რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?

რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?

როდის დაასახელებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრემიერი ღარიბაშვილი? ეს კითხვა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე "ალიასთან" საუბრისას ამბობს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით პრემიერ-მინისტრს არ აქვს განსაზღვრული ვადები, როდის დანიშნავს მთავარ პროკურორს. "კონსტიტუციაში პროკურორის თაობაზე არაფერია ნახსენები, წერია მხოლოდ ის, რომ კანონით განისაზღვრება. არსებობს "კანონი პროკურატურის შესახებ", თუმცა ამ კანონში არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში შეუძლია იუსტიციის მინისტრს, წარუდგინოს პრემიერს მთავარი პროკურორის კანდიდატურა და რა ვადებში უნდა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრმა", - ამბობს ხმალაძე.

"ალია" გასულ კვირას წერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შერჩეული ჰყავდა მთავარი პროკურორის ორი კანდიდატურა. მათგან ერთ-ერთი მთავარი პროკურორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე იყო. ამ პოსტზე შოთაძის კანდიდატურის დასახელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მედიაში. მათ შორის "ალიაც" წერდა, რომ შოთაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის იმ დეპარტამენტში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ პოლიციას, ფინანსური პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონობების შესახებ კი ამჟამად მთავარ პროკურატურაში ასეულობით საჩივარია შესული. ამის გამო, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შოთაძეს, ფარცხალაძის მსგავსად, უკანონო ქმედებების ფაქტებს გაუხსენებდნენ. სწორედ ამიტომ, შოთაძის კანდიდატად განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

"ალიას" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გასულ შაბათს გეგმავდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელებას, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის გამო ეს პროცესი გადაიდო.

აი, რას უყვება "ალიას" წყარო: "დაგეგმილი იყო კანდიდატურის დასახელება. იყო რამდენიმე კანდიდატზე საუბარი, რომელთაგანაც ერთ-ერთის გვარის გახმოვანებას გეგმავდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ შოთაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა ეს პროცესი შეაფერხა, არა იმის გამო, რომ შოთაძე შეიძლებოდა გამხდარიყო მთავარი პროკურორი, არამედ იმის გამო, რომ დაიწყეს ყველა შესაძლო კანდიდატის ბიოგრაფიის ძირეული გამოკვლევა". - ამბობს წყარო.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ფრთხილობს, რომ ფარცხალაძის შემთხვევაში დაშვებული შეცდომა აღარ განმეორდეს და "ნაციონალებს" საპიარო თემა არ მიეცეს, ამიტომაც დაიწყეს კანდიდატთა ბიოგრაფიების საფუძვლიანი შესწავლა.

"ალია" გასულ კვირას წერდა ერთი უცნობი კანდიდატის შესახებაც, რომლის სახელისა და გვარის გაჟღერების უფლება წყარომ არ მოგვცა, თუმცა ამ ადამიანის ვინაობაც და ბიოგრაფიული შტრიხებიც ჩვენთვის ალტერნატიული წყაროებიდან გახდა ცნობილი. როგორც შევიტყვეთ პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს, ალექსანდრე (ლექსო) ფერიაშვილს განიხილავს. როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, ამჟამად ფერიაშვილი ყველაზე რეალური კანდიდატურაა და არ არის გამორიცხული, პრემიერმა სწორედ მასზე შეაჩეროს არჩევანი.

ფერიაშვილი წარმოშობით კახეთიდან არის, აქვს პროკურორად მუშაობის გამოცდილება, თუმცა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ფერიაშვილი პროკურატურაში 2004-2006 წლებში მუშაობდა და უწყება იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.

როდის დაასახელებს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურას? ამ კითხვით პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაიკო ბიგვავას მივმართეთ. როგორც ბიგვავამ "ალიას" განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენს ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მთავარი პროკურორის კანდიდატურას.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა