"გერმანიაშია ნასამართლევი პროკურორი თუ ზანზიბარში ნაჯდომი, ეს არც გიგის, არც ვანოს გაპრავებად არ წავა"

"გერმანიაშია ნასამართლევი პროკურორი თუ ზანზიბარში ნაჯდომი, ეს არც გიგის, არც ვანოს გაპრავებად არ წავა"

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ყოფილი ხელისუფლების წევრებისა და ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტების რიტორიკაზე საუბრობს. "ფეისბუკში" გამოქვეყნებული პოსტით ზურაბიშვილი ხალხისადმი მათ ცინიკურ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს და მიიჩნევს, რომ "ეს მოუშლელი ცინიზმი" ნაცმოძრაობისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ სერიოზულ აგრესიულ მუხტს მოამწიფებს. განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე მთავარი პროკურორის ნასამართლეობასაც შეეხო.

"კი მომბეზრდა წინა ხელისუფლებაზე ლაპარაკი, მაგრამ "რუსთავი-2"-ის ჟურნალისტის დამცინავმა კომენტარმა მთავრობის მიმართ - ისრიალეთ მიშას ნაკვალევზე მესტიაში, მაგრამ ფრთხილად, არ მოსრიალდეთო, ნაცმოძრაობის მომხრე-თანამგრძნობელთა ისეთი საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია, არ შემიძლია ამის თაობაზე ორი სიტყვით არ ვთქვა.

სააკაშვილის ხელისუფლება საზოგადოების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახდა არა მხოლოდ მისი ტოტალურად ძალადობრივი ხასიათის გამო. არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ეს ძალადობა ხორციელდებოდა ხაზგასმულად ცინიკური და შეურაცხმყოფელი ფორმით. ადამიანებს თვალნათლივ უნდა დაენახათ რომ დაჩაგრეს, დაამცირეს, მასხრად აიგდეს. არ ვიცი, ეს სტილი როგორ და რატომ დამკვიდრდა - სადმე ამოიკითხეს, რომ ასე უნდა ექნათ მეტი ეფექტისთვის, თუ უბრალოდ ეგეთი ბუნებისა იყვნენ, მაგრამ ესეგვარი აროგანტულობა და ცინიზმი სააკაშვილის ხელისუფლების საფირმო ნიშნად რომ ჩამოყალიბდა, ფაქტია.

და ეს მოუშლელი ცინიზმი დღეს, როდესაც ნაცმოძრაობა აღარაა ხელისუფლებაში, საკმაოდ მწვავედ, ლამის რეფლექსების დონეზე ახსენებს ყველას მათი მმართველობის წლებს, იმ პერიოდში განცდილ-გადატანილს, რაც ერთის მხრივ უნარჩუნებს მმართველ კოალიციას უჩვეულოდ მაღალ რეიტინგს, მეორეს მხრივ კი აგროვებს სერიოზულ აგრესიულ მუხტს ნაცმოძრაობისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ. ანკი სხვანაირად როგორ იქნება, როცა ელიტური კორუფციის ერთ-ერთი სიმბოლო, სამოცდაათი მილიონის გაფლანგვაში ბრალდებული გიგი უგულავა, რომლის მიმართ კიდევ არაერთი პრეტენზია არსებობს, ჯერ ხომ პოლიტიკურ დევნილად წარმოგვიდგება, და მერე კიდევ ისეთ შეურაცხმყოფელ მარგალიტებს აფრქვევს ტრიბუნიდან, მხოლოდ "კინტოთ კილოს, კილოს შუა ბაზრისას" თუ შეეფერება?

ეს ისტერიულ-აგრესიული რიტორიკა, გარდა იმისა, რომ საპასუხო აგრესიას კვებავს, უკვე აშკარა პროვინციალიზმშიცაა გადაზრდილი, მაგრამ ამას ჯერჯერობით "სვეცკობაზე" და ინტელექტუალობაზე პრეტენზიის მქონე ნაცებიც ვერ გრძნობენ და ხან გიგის უზრდელობებს უკრავენ ტაშს, ხან ვანოს ალალმართალობას გვიქადაგებენ და ხან ტელეჟურნალისტის უადგილო, რეალტივის საუკეთესო ტრადიციების სტილში ნათქვამი სიტყვებით არიან აღფრთოვანებული.

თავის დროზე ეს ხალხი ბიძინა ივანიშვილს შემოსწყრა: როგორ თუ გაგვიბედა და რიტორიკის გადაწყობა გვირჩიაო, ვინ ჰკითხავს მაგას ჩვენ როგორ ვილაპარაკებთო. კი ბატონო, არავინ არაფერს გაძალებთ და ვერც დაგიშლით, ოღონდ თუკი თქვენივე ირონიაზე მარტო თქვენ გეღიმებათ და სხვებს უფრო პრესაჯის კორექტულობა და ალისტრახოს იუმორი აგონდება, იმდენს მაინც მიხვდით, რომ რაღაც ისე ვერაა, თქვენ რომ გგონიათ.

P. S. და არ დამიწყოთ ახლა იმის წამოძახება, გერმანიაშია ნასამართლევი პროკურორი თუ ზანზიბარში ნაჯდომი. ეს სულ სხვა ოპერიდანაა და არც გიგის, არც ვანოს და საერთოდ არავის გაპრავებად არ წავა", - წერს ზურაბიშვილის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს