ღარიბაშვილი: სკანდალური მემორანდუმი, რომელიც ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილების ოჯახთან გაფორმდა, გასაჯაროვდება

ღარიბაშვილი: სკანდალური მემორანდუმი, რომელიც ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილების ოჯახთან გაფორმდა, გასაჯაროვდება

რამდენიმე დღეში პატარკაციშვილების ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმი გასაჯაროვდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მემორანდუმის გასაჯაროება თავად ოჯახს სურს, რისი მომართვის საფუძველზეც იუსტიციის მინისტრი საკითხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაიტანს.

"საქმე გვქონდა სისტემურ დანაშაულთან, წამებებთან, არაადამიანურ მოპყრობასთან. სისტემური იყო ბიზნესის დატერორება - სხვადასხვა ადამიანებს უკანონოდ ართმევდნენ მედიასაშუალებებს – მათ საკუთრებას. ტელეკომპანია "იმედი" იმის კლასიკური მაგალითია, თუ როგორ წაართვეს ის პატარკაციშვილების ოჯახს. სხვათაშორის, პატარკაციშვილების ოჯახი არის თანახმა, რომ გასაჯაროვდეს ის სკანდალური მემორანდუმი, რომელიც გაფორმებული იყო წინა ხელისუფლების მიერ პატარკაციშვილების ოჯახთან. ჩვენ ეს საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოგვაქვს, კერძოდ, იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან ოფიციალური მომართვა აქვს ოჯახიდან. ალბათ რამდენიმე დღეში მოხდება ამ დოკუმენტის გასაჯაროება და როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება იხილავს, თუ როგორ მოხდა ამ ოჯახისთვის ბიზნესის წართმევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან, პრემიერის თქმით, ყველა, ვინც აღნიშნულ დანაშაულებრივ სისტემაში მონაწილეობდა, პასუხისგებაში იქნება მიცემული.

"ეს იქნება სკანდალი, კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი, ჩადენილი სააკაშვილის ხელისუფლების მიერ და ამაზე მკაცრად მოუწევთ პასუხისგება. ყველა, ვინც ამ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელი იყო, იქნება პასუხისგებაში მიცემული. არ უნდა იქნეს განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი შენელდა – პირიქით", - დასძინა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა