გამოჩნდება, და ყვავილი მოურწყავი რჩება, მაშინ საქმროს შეუძლიან ჩასთვალოს იმათ, რომ ქალი იმასთან საერთოს არაფერსა ჰგრძნობს. მაგრამ სრულს გადაწყვეტილებას ორთავე ისინი მხოლოდ მეორე დილას შეატყობენ. მაშინ ხშირად ხდება ხოლმე, რომ გულდადებით მორწყული წინა ღამეს ყვავილი ამოგლეჯილია მკაცრი ხელისაგან შეუბრალებელ მამისა და დამჭკნარი გდია მიწაზე. ხანდისხან პირიქით მცენარე ქალისგან უყურადღებოდ დატოვებული, ჯერ ისევ ახალია და ყვავის თავის ქილაში. ამ უკანასკნელს შემთხვევაში, საქმრომ, თუმცა კარგად იცის, რომ იგი არ უყვარს, მაინც იმედი უნდა იქონიოს, რომ მისი წინადადება, მამის ბრძანებით, მიღებულ იქმნება".
რაკი უცხოეთის ამბით დავიწყეთ, გეოგრაფიულ არეალს არ გადავუხვევთ და გიამბობთ 1896 წლის 1-ლი დეკემბრის "ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ ამერიკაში მომხდარ ფაქტს, რომელმაც თანამედროვე ტელესერიალები და სულ-სულ უმნიშვნელოდ გალაკტიონის ლექსი "მესაფლავე" გამახსენა.
ამბავს "ამერიკული შეუღლება" ჰქვია: "მოქმედება სწარმოებს ამერიკის ერთ-ერთ ქალაქს გენეტინგტონში. ვიღაც ამერიკელი ნიუმანი ერთის დღის წინეთ დაქვრივდა და დღეს ცოლს მარხავს. ეს არის გათავდა პანაშვიდი და ცხედარს ასაფლავებენ და მშობლები და ნათესავები ზედ დასტირიან უდროვოდ გამოსალმებულს ახალგაზრდა ქალს; დაქვრივებული ნიუმანი სწრაფად მოჰკიდებს ხელზე ხელს თავის ლამაზს ცოლის დას და ორნივე გაეშურებიან პასტორთან, რომელმაც ეს არის გაათავა თავის უკანასკნელი ლოცვა ცხედარის სულის შესანდობლად, - და ნიუმანი ეტყვის პასტორს: - ბატონო პასტორო, სანამ არ წაბრძანებულხართ და აქ ბრძანდებით, ბარემ ერთი კეთილი საქმეც გაარიგეთ, ჯვარი გადაგვწერეთ! - დიდის სიამოვნებით, ბ-ნო ნიუმან, ჩუმად და თანხმობით მიუგებს პასტორი და სამნივე შევლენ ეკკლესიაში და დაიწყება ჯვარის დაწერა. ქალის და კაცის ნათესავები გაოცებულნი არიან ასეთის მოულოდნელის ჯვარის წერით, მაგრამ რას იზამენ, ეკკლესიაში ხომ ჩხუბს და დავიდარაბას არ დაიწყებენ და ამასობაში ჯვარიც გადაწერა პასტორმა. ამ რიგად დასაფლავებაზედ მოსული ხალხი ქორწილსაც დაესწრო. ცრემლი სიმხიარულემ შესწყვიტა, დასაფლავება ქორწილმა და მგლოვიარობა ქეიფმა. აი როგორა ხდება ამერიკაში შეუღლება სწრაფად და იაფად".
ირმა ხარშილაძე