უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს

უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს

უკრაინაში მცხოვრები ქართველი - 22 წლის შმაგი თაგიაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის, რომ "ევროვიზია 2014"-ში საქართველოს სახელით მონაწილეობა სურს და ამისთვის ემზადება კიდეც.

- შმაგი, რამდენი წელია, რაც უკრაინაში ცხოვრობ?

- საქართველოში დავიბადე. 10 წლამდე თელავში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი ანუ ბავშვობა კახეთში გავატარე. მერე ოჯახთან ერთად, კიევში ერთი თვით, სტუმრად გავემგზავრეთ. იქ შემთხვევით, ერთ-ერთმა კომპოზიტორმა მომისმინა და ევროპაში ძალიან პოპულარულ კაპელაში სიმღერა შემომთავაზა... არადა, საქართველოში ყოფნისას ისეთ კაპელაში სიმღერაზე ვერც ვიოცნებებდი, რომელიც წელიწადში ათჯერ ევროპაში, გასტროლზე დადიოდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩემმა მშობლებმა იქ დარჩენა გადაწყვიტეს. მერე უკვე სკოლაშიც კიევში მიმიყვანეს. არადა, არც რუსული და არც - უკრაინული არ ვიცოდი. მიუხედავად ამისა, უკრაინელმა ბავშვებმა ძალიან თბილად მიმიღეს და წუთითაც არ მიგრძნია, რომ რუსულად ვერ ვლაპარაკობდი.

- რა განათლება გაქვს?

- დავამთავრე კიევის ნაციონალური კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი, საესტრადო ვოკალის განხრით.

- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ისევ კიევში ვცხოვრობ, ვაკეთებ ჩემს საქმეს და მინდა, საქართველოშიც მიცნობდნენ... საოცრად მიყვარს ჩემი სამშობლო და მხოლოდ უკრაინაში რატომ უნდა იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ? ქართული აუდიტორია და ქართველი მსმენელი მაინც სულ სხვანაირია, უფრო გულიანია.

- როგორც შევიტყვე, უკრაინაში გამართულ კონკურსში - "ახალი ხმა" მონაწილეობდი.

- ამ პროექტში ჩემ მიერ შესრულებული ქართული სიმღერა ხალხს ძალიან მოეწონა, შემდეგ სპონსორი და პროდიუსერიც გამომიჩნდა. ისინი შემოქმედების განვითარებაში მეხმარებიან. სხვათა შორის, სპონსორი უცნაურად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში: სუპერმარკეტში შევედი და ვიღაცამ მიცნო, გამომელაპარაკა: - შმაგი არ ხარ, "ახალ ხმაში" რომ გამოდიოდიო? შემდეგ ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და დამირეკა კიდეც. შევხვდი. ის გავლენიანი ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელმაც შემომთავაზა, - დაგეხმარებიო... ჩავწერეთ 5 ახალი სიმღერა, გადავიღეთ 3 კლიპი, მათ შორის 2 ქართულენოვანი. უნიჭიერეს ბიჭებთან ერთად ვიმუშავე. ისინი ერთ-ერთი ქართული რეპჯგუფის წევრები არიან... რუსულენოვანი სიმღერა უკვე 2 კვირაა, უკრაინულ პოპულარულ რადიოარხებზე ჟღერს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაჰიტდება.

- საერთაშორისო კონკურსებში თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული?

- რაც შეეხება კონკურსებსა და ფესტივალებს, დიდი გამოცდილება მაქვს: ვარ 5 გრან-პრის მფლობელი, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის მონაწილე. არაერთხელ გავსულვარ პირველ, მეორე და მესამე ადგილზეც... ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ვიმუშაო სიმღერებსა და კლიპებზე. ახლა "საევროვიზიო" სიმღერაზე ვმუშაობ. მინდა, ამ კონკურსზე საქართველოს სახელით გავიდე.

- იმედი გაქვს, რომ შენს კანდიდატურას მხარს დაუჭერენ?

- სიმღერაზე ევროპელი კომპოზიტორები მუშაობენ და იმედია, ყველაფერი გამოგვივა... ახლახან თბილისში ძალიან ნიჭიერი კლიპმეიკერი გავიცანი, რომელიც ევროპული დონის ვიდეოებს იღებს და ახლა მასთან ვთანამშრომლობ.

- შენი ოჯახის წევრებიდან საქართველოში არავინ ცხოვრობს?

- როგორ არა, საქართველოში ბებია მყავს და კიდევ, ძალიან ბევრი ნათესავი. თითქმის ყველანი კახეთში ცხოვრობენ და მათ ხშირად ვსტუმრობ. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე და ქვეყანა...

- საქართველოში რომ გეცხოვრა, რა გზას დაადგებოდი?

- კონკრეტულად რას გავაკეთებდი, არ ვიცი. ისე კი, საქართველოში მომღერლებს დაფასება რომ ჰქონდეთ, აქ წამითაც არ გავჩერდებოდი. მერწმუნეთ, საქართველო ჩემთვის ყველაფერია, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქვეყანაა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რესტორანში ვიმღერო, მაშინ, როცა ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია!

- შმაგი, უკრაინე­ლებს შენი სახელის წარ­­მოთქმა არ უჭირთ?

- სხვათა შორის, არ უჭირთ... მას მერე, რაც უკრაინის "ვოისში" გამოვედი, ყველამ გაიგო, ვინ არის შმაგი (იღიმის). უკრაინაში მომღერალი შმაგი მხოლოდ ერთია და ასე თუ ისე, პოპულარულიც გახლავართ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება