მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა

მასწავლებელმა "იეღოველი" მოსწავლე ძალით მოანათვლინა

"ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი იყო, მე - იეღოვას მოწმე. ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შვილებს ზრდასრულ ასაკში არჩევანი თავად გაეკეთებინათ"

ნინო გ.-ს ეს ისტორია 2008 წლიდან, ანუ მას შემდეგ იწყება, რაც დედასთან და დასთან ერთად საცხოვრებლად ონში გადავიდა. მოზარდის დედა "მთელ კვირასთან" საუბრისას ყვება, რომ სკოლის მასწავლებელი ნინა შ., ბავშვზე სკოლაში მისვლის დღიდან მისი რელიგიის გამო ძალადობდა. დროთა განმავლობაში კი ის ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით დაითანხმეს და ოჯახის წევრების უჩუმრად, 14 წლის ასაკში მართლმადიდებლად მონათლეს.

ამ ამბის შემდეგ რამდენიმე საათში მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. მომხდარის გამო დღეს იგი სკოლაში აღარ სწავლობს, თუმცა სააღმზრდელო საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ამ ამბავში მონაწილე მასწავლებლები.

"პრობლემები ამ სკოლაში მისთვლისთანავე დაიწყო. იმის გამო, რომ მე იეღოვას მოწმე ვარ, ჩათვალეს, რომ ბავშვიც იეღოველი იყო და მას დაცინვა დაუწყეს. როცა მასწავლებელი ბავშვს დასცინის, მერე ამას ბავშვებიც იმეორებენ.

"კლასელების მხრიდან იყო საშინელი აგრესია. ჩემს შვილს ეუბნებოდნენ, რომ მისი რელიგია სამარცხვინო იყო, მის დანახვაზე "ფუი ეშმაკს" და მსგავს რამეებს ამბობდნენ, ამაში კი დიდი წვლილი თავად მასწავლებლებსაც მიუძღოდათ.

"პირველად, როდესაც ეს ამბავი შევიტყვე, სკოლაში მივედი და დირექტორიც და მასწავლებელიც გავაფრთხილე, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორებულიყო და მასაც ისევე მოქცეოდნენ, როგორც სხვა ბავშვებს ექცეოდნენ. მაგრამ სიტუაცია უფრო და უფრო იძაბებოდა, თუმცა ნინი ამ ამბავს მიმალავდა.

"საცხოვრებლად ჩემს ოჯახში მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავბრუნდით, ნინოს მამა ძალიან უყვარდა და მასწავლებელი სწორედ ამით მანიპულირებდა. გამუდმებით უმეორებდა, რომ მამას მისი რცხვენოდა და ქრისტიანად უნდა მოქცეულიყო. საქმე ის იყო, რომ ჩემი მეუღლე მართლმადიდებელი იყო, მე - იეღოვას მოწმე. ამიტომაც გადაწყვეტილი გვქონდა, რომ შვილებს ზრდასრულ ასაკში არჩევანი თავად გაეკეთებინათ.

"მაგრამ იმ დროს, როდესაც მე ბავშვი დაცულ გარემოში მეგონა, მასზე საშინელი ძალადობა იყო. ფიზკულტურის გაკვეთილზე ბიჭები ქვებს ესროდნენ. ერთხელ სახლში დალურჯებული თვალითაც მოვიდა. ამ ყველაფერს მასწავლებლები ხედავდნენ, თუმცა რეაგირება ყოველთვის ნული იყო. ყველამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ყველა ერთნაირად უდგებოდა ამ საქმეს", - ყვება ბავშვის დედა.

მისივე ინფორმაციით, სიტუაციამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც ბავშვი ოჯახის წევრების უჩუმრად მონათლეს. დედის თქმით, ამის შესახებ სკოლის დირექტორმაც იცოდა და იმ მამაომაც, რომელმაც ბავშვი მონათლა.

"ვხედავდი, რომ რაც დრო გადიოდა, ნინის სკოლაში წასვლა არ უნდოდა. თავიდან მეგონა, რომ სწავლა ეზარებოდა. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც ფრიადოსნობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ იმას, რომ პრობლემები ჰქონდა, მიმალავდა.

"ბოლოს მოხდა ის, რომ ბავშვი დაიყოლიეს და უჩუმრად მონათლეს. იმ დღეს ნინის სკოლიდან მოსვლა შეაგვიანდა. რომ მოვიდა, მივხვდი, რომ რაღაც აწუხებდა, მაგრამ არაფერი მითხრა, შევიდა ოთახში და თვითმკვლელობის მიზნით აბები დალია.

"რელიგიური მრწამსის არჩევა ძალიან სათუთი საკითხია და თავად პიროვნებამ უნდა გადაწყვიტოს, რა გზაზე იაროს. ეს ჩემი შვილისთვის ყველას ნაცვლად მასწავლებელმა გადაწყვიტა.

"იმ დროს, როდესაც სასწავლო პროცესი უნდა ყოფილიყო, თურმე ნინი ეკლესიაში წაუყვანიათ და მოუნათლავთ. მანამდე კი გაკვეთილის გაცდენა საპატიო მიზეზით დირექტორთან შეუთანხმებიათ. ჩემ გარდა ყველამ ყველაფერი იცოდა, საქმის კურსში იყო თავად მამაოც.

"ვერ აგიწერთ, ეს როგორ განვიცადე - ე.ი. რადგან მე იეღოვას მოწმე ვარ, ყველამ უნდა გადამიაროს და როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ? ე.ი. ნების თავისუფლებაც არ მაქვს?

"გონს რომ მოვედი, იურისტებს და პოლიციას მივმართე. სკოლის პერსონალი და მოსწავლეები თითქოს განყოფილებაშიც დაიბარეს, საქმე აღძრეს, განათლების სამინისტროსაც მიმართეს, მაგრამ ამ ამბავმა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემით ჩაიარა. მასწავლებლები მუშაობას უწინდებურად აგრძელებენ, ჩვენ კი მე-9 კლასის დამთავრებისთანავე სწავლას თავი დავანებეთ.

"ბავშვის სკოლიდან გამოყვანის არანაირი სურვილი არ მქონდა, მაგრამ ამ ამბის შემდეგ იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. მართლა რომ განეხორციელებინა თვითმკვლელობის გეგმა, ხომ დავიღუპებოდი...

"მათ კი ჩემთვის ბოდიშიც არ მოუხდიათ. როგორ შეიძლება, სკოლამ და მასწავლებელმა ეს რისკები არ გათვალოს?! პრაქტიკულად ამ საქმეს რეაგირება არ მოჰყოლია, ჩვენ კი მდგომარეობიდან გამოსასვლელად ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული კურსის გავლა დაგვჭირდა", - გვითხრა ნინოს დედამ.

აღნიშნულ საკითხზე "მთელი კვირა" მოზარდის ფსიქოლოგ თეა ფანჩულიძესაც ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ეს არასრულწლოვანი წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში მძიმე ფსიქოლოგიური აშლილობით მიიყვანეს.

"პაციენტს მთელი რიგი გართულებები აღენიშნებოდა. იმის გამო, რომ სკოლაში იყო ბულინგის მსხვერპლი, ჰქონდა სუიციდის მცდელობა. როგორც ამბობდა, რელიგიური შეხედულებების გამო მას დასცინოდნენ როგორც მასწავლებლები, ისე მოსწავლეები. ჰქონდა ურთიერთობის პრობლემები, იყო დეპრესიაში, თავდაპირველად კონტაქტში საერთოდ არ შემოდიოდა, ჰქონდა დაბალი თვითშეფასება და უამრავი ფსიქოლოგიური გართულება.

"ზოგადად იდენტობის პრობლემა ამ ასაკში ისედაც არსებობს და მითუმეტეს, როცა საქმე ასეთ მწვავე თემას ეხება, ეს ერთიორად მძიმე ფორმებში მიმდინარეობს. ფსიქოლოგიური დახმარების გარდა, მასთან ფსიქიატრიც მუშაობდა. როდესაც საქმე სუიციდს ეხება, იქ მედიკამენტოზური მკურნალობაც აუცილებელია.

"ერთობლივად ვმუშაობდით როგორც მასთან, ასევე მშობელთან და იმ პერიოდში ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა, მსგავსი ფაქტები მოზარდის განვითარებაზე და მის შემდგომ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს", - განაცხადა GCRT-ის ფსიქოლოგმა თეა ფანჩულიძემ.

"მთელი კვირა" აღიშნული თემის გარკვევას განათლების სამინისტროშიც შეეცადა, თუმცა არასამუშაო დღის გამო კონკრეტულ ფაქტზე ინფორმაციის დეტალური მოძიება ვერ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ ბავშვთა უფლებების შელახვაზე თავისი პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევების დროს მასწავლებელთან დადებული ხელშეკრულება წყდება.

აღნიშნული საკითხის შეფასება ვთხოვეთ საპატრიარქოსაც. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ არასრუწლოვნების შემთხვევაში ოჯახის წევრების თახმობის გარეშე ნათლობა დაუშვებელია და თუკი მოძღვარი სიტუაციაში ერკვეოდა, მას მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება.

"თუ ეს ნამდვილად ასე მოხდა და არასრულწლოვანი მშობლის თანხმობის გარეშე მონათლეს, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია. როგორც ჯვრისწერის, ასევე ნათლობის დროს, თუკი პიროვნება არასრულწლოვანია, ოჯახის წევრების თანხმობა აუცილებელია. თუ მოძღვარიც შეცდომაში შეიყვანეს და სიმართლე დაუმალეს, მაშინ მისი ბრალეულობა არ იკვეთება, თუმცა თუ იცოდა, ამ შემთხვევაში მას ადგილობრივი ეპარქიის მიერ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს", - განმარტეს საპატრიარქოში.

თათია ჩაფიჩაძე

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია