აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე

აჭარა "ციტრუსის რევოლუციის" ზღვარზე

აჭარაში გლეხებს ათეულობით ტონა მანდარინი ან სარდაფში აქვთ გამოკეტილი, ან ხეზე ულპებათ და ხელისუფლებისაგან დაპირებულ დახმარებას ელოდებიან, რომელიც, როგორც წესი, იგვიანებს... დიდთოვლობისა და სხვა მიზეზების გამო, ციტრუსის ტრანსპორტირება შეჩერებულია. ერთი სიტყვით, როგორც თავად ამბობენ, - "აჭარლებისთვის ნამეტანი გლახა წელი მოდის..."

ჯიმშერი, 32 წლის, ქობულეთის მკვიდრი:

- წელს ციტრუსს ძალიან ბევრი ასხია... უფროსი თაობის ხალხი ამბობს, ასეთი კარგი და ხარისხიანი მოსავალი არ გვახსოვსო, მაგრამ "გასავალი" არ აქვს და რად გინდა?.. რა ვქნათ გლეხებმა - სასუქი "მივეცით", შემოვბარეთ, შემოვთოხნეთ, ვიშრომეთ, წლის ბოლოს მოსავალი ავიღეთ, მაგრამ ვერ ვყიდით და 15 ტონა მანდარინი საღა წავიღო?.. საუკეთესო ხარისხში 40 თეთრი შემომთავაზეს და დანარჩენს რა ვუყო?.. ხეზე დატოვება მეცოდება, თორემ ისეთ გულზე ვარ, წყალსა და მეწყერს წაუღია ყველაფერი. ხეზე რომ დავტოვო, მცენარესაც გამიფუჭებს. არადა, მომკრეფავს ცალკე ვაძლიე ფული, დღიურად 20 ლარი; "მზიდავს" - ცალკე (ვინც მანდარინის გოდრებს ეზიდება, იმას ჰქვია "მზიდავი", 30 ლარი უნდა მისცე), პლუს, კვების ხარჯი - ხალხს რომ ამუშავებ, ორჯერ მაინც აჭამო უნდა, აპა, მშიერი ხომ არ გეყოლება!.. ამდენი ხარჯის შემდეგ ამ ფასში რომ ჩავაბარო მანდარინი, "თხა ვიყიდე, თხა გავყიდეც" არ გამომდის მაშვინ... არც ის ვიცი, მაგ ფასში ყველას ჩავაბარებ თუ - არა: "პავილიონის" (იმ ადამიანების მოსაცდელი ადგილი, ვინც ქარხანაში ციტრუსი გასაყიდად მიიტანა) თვალუწვდენელ რიგში ვდგავარ ამ სიცივესა და უბედურებაში და ვუყურებ, როგორ ლპება ჩემი მთელი წლის ნაწვალები...

- გასულ წლებში ციტრუსი რა ღირდა?

- შარშან 60-70 თეთრი იყო და სტანდარტსაც არ ითხოვდნენ... ბინზესმენები ამბობენ, საზღვარგარეთ გატანა და განბაჟება ძვირიაო. გვპირდებოდნენ, წელს ციტრუსის უკრაინაში გატანის საშუალება იქნებოდა, მაგრამ ეს არეულობა დაემთხვაო. არ ვიცი, მართლა ასე იყო თუ უკრაინის არეულობას აბრალებენ... მესმის სახელმწიფოსიც, მათაც აქვთ პრობლემები, მაგრამ ჩვენ, გლეხობამ რა ვქნათ?.. "ნაციონალებმა" ვერაფერი გვიშველეს და გვეგონა, ამათ ხელში მაინც შეიცვლებოდა უკეთესობისკენ რამე, მაგრამ კაციშვილი არაა ჩვენი პატრონი. მერე კიდევ იტყვიან, გლეხს შრომა ეზარებაო. იწვალებ, დაიხარჯები, მოსავალს მოიყვან და სახლში რომ დაგილპება, მომავალ წელს დაგეზარება მუშაობა, აპა, რა იქნება, აპა, გიჟები კი არ ვართ, მუქთაზე ვიმუშაოთ...

თემური, ქობულეთის მკვიდრი:

- ხარისხიანი მანდარინი, ვიძალავე და 30 თეთრად ჩავაბარე. წვრილ "კაკლებში" 10 თეთრს გადაგიხდითო, ოღონდ ჯერ ცოტა ხანს უნდა გვაცადო, ხარისხიანის შესყიდვა დავამთავროთო, - მითხრეს. ხარისხიან მანდარინში, ერთ ტონაში 150 კილოგრამ დაბალხარისხიანს ურევენ და ისე ყიდიან... დასალპობად განწირულ მანდარინს, ვცდილობთ, თავად ვუშველოთ. ზოგი, ახალქალაქსა და ახალციხეში მიგვაქვს და კარტოფილსა და კომბოსტოში ვცვლით. შინ მთლად დალპობას ჯობია... ვისაც იქ წაღების თავი არ აქვს, ნაშოვარზე გადაყრის, "ნაშოვარი" იცი, რა არის?..

- არა...

- სადმე "ჩატკლეცილი მიწა", რომელიც ამოსავსებია... ჩვენში სიმწრით ხუმრობენ ხოლმე, ჯერ მოყვანა უნდა ვიდარდოთ, მერე კრეფა და მერე გადაყრაო... ეჰ, კი ვიცი, შვილო, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ მე და ჩემ გარშემო ბევრს ბანკის ვალით გვაქვს ეს მოსავალი მოყვანილი და მეგონა, ამით იმ ვალის ნახევარს მაინც გავისტუმრებდი. მორჩენილი თანხით კი, წლიდან წლამდე თუ არა, ნახევარ წელს მაინც გავიტანდით თავს მე და ჩემი ოჯახი... ვიწვალე, მევიყვანე და გაყიდვაც თუ სადარდებელი გამიხდებოდა, რავა მეგონა?! მერე ვიღაც თავს რომ მეიკლავს, შემოირტყამენ შუბლში, - უი, საწყალი, რა ჭირდა უშველებელიო?! - იტყვიან. "უშველებელი" ბევრს გვჭირს და მომხედავი არავინ გვყავს.

მედიკო, ხელვაჩაურის მკვიდრი:

- არ ვიცი, შვილო, რამდენად მართალია, მაგრამ ისიც ითქვა, ბიზნესმენები ფასს სპეციალურად აგდებენ, რომ ახალ წლამდე რაც შეიძლება დაბალ ფასში შეისყიდონ და დღესასწაულზე მაღალ ფასში გაყიდონო. რა ვიცი, რას გაუგებ ამათ. გვითხრეს, ჩვენი მთავრობა თურქეთზე ამყარებს იმედს, თურქულ მხარესთან მოლაპარაკებები მიდისო, მაგრამ თურქეთში ვის რაში სჭირდება ჩვენი ციტრუსი? აქვთ თავიანთი უგემური, მაგრამ "შეხედული", გენმოდიფიცირებული პროდუქტი და ყიდიან მაგას... ჩვენ კი ვიღუპებით აგერ. სათბური თოვლმა ჩამინგრია და მანდარინი, რომელიც ხეზე იყო დარჩენილი, გაფუჭდა. ფული არ მქონდა, მკრეფავებისთვის რომ მიმეცა და ყველას დაკრეფა ვერ მოვასწარი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, სარდაფში ჩამილპებოდა თუ ხეზე...

თემური, 46 წლის, მცირე მეწარმე:

- გვპირდებოდნენ, მეციტრუსე ფერმერების დაფინანსების მოცულობა უპრეცედენტო იქნება: ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარით, ხოლო აჭარის მთავრობიდან 1 მილიონ 800 ათასი ლარით დაფინანსდებითო, არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის თანადაფინანსებაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ არაფერი შეგვტყობია და რა ვიცი... ჩემზე უარეს დღეში არიან სხვები. მე მესამედი მაინც გავყიდე და ხალხს ათობით ტონა მანდარინი სარდაფში აქვს ჩაწყობილი და ხელისუფლებისგან დაპირებულ დახმარებას ამაოდ ელოდება.

ამ დროისთვის, ქობულეთის რაიონში ციტრუსის შემფუთავი 13 ქარხანა გაიხსნა, მაგრამ გამართულად არც ერთი არ მუშაობს ან თუ მუშაობს, თეთრებს გვთავაზობენ და იქ მიტანაც ცალკე ხარჯად გვაწვება...

ირაკლი, 30 წლის, ქობულეთის მკვიდრი, მცირე მეწარმე:

- ამჟამად რაიონში ერთადერთი ფირმა "სპაიკა" შემორჩა, რომელიც 5 ათას ტონამდე ციტრუსის მიღებას აპირებს ქობულეთსა და ნატანებში, ოღონდ - შემფუთავი ქარხნების გვერდის ავლით, პირდაპირ გლეხთან კავშირითა და ნაცნობობით. რაიონში კი, უამრავი ისეთი სოფელია, სადაც შემფუთავი ქარხანაც არ მუშაობს და აღარც კერძო პირი არსებობს, ვინც ციტრუსს ჩაიბარებდა... ვისთანაც მივედი ან ტელეფონით დავუკავშირდი, ყველამ ერთი და იგივე შეკითხვა დამისვა, - როგორი "კაკლებია"? ხომ იცი, წვრილები არ უნდა ერიოსო... - სტანდარტულ მანდარინს რომელი ხე ისხამს-მეთქი? - გავბრაზდი... - მაშინ სხვას მიმართეო. ვინ სხვას, რა გავაკეთო, ბანკის პროცენტი მიწევს. მეც ჩემი ახლობელივით, თავს ხომ არ მოვიკლავ ბანკის ვალის გამო...

იაგო, ბიზნესმენი, ბათუმის მკვიდრი:

- არც ჩვენ ვართ კარგ დღეში. მაღალ ფასში შეისყიდეო, რომ გვეუბნებიან, სად წავიღოთ?.. უკრაინამ საბაჟო გადასახადი გაზარდა. სუბსიდირების საკითხიც ჯერჯერობით გაურკვეველია, დღემდე გვპირდებიან... პრობლემა რუსეთში გასატან პროდუქციაზეც შეგვექმნა - ისინიც მკაცრად გვთხოვენ, "სტანდარტი" დავიცვათ, სტანდარტი კი 55-მილიმეტრიანი მანდარინია... ბევრს დაუწუნეს და ან ჩალის ფასში ჩააბარებინეს, ან გადაყრამ მოუწიათ. ჩემი მეგობარი მიყვებოდა, 45-50-მილიმეტრიანი პროდუქცია მოგვთხოვესო. აი, ამ მიზეზების გამო შეჩერდა ციტრუსის მიღება... ვიფიქრე, იქნებ თბილისში გავყიდოთ-მეთქი, მაგრამ ეს ბაზარი გალისა და სამეგრელოს ციტრუსით არის გაჯერებული, რომელიც გემოთი და ხარისხით აჭარულს ჯობია... ადრე, უხარისხო და მეორადი მანდარინი საკონსერვო მრეწველობის მიერ გადამუშავდებოდა. ასეთი საწარმოები ახლა აღარ არსებობს. რა ვქნათ ჩვენ?..

ჩემი პარტნიორი, რომელსაც ციტრუსი რუსეთში აფხაზეთიდან გააქვს, მეუბნებოდა, ქართული ვალუტით, 70-80 თეთრად ვაბარებო, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარისხიან პროდუქციაზე მუშაობს. წლებია უკვე, თავისი "წერტილები" აქვს: ისეთ სავაჭრო ქსელებთან და მსხვილ ობიექტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა "მაგნიტი", "პერეკრიოსტი", "სპარი", "სკაზკა", "კოსმოსი". კიდევაც რომ ვთხოვო, ცოტა ჩემი, აჭარულიც გაურიე-მეთქი, ვერ იზამს, რადგან "ხელს არ გაიფუჭებს"...

ავთანდილ მესხიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:

- სამწუხაროდ, უამ­ინდობის გამო, ტრა­ნსპორტირება შეჩერდა, რაც მეციტრუსეებს ცუდ მდგომარეობას უქმნის. არადა, სუბსიდირების შეთანხმება მიღწეულია. მეციტრუსეებს ეს ძალიან დაეხმარებოდა და შედეგიც გარანტირებული იქნებოდა, მაგრამ უამინდობამ ხელი შეგვიშალა. ამ ეტაპზე 3 გემი უნდა იყოს შემოსული, მაგრამ თოვამ ტრანსპორტირების პროცესი დროებით შეაჩერა...

P.S აჭარაში ამბო­ბენ, ციტრუსის სეზონის ჩავარდნას კიდევ ერთი მიზეზი აქვს - პოლიტიკური დაპირისპირებაო: მათი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არ აღმოაჩნდა რუს და უკრაინელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების უნარი, რადგან მას ახლა, სხვადასხვა მიზეზის გამო, "პოლიტიკური კრიზისი" აქვს. ხაბაძის შესაძლო შემცვლელად, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე განიხილება, რის გამოც თავმჯდომარემ ფარული ბრძოლა გამოუცხადა ფუტკარაძესო. კონკრეტულად, აჭარული მანდარინით დატვირთული გემი, რომელიც რუსეთში უნდა წასულიყო, დაბლოკეს. ამის საშუალება კი ლევან ვარშალომიძეს ჰქონდა, რადგან აჭარაში მოქმედი გადამზიდავი კომპანიების მფლობელია. ამ ბიზნესში წილი კი, აჭარლების თქმით, არჩილ ხაბაძეს აქვს.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, აჭარელი გლეხები, უამინდობასთან ერთად, ვარშალომიძე-ხაბაძის პოლიტიკასაც ეწირებოდნენ...

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია