ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

ჯონ მაკ-კეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

ადამიანის განვლილ ცხოვრებას ისე არაფერი ასახავს, როგორც ფოტოალბომი. ყოველი სურათი ხომ შეჩერებული წამია, რომელიც (როგორიც უნდა იყოს) წლების შემდეგ ამა თუ იმ სიტუაციას, განვლილ გზას გახსენებს. ჰოდა, ვინ იცის, ამქვეყნად რამდენი შეჩერებული წამი არსებობს?!. მე და ჩემი რესპონდენტი - მოდელი კრისტი ყიფშიძე ახლა სწორედ ერთ ფოტოზე გიამბობთ, რომელიც 2003 წლის 5 ოქტომბერს არის გადაღებული. სხვათა შორის, კრისტის ეს ფოტოსურათი განსაკუთრებულად უყვარს.

- ამ ფოტოზე სენატორ ჯონ მაკ-კეინთან და საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, რიჩარდ მაილსთან ერთად ხარ აღბეჭდილი. როგორ აღმოჩნდი ასეთი რანგის პოლიტიკოსების გვერდით?

- საერთოდ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვხუმრობ ხოლმე, - საქართველოში ამდენი პრეზიდენტი შეიცვალა და მე ისევ ის ვარ, ვინც ვიყავი-მეთქი. მიმაჩნია, რომ პოლიტიკამ ხელოვნებაზე გავლენა არ უნდა იქონიოს... ახლა დავუბრუნდეთ იმ ფოტოს, რომლის ამბითაც დაინტერესდი. საერთოდ, ხშირად ვხვდები ხოლმე კურიოზულ სიტუაციაში და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა 2003 წელს მოხდა. საქართველოში "ვარდების რევოლუცია" ჯერ არ იყო მომხდარი. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტისთვის: "არჩევნები ძალადობის გარეშე" საბანერო ფოტოს გადასაღებად მიმიწვია. სურათები ზაფხულში გადამიღეს, 5 ოქტომბერს კი ამ პროექტის პრეზენტაცია შედგა და პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ცხადია, მეც დამპატიჟეს.

- აპოლიტიკური ადამიანი ვარო, - ამბობ და მაინც, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობდი?

- ბანერისთვის ფოტო იმიტომ გადავიღე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. წასულიყვნენ არჩევნებზე და ვისაც როგორ უნდოდა, ისე ემოქმედა... მოკლედ, პრეზენტაციაზეც მივედი. კედელზე ბანერი ეკიდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული (იღიმის). მითხრეს, ამ ბანერთან უნდა დადგეო. ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ და ვიდრე პრესკონფერენცია დაიწყებოდა, მაგიდაზე გაშლილ ბუკლეტებსაც გავეცანი. სივრცე, რომელშიც ვიყავით, თანდათან სხვადასხვა ტელეარხის კამერებით ივსებოდა. ქართველი ჟურნალისტების გარდა, იქ იყვნენ "ბიბისის", "სიენენის" და ა.შ. წარმომადგენლები. მივხვდი, რომ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა იყო დაგეგმილი. უეცრად, კარი გაიღო და სენატორი ჯონ მაკ-კეინი (მომიტევეთ, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო) შემოვიდა. ყველა დაფაცურდა და დიდი ამბავი ატყდა. ვინაიდან ბანერი ცენტრში ეკიდა და მეც იქ ვიდექი, ის ჩემკენ წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, მომესალმა და გვერდით დამიდგა. მალევე შემოგვიერთდა იმხანად საქართველოში აშშ-ის ელჩი - რიჩარდ მაილსიც. მოკლედ, მე, მაკ-კეინი და მაილსი გვერდიგვერდ ვიდექით... შემდეგ გამოაცხადეს, რომ რიჩარდ მაილსი სიტყვით უნდა გამოსულიყო. გავიდა და საუბარი დაიწყო. ამასობაში ჯონ მაკ-კეინმა მკითხა: - პროფესიით ვინ ხართო? - მოდელი ვარ-მეთქი. - ამას კი მივხვდი, რადგან ძალიან ლამაზი ხართ. ამ ბანერზე თქვენ ხართ გამოსახულიო?

- ე.ი. სენატორისგან კომპლიმენტიც დაიმსახურე?

- კი, ასე იყო. ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. შემდეგ ტრიბუნასთან მაკ-კეინსაც სთხოვეს, მერე კი სიტყვის სათქმელად მეც მიმიწვიეს. კიდევ კარგი, მანამდე ბუკლეტები მქონდა გადაკითხული და ჩემს სათქმელს რაღაცნაირად, თავი მოვაბი. მოკლედ, იმ დღეს სუპერპოპულარული ვიყავი, რადგანაც ის კადრები ყველა არხით გადაიცემოდა, მე კი საკუთარ თავზე მეცინებოდა. ყველა გაოცებული მირეკავდა და მეკითხებოდა: - იქ რა გინდოდაო?! იმავე საღამოს ეკა ხოფერიამ შოუში ("რუსთავი 2"-ზე) მიმიწვია. მეკითხებოდა, თუ როგორ აღმოვჩნდი იმ დღეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში...

მას მერე გავიდა რაღაც პერიოდი და ჩემი მეგობრების მეგობრები ერთ-ერთი სამინისტროდან ჯონ მაკ-კეინთან, "თეთრ სახლში", რაღაც შეხვედრაზე მოხვდნენ. თურმე, მას აქვს ოთახი, სადაც კედელზე ჩარჩოში ჩასმული არაერთი ფოტო უკიდია. ერთ-ერთს კი აწერია: "ვიზიტი საქართველოში" და ეს სწორედ ის ფოტოა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე... მოკლედ, ასე აღმომაჩინეს ქართველებმა "თეთრ სახლში".

- გამოდის, საქართველოში "ვარდების რევოლუციას" წინ გაძღოლიხარ...

- აბა! არადა, ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ მიტინგზე. ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ გული არ შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, არამედ იმიტომ, რომ ფობია მაქვს, ხალხმრავლობის მეშინია. მერწმუნეთ, ჩემი ქვეყნის ტკივილი მეც ძალიან მტკივა.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება