ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე

ვაკის პარკში დაგეგმილი სასტუმროს ნახაზი და პარკის ტერიტორიის კლების დინამიკა ბოლო ათწლეულის მანძილზე

ვნებათაღელვა ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილი სასტუმროს მშენებლობის შესახებ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ "პარტიზანმა მებაღეებმა", მუსიკოსებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ მერიის წინ მშვიდობიანი აქცია-კონცერტი გამართეს. ქალაქ თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ კი განაცხადა, რომ ვაკეში სასტუმრო აუცილებლად აშენდება.

"აქციის ორგანიზატორები არაინფორმირებულნი არიან, ვინაიდან სასტუმრო, რომელიც რესტორან "ბუდაპეშტის" ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, პარკს არ მიეკუთვნება და სასტუმრო ცხრასართულიანის ნაცვლად, ხუთსართულიანი იქნება", - განაცხადა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა.

ვაკის პარკის დასაცავად მოძრაობა "პარტიზანი მებაღეები" და საზოგადოების ცნობილი სახეები ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდნენ. ინტერნეტსივრცეს კი კიდევ ერთი ბლოგი შეემატა, სადაც ვაკის პარკში არსებულ სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით მასალები არის განთავსებული.

ამავე ბლოგზე ქვეყნდება სასტუმროს ნახაზი, რომლის აშენებაც ვაკის პარკშია დაგეგმილი.

გარდა ამისა, ბლოგზე განთავსებული დოკუმენტებიდან ვიგებთ, რომ თბილისის საკრებულოს მიერ 2009 წელს დამტკიცებულ "თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის მიხედვით, "სარეკრეაციო ზონა 2“ -ის სტატუსის მქონე ტერიტორიებში სასტუმროს მშენებლობა დაუშვებელი იყო, თუმცა 2011 წლის 25 ნოემბერს მასში შეტანილი ცვლილების მიხედვით, ტერიტორიის გამოყენების დასაშვებ სახეობებს სასტუმროც დაემატა. 2013 წლის 24 ივლისს კი თბილისის მერმა გიგი უგულავამ გამოსცა ბრძანება, რომლის პირველ პუნქტშიც ვკითხულობთ: “ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის N68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს განთავსების მიზნით, გაიცეს სპეციალური (ზონალური) შეთანხმება საპროექტო წინადადებით, წარმოდგენილი პარამეტრების შესაბამისად და განისაზღვროს კ1=0.5″, რაც ნიშნავს, რომ რ-2 სარეკრეაციო სტატუსის მიუხედავად, მერმა გასცა ექსკლუზიური ნებართვა ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობისთვის.

რაც შეეხება ვაკის პარკის ტერიტორიის კლების დინამიკას 2002-2012 წლების მანძილზე, ის ამ ფოტოზე ნათლად არის გამოსახული.

მომზადებულია vakisparki.wordpress.com-ის მიხედვით.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია