ექიმობიდან მომღერლობამდე პაატა თედიაშვილის პეპლები და მუზა

ექიმობიდან მომღერლობამდე პაატა თედიაშვილის პეპლები და მუზა

მომღერალი და მოცეკვავე პაატა თედიაშვილი პროფესიით ექიმია და გარკვეული პერიოდი, "სასწრაფო დახმარების" ბრიგადის წევრიც გახლდათ, მაგრამ ერთხელაც, დირექტორისგან მიღებული არაკორექტული შენიშვნის გამო, სამსახური დაუტოვებია. "თუ მოვინდომებ, ისევ დავუბრუნდები მედიცინას, მაგრამ ჯერჯერობით, ამის სურვილი არ მაქვს. სიმღერა ყველა სიძნელის გადალახვაში მეხმარება. ამ ეტაპზე, მუსიკა და ქორეოთერაპიაა ჩემი წამალი", - ამბობს მომღერალი, რომლის ამ რუბრიკაში მოწვევა გარემიქსებული ფოლკლორის მოყვარულებმა მთხოვეს.

- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვა "თინეიჯერი"? ამ ასაკში შენ როგორი იყავი?

- ვინაიდან პროფესიით ექიმი ვარ, ადამიანის განვითარების ეტაპები კარგად ვიცი. ეს პუბერტული ანუ გარდატეხის ასაკია, რომელიც ჩემი აზრით, გაზაფხულს ჰგავს. ამ პერიოდში ადამიანის ორგანიზმში ჰორმონალური ორომტრიალია და გაუცნობიერებელი რაღაცებიც ხდება. ქიმია მთლიანად იმონებს ორგანიზმს. ჩემთვის სიტყვა "თინეიჯერი" ასოცირდება ამბოხთან, თვითდამკვიდრების მცდელობასთან. ამ პერიოდში პირადად მე, ყველა პირადი და ადამიანური რესურსი "ჩავრთე" საიმისოდ, რომ არ დავკარგულიყავი. ბევრს ვშრომობდი არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც. კერძო სტუდიებში მოსწავლეებს ცეკვას ვასწავლიდი ანუ თან ვერთობოდი და თან, სარჩოს მოპოვებაზე ვზრუნავდი.

- გარდატეხის ასაკში მოზარდებს საკუთარი თავი არ მოსწონთ, ჩნდება პრობლემები, ადვილად ღიზიანდებიან, გარეგნულადაც თითქოს ისეთები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ და ა.შ. შენ თუ გქონდა რაიმე მსგავსი პრობლემა და ეს ხომ არ გაკომპლექსებდა?

- არასოდეს მიფიქრია, - ალენ დელონი ვარ-მეთქი, მაგრამ ამ ასაკშიც რაღაცით გამორჩეული ვიყავი. ცოტა სევდიანი, მაგრამ განათლებული ადამიანის გამომეტყველება მქონდა. ძალიან ზრდილობიანი გახლდით და როცა ასაკით უფროსი მესაუბრებოდა, ვწითლდებოდი, თავს ვხრიდი ხოლმე. ყოფილა შემთხვევა, როცა სარკეში საკუთარი თავი არ მომწონებია და ამის გამო, იმ დღეს გარეთ არ გავსულვარ (მსგავსი შემთხვევა სტუდენტობის დროსაც მქონია). მიყვარდა განსხვავებულად ჩაცმა. რაც შეეხება ვარცხნილობას, ვატარებდი "ნანეტს". ხაშურში პირველად მე ჩავიცვი შორტები და კომბინიზონი. სკოლაში აირწინაღის ჩასადებ ჩანთას დავატარებდი და ის ყოველთვის სავსე იყო წიგნებით. მეგობრებთან ურთიერთობისას ყოველთვის ხალისიანი, თავისუფალი და თამამი ვიყავი. ხაშურში ჩემი იმიჯი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ ეს დიდად არ მაწუხებდა, პირიქით - რაც უფრო მეტი იყო ზეწოლა, მით უფრო რადიკალური პასუხი უბრუნდებოდათ არამკითხეებს. ყოველთვის ვფიქრობდი: მხოლოდ დედას შეუძლია "ჩარჩოში" მომაქციოს-მეთქი.

- როგორი მოსწავლე იყავი? ხომ არ იყო საგანი, რომელიც გამორჩეულად გიყვარდა?

- კარგი მოსწავლე ვიყავი. განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნები მიყვარდა. მათემატიკა კი ჩემთვის ამოუცნობი ფენომენია. ამიტომ, ბოლო კლასებში "ხუთოსნობის" კანდიდატს ალგებრა-გეომეტრიაში 3-იანის მიღებაც კი სანატრელი მქონდა. თუმცა, ატესტატი რომ არ გაეფუჭებინათ, მაინც მაღალ ნიშანს მიწერდნენ. ჩემთვის სამყარო მრგვალი და რომანტიკულია, ციფრები და ანგარიში კი მას წახნაგოვანსა და გერმეტულს ხდის.

- როგორ ფიქრობ, არის თუ არა პედაგოგზე დამოკიდებული, მოსწავლე მის საგანს ისწავლის თუ არა? შენ როგორი ურთიერთობა გქონდა მასწავლებლებთან?

- მახსოვს, არ მიყვარდა ალგებრის მასწავლებელი, რადგან ის ბავშვებს სცემდა და სჯიდა. ამიტომ ერთხელაც, დირექტორი ჩავაყენე საქმის კურსში და მას მერე ის პედაგოგი ჩვენს კლასში არ შემოსულა. სხვათა შორის, მაშინ მეშვიდეკლასელი ვიყავი. უზნაძის თეორია გვასწავლის, რომ სწავლა, ეს ეტაპობრივი პროცესია და ყველა მოსწავლე ერთნაირ პიროვნებად არ უნდა აღვიქვათ. ადამიანი ინდივიდია და ისინი ვერ იქნებიან ქარხნული თოჯინები. ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

- "შატალოზე" ხშირად მიდიოდით? ამის ინიციატორი თავად თუ ყოფილხარ?

- ჩემი ფოტოსურათი "ხუთოსნების" დაფაზე იყო გაკრული, მაგრამ ალბათ თაღლითიც ვიყავი, რადგან ერთფეროვნება, სკოლის რუტინა მწყინდებოდა და "შატალოს" ინიციატორიც ბევრჯერ ვყოფილვარ. სკოლიდან გაპარულები ფოტოგრაფთან მივდიოდით, რომ ეს დღე სამუდამოდ დაგვემახსოვრებინა. შემდეგ, თუ შემოდგომა იყო, ყურძნის მოსაპარად მივდიოდით. აბა, მაშინ ხაშურში გასართობი ადგილები სად იყო?.. ისე, ახლაც ვერსად ერთობიან ხაშურელი ახალგაზრდები.

- მშობლებზე, დედმამიშვილებზე გვიამბე რამე...

- დედა - ნელი იაშვილი პროფესიით ექიმი-ლაბორანტია. ჯერ პედაგოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მერე - ბიოლოგიური, შემდეგ მოსკოვშიც აიმაღლა კვალიფიკაცია და თბილისშიც (რკინიგზის საავადმყოფოში). დიდი ხანი მუშაობდა ექიმ-ლაბორანტად კლინიკურ ლაბორატორიაში. დედა ძალიან თბილი, გულისხმიერი, კეთილი და ამავე დროს, მომთხოვნი ადამიანია. მახსოვს, მე და ჩემი და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მის სამსახურში უნდა მივსულიყავით - ეს ერთგვარი კონტროლი იყო. ახლაც მეცინება, როცა იმ ხელწერილებს ვკითხულობ, რომელსაც იმ შემთხვევაში გვაწერინებდა, თუ რაიმეს დავაშავებდით... მამა პატიმარი იყო და ამიტომ ვერ გამაკონტროლებდა. დედას ცხოვრება ძალიან ჰგავს "ოთარაანთ ქვრივის" მიერ განვლილ გზას და ის დღემდე მოწოდების სიმაღლეზეა. ჩვენი ოჯახი რომ არსებობს, ეს მისი დამსახურებაა. რაც შეეხება ჩემს დას - ნონა თედიაშვილი ბავშვობიდან ჩემთან ერთად ცეკვავდა, ერთად დავდიოდით სკოლაში და ისიც სამედიცინოზე სწავლობდა. მან ხაშურში მოისურვა ცხოვრება და ბავშვებს იქ ასწავლის ცეკვას. დედამ სამსახურს თავი დაანება და ჩვენივე სტუდიის - "ოქროს ფარი" დირექტორი გახლავთ, მე კი სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ. მოკლედ, ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია.

- ალბათ შენთვისაც არ არის უცხო ე.წ. "ქუჩის ინსტიტუტი". მომიყევი, ოდესმე თუ "დაგიბირჟავებია" და რა მოგცა ქუჩამ? საერთოდაც, როგორ ფიქრობ, კაცებს ამის სურვილი თუ მოთხოვნილება რატომ უჩნდებათ?

- არასოდეს მხიბლავდა "ქუჩის ცხოვრება" და დედაც ცდილობდა, ამ ყველაფერს ავერიდებინე. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, ის ყოველთვის დიდ პატივს სცემდა მამას და უგებდა, როგორც მეუღლე. მან მოახერხა, რომ ჩემი აზრით უკუღმართ გზას ავერიდებინე. ვფიქრობ, უამრავი ახალგაზრდის ცხოვრება შეიწირა "ქუჩურმა გარჩევებმა" და დღემდე ხდება მსგავსი რაღაცები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი თვითდამკვიდრების კრიზი და მოჩვენებითი მამაკაცური სამყაროა. სუსტი ინდივიდი ეკედლება სხვას, რომ საშიშროების შემთხვევაში, მასთან ერთად დააღწიოს თავი პრობლემას და ამიტომაც არის, რომ ყველას "ძმაოს" ეძახიან. მე კი, ასე მგონია, რომ თუ რაიმე პრობლემა შემექმნება, საქმის მოსაგვარებლად მარტო წავალ, მეგობარს საფრთხეში არ ჩავაგდებ. კონსტანტინე გამსახურდია ბრძანებდა: ყველა ნასროლი ტალახით ჩემი კოლხური კოშკი ავაგეო.

- არც იარაღი გიტარებია? "საქმის გარჩევებში" არასდროს ჩარეულხარ?

- იარაღი მართლა არასდროს მიტარებია, მე ეს არ მჭირდებოდა. ვფიქრობ, იარაღს იყენებს ის, ვინც დამნაშავეა, ვინც საკუთარ გონებასა და ენას არ ენდობა... ხშირად მიწევდა ჩხუბი, განსაკუთრებით - სკოლის ასაკში, მაგრამ სხვისი ხელის მოქნევის არასდროს შემშინებია.

- როგორც ვიცი, ხაშურიდან ხარ. როგორ ფიქრობ, თბილისელი თანატოლებისგან რით გამოირჩეოდი? ამბობენ, თბილისელები რაიონელ თანატოლებს ზევიდან უყურებენო. მსგავსი რამ გიგრძნია?

- არასდროს მიგრძნია თავი დაჩაგრულ ადამიანად. როცა აქ ჩამოვედი, არც პროვინციულად ვაზროვნებდი და არც რბილი "ლ"-თი ვსაუბრობდი. როცა უცხო ადგილას მიდიხარ, ჯერ გარემო უნდა შეაფასო და მერე ამის მიხედვით უნდა იმოქმედო და იცხოვრო. თბილისური კოლორიტი სხვა რამ არის და აქ ადამიანები ადვილად არ მიგიღებენ. ჩემმა პროფესიებმა განაპირობა თბილისელებთან დამეგობრება და კეთილი სიმბიოზი. მე ვიცი, რომ ხაშურელი ვარ და თბილისელების კომპეტენციაში არასოდეს შევიჭრები. სადაც უნდა ვიყო, ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, მაინც ზრდილობაა.

- რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?

- პირველ რიგში, გეტყვით იმას, რომ ყველა თაობას თავისებური ხიბლი აქვს. ახალგაზრდობა დიდი ძალაა. ჯერ კიდევ პოეზიაში, ლიტერატურაში, მხატვრობაში იყო დაპირისპირება თაობებს შორის. ყველას ჰგონია, რომ მისი თაობა ყველაზე უკეთესი იყო. ვფიქრობ, ჩემმა თაობამაც ბევრი გმირი და წარჩინებული ხელოვანი გაუზარდა სამყაროს. უინტერესო, ზარმაცი და უპასუხისმგებლო ადამიანები კი ყოველთვის არსებობდნენ და მომავალშიც იქნებიან. მინდა, ჩემს თაობას "წიგნიერი თაობა" ერქვას. ძალიან მინდა, ახალგაზრდებმა ქუჩაში სითბო და სიყვარული გაუნაწილონ ერთმანეთს.

- პირველი სიყვარული, პირველი პაემანი გაიხსენე...

- ჰოროსკოპით მერწყული ვარ და ამიტომაც, მზად ვარ, ჩემი სითბო და სიყვარული გავუზიარო მას, ვისაც ეს სჭირდება. სიყვარული ჩემთვის მზის ენერგიაა, რომლითაც ვიტენები და შემდეგ უკეთესად ვაკეთებ ყველა საქმეს... ბავშვობაში ერთდროულად 2-3 შეყვარებული მყავდა და მათ ლექსებს ვუძღვნიდი ხოლმე. პაემანზე არასდროს ვყოფილვარ. როცა ვინმეს ვხვდები, ამას ოფიციალურ სახეს არ ვაძლევ. დაგეგმილი არაფერი მიყვარს. შეიძლება ქუჩაში შემთხვევით შემხვდეს ის, ვინც მომწონს. ჰოდა, სადმე ჩამოვსხდეთ, ვისაუბროთ - ეს ჩემთვის საუკეთესო "პაემანია".

- ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

- პეპლები მიდიან და მოდიან. საყვარელი ადამიანი ჩემთვის მუზაა. ის მაწერინებს ლექსს, სიმღერას. თუ მუზა ჩემთან ცხოვრებას ვერ შეძლებს, ვაიძულებ, ჩემგან წავიდეს და უკან არ დაბრუნდეს.

- მაშინ, როდესაც შენი თანატოლების უმეტესობა რეპს და როკს მღერის, როცა პოპულარული სიმღერების შესრულებით ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ თავის დამკვიდრებას, შენ სულ სხვა გზა აირჩიე: ფოლკლორის გათანამედროვება გადაწყვიტე. რატომ?

- საერთოდ, სიმღერის სურვილი 15 წლის ასაკში გამიჩნდა. ვმღეროდი ხაშურის სცენაზე და მაშინ ფონოგრამის შესახებ არაფერი ვიცოდი. დედას მუსიკალურიც აქვს დამთავრებული და ერთ დროს, ოჯახი რომ ერჩინა, ბავშვებს სიმღერასაც ასწავლიდა. მას არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს. ჩემი დაც მღერის, მაგრამ სახალხოდ - არა. ასე რომ, ოჯახში ქართული სამხმოვანება ყოველთვის გვაქვს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ჩემი პედაგოგი ბატონი ოთარ ტატიშვილი გახდა. მანვე ჩამაბარებინა მეორე საესტრადო სასწავლებელში. მან არა მარტო მუსიკალურ სამყაროს მაზიარა, არამედ საზოგადოებასთან ურთიერთOობაც მასწავლა. მეამაყება, რომ სწორედ ბატონი ოთარი იყო ჩემი პედაგოგი. სხვათა შორის, გარდატეხის ასაკში რეპსაც ვმღე­როდი. რეჩიტატივი და მელოდიური ნახაზი მომწონდა. მყავდა ჩემი ჯგუფი "მე და ღამე". ბიჭები მღეროდნენ და თან - ნომერს ქორეოგრაფიულადაც ვაფორმებდით. სხვათა შორის, მაშინ პოპულარულები ვიყავით. მერე სოლო სიმღერა დავიწყე და პარალელურად, "ერისიონში" მივედი ცეკვის გასაგრძელებლად, ზაალ ჭუმბურიძის ჯგუფში. იქ შევხვდი თანატოლებს, რომლებიც ხალხურ სიმღერებს მღეროდნენ და მათ შევუერთდი. ჩვენ ვმღეროდით ყველგან: ქუჩაში, მეტროში, სახლში, სადარბაზოში... მერე გადავწყვიტე, ჩამეწერა სიმღერა "ბინდისფერია სოფელი", რომელიც საზოგადოებას მგონი, მოეწონა (იღიმის)... აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემი კლიპების რეჟისორს - დაჩი დარჩიას, რადგანაც მან ჩემი თაობის მომღერლებისგან კიდევ უფრო განსხვავებული გამხადა თავისი ვიდეონამუშევრებით.

- იმედია, არ გეწყინება, ახლა რასაც გეტყვი: მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებულ ჟანრში მუშაობ და ბევრი თაყვანისმცემელიც გყავს, ისეთი პოპულარული მაინც ვერ ხარ, როგორებიც შოუბიზნესის ე.წ. ქართველი ვარსკვლავები არიან. როგორ ფიქრობ, ჩრდილში რატომ დგახარ? გარემიქსებული ფოლკლორის მიღება საზოგადოებას გაუჭირდა თუ უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილას არ აღმოჩნდი ანუ მაშინ გამოჩნდი, როცა ამბობდნენ, შოუბიზნესმა დიდი ხნით დაიძინაო?

- თბილისში პოპულარობა ბევრს არაფერს ნიშნავს. პოპულარული ბევ­რი ისეთი ადამიანიც გამხდარა, რომლის საზოგადოებისთვის გაცნობა არ შეიძლებოდა, რომლებიც მხოლოდ სიბრალულის გრძნობას იწვევდნენ... მე ვაკეთებ იმას, რაც მინდა და ვფიქრობ, მთავარი ის კი არ არის, როგორ მღერი, არამედ ის, თუ რისთვის მღერი და ამით რისი თქმა გინდა. ის ადამიანი, ვინც ქართულ სიმღერას, ფოლკლორს დასცინის და მიაჩნიათ, რომ მისი ადგილი უიტნი ჰიუსტონის ან ჯასტინ ტიმბერლეიკის გვერდით არის, რომ აუცილებლად მათი სიმღერების შესრულებით უნდა მიაღწიოს წარმატებას, უბრალოდ, მეცოდება... და კიდევ, მე იმ დროს შევაბიჯე ე.წ. შოუბიზნესში, როცა ის ურჯულო და მტრიანი ადამიანებით დაკომპლექტდა. ზოგიერთმა მათგანმა ბევრი იცინა ჩემზე, მაგრამ ახლა ჩემი დრო დადგა და მე მეცინება მათ ფსევდოამერიკულ და ევროპულ შემოქმედებაზე. როცა ხარ ქართველი, ვფიქრობ, პირველ რიგში, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია უნდა შეგეძლოს. მადლობა ღმერთს, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც სავსეა გონიერებით, ადამიანობით, სიკეთითა და რაც მთავარია, ხატოვანებით. მირჩევნია ვიყო სტაბილური მომღერალი, ვიდრე ორკვირიანი "ვარსკვლავი".

- შენი აზრით, რით განსხვავდებიან შენი თაობის თინეიჯერები დღევანდელი მოზარდებისგან?

- ჩემი თაობის ახალგაზრდები ნაკლებ ელექტრონულ ინფორმაციას ფლობდნენ, მაგრამ უფრო თბილები ვიყავით - ომმა და გაჭირვებამ გაგვაერთიანა მაშინ. შეიძლება, ბევრი რამ გვაკლდა, მაგრამ არ ვკარგავდით იუმორს და სწავლის სურვილს.

- რას ნიშნავს შენთვის სოციალური ქსელი, ვირტუალური ურთიერთობა?

- სოციალური ქსელი ბევრ ბოროტებასთან ერთად, ბევრ სიკეთესაც "აკე­თებს". ის მაჭანკალის როლსაც კისრულობს, ადამიანების დამეგობრებასაც უწყობს ხელს და კლავს ყოველგვარ ვაკუუმს. ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის წყაროა. სოციალური ქსელების წყალობით ახლა რევოლუციის მოწყობაც შეიძლება, ის ნამდვილი ბომბია და მკვლელიც შეიძლება დაარქვა. როგორც შეგქმნის, ისე გაგაუბედურებს.

- მხატვრული ლიტერატურა თუ გიზიდავს? გაიხსენე პირველი წიგნი, რომელმაც შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ახლა თუ კითხულობ რაიმეს?

- წიგნებთან ურთიერთობამ ბევრი რამ მასწავლა. კითხვა ძალიან მიყვარს. მახსოვს, გარდატეხის ასაკში ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი" წავიკითხე და ამ ნაწარმოებზე დიდხანს ვფიქრობდი. მეც ხომ სწორედ ამ პერიოდში ვცდილობდი, ცხოვრების ჭაპანს შევჭიდებოდი და ამ წიგნის გმირთან ბევრი მსგავსება ვიპოვე... საერთოდ, მიყვარს ევროპული კლასიკური ლიტერატურა. სიმბოლისტების თაობა და პაოლო იაშვილი კი ლამის, სამაგიდო წიგნად მაქვს ქცეული. ბოლოს ორჰან ფამუქის "თოვლი" წავიკითხე, ახლა კი პაულო კოელიოს "ზაჰირს" ვეჭიდები.

- შენს შემოქმედებაში რა სიახ­ლეებია?

- საახალწლო კონცერტებისთვის ვემზადები. იქნებ ცოტაოდენი თანხის შეგროვება შევძლო, რათა მერე ახალ სიმღერაზე და კლიპზეც ვიზრუნო... სხვათა შორის, რამდენიმე მომღერალთან ერთად, საზღვარგარეთიდან მიწვევა მივიღე და შეიძლება, იანვარში საქართველოდან გამგზავრებაც მომიხდეს. თუ ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ჩაფიქრებულია, მაშინ ექსკლუზივს გპირდებით (იღიმის).

- დაბოლოს, რას ურჩევ ახალ თა­ობას, შოუბიზნესში თავის დამკვიდრების მოსურნეებს?

- მას, ვისაც სიმღერა სურს, უნდა იმღეროს, მაგრამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შრომა, საკუთარი თავის ძიება და არა - ვინმეს მიბაძვა. და რაც მთავარია, ქართული სიმღერა არ უნდა დაივიწყონ. ხშირად მახსენდება დოსტოევსკის მანიფესტი: "უნდა ეწამო!" ლექსი თუ სიმღერა გულიდან ხორცად უნდა გამოიტანონ და გულახდილები იყვნენ. დაბრკოლებები იქნება, მაგრამ არა ისეთი, ნიჭსა და სიკეთეს რომ დაძლევს. დაბოლოს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ ყველაფრის თქმის საშუალება მომეცით.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება