თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან

თბილისში "შაურმის სკანდალი" გრძელდება - საშაურმეები ანტისანიტარიის გამო ჯარიმდებიან

ბოლო რამდენიმე წელია, თბილისის (და არა მარტო) ქუჩებში საშაურმეების რიცხვი დღითიდღე მატულობს, თუმცა სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ჰიგიენურ ნორმებს ყველაზე მეტად ამ სწრაფი კვების ობიექტებში არღვევენ. გუშინ შუადღით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შაურმით მოწამლული 9 პაციენტი მოათავსეს. საბედნიეროდ, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პაციენტების განცხადებით, შაურმა ყველა მათგანმა ერთი და იგივე სწრაფი კვების ობიექტში (ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე "ლესელიძე 2014") შეიძინეს. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 9 პაციენტიდან ყველას მდგომარეობა გუშინვე გაუმჯობესდა, ხოლო 3 მათგანი საავადმყოფოდან გუშინვე გაწერეს.

"გუშინ შუადღით ინფექციურ საავადმყოფოში 9 პაციენტი თითქმის ერთდროულად შემოიყვანეს. ყველა მათგანს გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი და ფაღარათი აღენიშნებოდა.

"შაურმისგან მოწამლული პაციენტები შემოუყვანიათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პერიოდულად ხდებოდა და არაინტენსიურად, თანაც 3-ზე მეტი ადამიანი ერთდროულად არასოდეს გვყოლია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა პაციენტი შაურმისგან მოიწამლა, ბოლო თვეების მანძილზე ეს შაურმით ჯგუფური მოწამვლის პირველი შემთხვევა იყო, თანაც ერთი და იგივე კვების ობიექტიდან", - უთხრა "რეზონანსს" ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგემ მაია ზალდასტანიშვლმა. ექიმებს მიაჩნიათ, რომ მსგავსი კვების ობიექტების შემოწმება მეტი ინტენსივობით უნდა მოხდეს, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ინსპექტირებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. მათი თქმით, მოქალაქეები სწრაფი კვების ობიექტებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდნონ.

"არავინ იცის, დაინფიცირება რა რგოლზე მოხდა. შეიძლება ბოსტნეული, რომელსაც შაურმას უმატებენ, სათანადოდ გარეცხილი არ იყო, ან ხორცი არ იყოს თერმულად დამუშავებული. თუკი ჰიგიენური ნორმები დაცული იყო, ასეთი შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა როდესაც საქმე ასეთ ჯგუფურ შემთხვევასთან გვაქვს, ეს ნიშნავს იმას, რომ ობიექტი ჰიგიენურ ნორმებს არ იცავს.

"საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი კვების ობიექტის ხელმძღვანელის სინდისზეა, ვინაიდან მარეგულირებელი ყოველ წუთს თავზე ვერ დაადგება. ამასთან ერთად, ადამიანებიც უფრო მეტად უნდა აცნობიერებდნენ, რომ სწრაფი კვების ობიექტებს მეტი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ. ცხადია, პერიოდული შემოწმება აუცილებელია, თუმცა მხოლოდ ამით პრობლემას ვერ აღმოვფხვრით", - განუცხადა "რეზონანსს" ექიმმა-ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა.

ლია გოგოლაძე, ექიმი-ინფექციონისტი: "ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროში ეპიდემიოლოგიური სამსახური გაუქმებულია, სწორედ ამის გამო დაზარალებულთა რიცხვი დღითი დღე მატულობს. მიმაჩნია, რომ არც სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს სათანადოდ. ასეთ ორგანიზაციებს მეტი სიხშირით უნდა ამოწმებდნენ და შესაბამის ზომებს უნდა იღებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არასოდეს გვეცოდინება რას მივირთმევთ სწრაფი კვების ობიექტებში".

ლესელიძის ქუჩაზე მდებარე საშაურმე "ლესელიძე 2014"-მა მუშაობა გუშინვე შეწყვიტა. როგორც "რეზონანსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, გიგა ქურდოვანიძემ უთხრა, საშაურმე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაუცველობის გამო 1000 ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

"ვინაიდან ოფიციალური შეტყობინება დროულად ვერ მივიღეთ, ზომების მიღება ცოტა დაგვიანდა, თუმცა ობიექტზე არაგეგმიური ინსპექტირება უკვე ჩავატარეთ. საშაურმე "ლესელიძე 2014" სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო. ჩვენ მათ რეკომენდაციები მივეცით და თუკი გონივრულ ვადაში შეასრულებენ, მუშაობის გაგრძელებას კვლავ მოახერხებენ.

"ვინაიდან საშაურმე მაღალი რისკის შემცველი ობიექტია, გასულ წელს ჩვენთვის პრიორიტეტი იყო. დეკემბერში სულ 54 საშაურმე შევამოწმეთ, აქედან 20 ბიზნეს-ოპერატორი დაჯარიმდა, დანარჩენებს რეკომენდაციები მივეცით, ხოლო ერთ საშაურმეს კრიტიკული შეუსაბამობის გამო (ანტისანიტარია) საწარმოო საქმიანობა შეუჩერდა", - ამბობს ქურდოვანიძე.

სალომე სარიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

იხილეთ ასევე: - "შა­ურ­მა ნე­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი­ა" - თბილისური საშაურმეების ტოქსიკური საფრთხე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია