დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"

დავით ზურაბიშვილი - "თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა"

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი მთავარ პროკურორთან დაკავშირებით გიგი უგულავას განცხადებას სოციალური ქსელით ეხმაურება.

"მოკლედ რა ქალბატონებო და ბატონებო:

თუ ბატონ ფარცხალაძეს ტყუილუბრალოდ აბრალებენ გერმანიაში ყაჩაღობისთვის ნასამართლეობას, მაშინ ამის შესახებ დაუყონებლივ უნდა გაცხადდეს სათანადო მტკიცებულებებით და ბატონ უგულავასაც მოეკითხოს პასუხი ცილისწამებისთვის.

და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ბატონმა პროკურორმა უნდა დატოვოს თანამდებობა. არანაირი სხვა პასუხი ამ შემთხვევაში არ მიიღება.

ასეა ეს და არ უნდა ამას ბევრი ლაი-ლაი", - წერს ზურაბიშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

გიგი უგულავას ინფორმაციით, მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გერმანიაში ყაჩაღობისთვის არის გასამართლებული.

როგორც უგულავამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სანამ საზოგადოება მიიღებს სრულ პასუხს ამ საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ ოთარ ფარცხალაძე თანამდებობას უნდა ჩამოაშოროს.

"საქართველოს მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე გასამართლებულია აუგსბურგის რაიონული სასამართლოს მიერ გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე და 252-ე მუხლებით ყაჩაღური ქურდობისთვის. ოთარ ფარცხალაძეს მიესაჯა ძირითადი სასჯელი პატიმრობა 1 წელი და 3 თვე აუგსბურგის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა პასიური საარჩევნო უფლებისა და გარკვეული თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. დამატებითი სასჯელი ძალაშია 2016 წლის 22 აგვისტომდე. განაჩენი კანონიერ ძალაში 2001 წლის 14 მარტს შევიდა. მე მოვითხოვ საქართველოს მთავრობისგან, დაუყოვნებლივ რეაგირებას, რომ მოხდეს თანამდებობიდან ჩამოშორება ოთარ ფარცხალაძის, ვიდრე საზოგადოება სრულად მიიღებს პასუხს ამ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელ საქმეშიც მსჯავრდებულია გერმანიაში საქართველოს დღევანდელი მოქმედი მთავარი პროკურორი", - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი "გაასიგრძეგანებს იმ ვალდებულებას, რომელიც მას გააჩნია, როგორც მთავარი პროკურორის წარმდგენს და ამ საქმეს გერმანიიდან გამოითხოვს".

უგულავას ამ განცხადების პასუხად საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადება გავრცელდა:

"მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურატურამ გააქტიურა გამოძიება მთელ რიგ რეზონანსულ სისხლის სამართლის საქმეებზე და პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის თბილისის მერი გიორგი უგულავა, ხსენებული ბრალდებულების ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაიწყო და აქტიურ ფაზაში შევიდა პოლიტიკური შანტაჟის და დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია საქართველოს მთავარი პროკურორის წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარ ი.მერაბიშვილთან შეხვედრაში დადანაშაულების შემდეგ, დღეს უკვე მისი ყაჩაღად შერაცხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - მთავარი პროკურორი ნებისმიერი ხერხით ჩამოაცილონ დაკავებულ თანამდებობას და დისონანსი შეიტანონ პროკურატურის გამართულ საქმიანობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა აუცილებლად გააგრძელებს კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, აცნობიერებს რა რომ დანაშაულთან ბრძოლა ქვეყნის განვითარების არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა მარტივი საქმე. საზოგადოებაში გაჩენილ ყველა კითხვას გაეცემა ამომწურავი პასუხი, ხოლო მცდელობა, გამოძიების პროცესი პოლიტიკურ დევნად გასაღდეს, კრახით დასრულდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს