მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში

მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში

აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოყვა. მაჭახელას ხეობაში, "ნივის" მარკის  ავტომობილის გზიდან გადავარდნას 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, უბედური შემთხვევა უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

"მეწყერი ჩამოწვა ხულოსა და ქედაში, რამაც ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. უბედური შემთხვევა მოხდა მაჭახელაში. გზიდან გადავარდა "ნივა". ოთხი მგზავრიდან ერთი, 80 წლის ამირან ზაქარაძე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ბათუმი-ადიგენის მაგისტრალი ცალმხრივად გვიან ღამით გაიხსნა, დღეს კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მამუკა თურმანიძის განმარტებით, აჭარის რეგიონში ღამის განმავლობაში 15 გამოძახება დაფიქსირდა მათ შორის მეწყერის ჩამოწოლის და უბედური შემთხვევის შესახებ.

მისივე თქმით, ქარბუქი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში, ხოლო აჭარის სხვა რაიონებში - ძლიერი წვიმა და ქარი. ამასთან, მახინჯაურში ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

უამინდობამ პრობლემები ჭიათურის მოსახლეობასაც შეუქმნა. დიდთოვლობამ ჭიათურაში ელექტროენერგიისა და გაზის პრობლემები წარმოქმნა.  როგორც psnews.ge წერს,  წუხანდელი თოვის გამო, რეგიონში შიდა  გზები ჩაიკეტა, ხოლო სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად მიმდინარეობს გზის საფარის გაწმენდა ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. ვარაუდობენ, რომ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება და გზების გახსნა ხვალისთვის მოხერხდება.

ამასთან, იმერეთის გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შექმნა. ამის შესახებ topnews.com.ge წერს. იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შტაბში რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში თოვლის შედეგად შექმნილი გართულებების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. თუმცა სამსახურის უფროსის მოადგილის, აკაკი ტყავაძის თქმით, ამ დროისათვის რაიონებიდან დახმარების თხოვნა შტაბში არ შესულა.

უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზეც.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დილის საათებში მოქმედი შეზღუდვის რეჟიმი შეიცვალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილით ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ - ჩუმათელეთი-შროშას მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 28–193კმ ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთში (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერი თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ97) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სინოპტიკოსების ცნობით, ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა,  სვეტლანა ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ მომენტისთვის თოვს: რიკოთზე, აგარაში, გორში, ახალქალაქში, ახალციხეში, გუდაურში, ბაკურიანში, თიანეთში, წალკაში, სტეფანწმინდაში, ფასანაურში, ასევე დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, ქუთაისში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია, ზესტაფონში - 18 სმ; საჩხერეში - 10 სმ.

ძლიერი ქარი დაფიქსირდა გუშინ  ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ქარის სიჩქარე 20-30 მეტრს შეადგენდა. ასევე - რიკოთზე -30 მეტრი წამში, ბოლნისში - 18 მეტრი წამში, მარნეულში - 19 მეტრი წამში.

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარა, დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ამჟამად თოვს, თოვლის ნალექი საღამომდე შენარჩუნდება.

15-16 იანვარს საქართველოში უნალექო, ცივი ამინდი იქნება. 17 იანვარს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. არამდგრადი და ცვალებადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამაღამ ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს ბარში, ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება -4; მთაში -12; მაღალმთაში -18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  -10; მთაში  -15; მაღალ მთაში  -18 გრადუსი. ღამით ყინვები 15 იანვრის შემდეგ შედარებით შესუსტდება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისითაც მოიმატებს.

15 იანვარს, საქართველოს დაბლობში დღისით 10 გრადუსი იქნება, მთაში მოსალოდნელია +5; მაღალმთაში +2; 16 იანვრიდან საშუალოდ, ჰაერის ტემპერატურა +14; +10 და +5 გრადუსი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია