რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო

რისთვის სჭირდება გლდანის გამგეობას 70 კუბო

გლდანის რაიონის გამგეობამ 70 კუბოს შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, ჩასასვენებელი უნდა იყოს სტანდარტული ზომის, წიფლის, გამოკრული სარჩულით. მუნიციპალიტეტი 70 სუდარასაც შეიძენს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 17.500 ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, გლდანის გამგეობა ტენდერს სასაფლაოს მომსახურებაზეც აცხადებს. კერძოდ, მიმწოდებელმა თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოზე 70 მოქალაქის დაკრძალვა უნდა უზრუნველყოს.  ზემოაღნიშნული მომსახურება უნდა მოიცავდეს სამარხზე მომსახურებას (სამარხისათვის ადგილის გამოყოფა, სამარხის გათხრა, ჩასვენება, სამარის ამოვსება, ბორცვის მოწყობა) ასევე, ლითონის დაფის დამზადებას. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.800ლარია.

როგორც AMBEBI.GE-ს გლდანის რაიონის გამგებელმა ნოდარ სანდუხაძემ განუცხადა, ორი-სამი წელია, რაც გამგეობა სოციალურად დაუცველ, უმწეო მოსახლეობას, მათ ვისაც კუბოების შეძენის შესაძლებლობა არ აქვს, აღნიშნული ტიპის დახმარებას უწევს.

"ამ ჩასასვენებლებს მომავალი წლისთვის ვყიდულობთ. ეს არის გარდამავალი ტენდერი. თანხა გაიხარჯება მომავალი წლის ბიუჯეტიდან. შესაბამისად, წლის განმავლობაში ვინც იქნება გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი მოსახლე, რომლის ოჯახსაც სასახლის შეძენის საშუალება არ ექნება, დავეხმარებით. ასევე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული სამარხის მომსახურებაზე, რაც მიწის ამოთხრას, ფირნიშის დაყენებას, ელემენტარული ქრისტიანულად რაც არის საჭირო ყველა ადამიანისთვის, ამ მომსახურებას გულისხმობს. ეს სასახლეები 70 ცალი გამზადებული სადმე ერთად არ დევს. გამარჯვებული კომპანიის გამოვლენისა და დაკონტრაქტების შემდეგ, მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ გამარჯვებულ კომპანიას, ის ამზადებს სასახლეს და გაჭირვებული ადამიანისთვის სახლში მიაქვს", - აღნიშნა ნოდარ სანდუხაძემ.

როგორც გლდანის რაიონის გამგებელი განმარტავს, გარდაცვლილის ოჯახისათვის კუბოს გადაცემას და სასაფლაოს მომსახურების გაწევას მოქალაქის სტატუსი განსაზღვრავს. იგი სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული უნდა იყოს და 70 000 სარეიტინგო ქულაზე ნაკლები უნდა ჰქონდეს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს, გლდანის გამგეობას უმწეოთა დასახმარებლად დაახლოებით 70 სასახლე დასჭირდა და აღნიშნული გამოცდილების გათვალისწინებით, გამგეობამ ტენდერი სწორედ ამდენივე  კუბოზე გამოაცხადა.

ანა მარშანია, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია