დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი

დისკრიმინაცია თუ უმეცრება - აივ-ინფიცირებულების კიდევ ერთი თავსატეხი

მიმდინარე წელს საქართველოში შიდსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის 3 ქალია. როგორც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, აივ-ინფიცირებულთა ვინაობის გამჟღავნება კანონით ისჯება, თუმცა ხშირია შემთხვევა, როდესაც აღნიშნული კანონის უცოდინარობასთან გვაქვს საქმე ან აივ-ინფიცირებული პაციენტებისადმი გულგრილობასთან. როგორც სხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც არაერთი საინფორმაციო ხასიათის აქცია იმართება, რომელიც აივ-ინფიცირებულთა მიმართ მოპყრობასა თუ დაინფიცირების თავიდან აცილების პროპაგანდას ეხება. თუმცა შედეგები და საზოგადოების ინფორმირებულობა ხშირად კრიტიკას ვერ უძლებს.

ფაქტი ჯიუტია: აივ-ინფექციის მატარებელ პაციენტებს არა მარტო საზოგადოება, არამედ სამედიცინო დაწესებულებებიც ავიწროებენ. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ აივ-დადებითი პირების ვინაობის გამჟღავნებას ხშირად სამედიცინო პერსონალი ახდენს.

ნინო:

- წესით, არავის უნდა სცოდნოდა, რომ აივ-ინფიცირებული ვარ, მაგრამ სამშობიაროში ყველამ გაიგო ამის შესახებ. ჩემს პალატაში შუქი ჩაქრა. ძალიან ციოდა და სანიტარს ვთხოვე, სხვა ოთახში გადავეყვანე, სადაც სინათლეც იყო და გათბობაც. ნაცვლად იმისა, რომ დამხმარებოდა, ეს სანიტარი დერეფანში გავიდა და მორიგე ექიმს ყვირილი დაუწყო: - ამ ქალს ხელს ვერ ვახლებ, ვერსად გადავიყვან, შიდსიანიაო! მთელი განყოფილება გამოეფინა დერეფანში სეირის სანახავად. საშინლად დამცირებული და დათრგუნვილი ვიყავი, აღარც შვილის გაჩენა მიხაროდა. დიდი სტრესი მივიღე და მორალურად გავნადგურდი. რა თქმა უნდა, დამნაშავე არ დასჯილა.

დათო:

- სტომატოლოგთან რამდენჯერმე ისე მივედი, არ მითქვამს, ინფიცირებული რომ ვიყავი. სინდისმა შემაწუხა და ბოლო ვიზიტზე გავუმჟღავნე. ყვირილი დამიწყო, - აქ რას მოეთრეოდი, რატომ არ გამაფრთხილე, შიდსიანი რომ იყავიო?! წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა! კბილი ისევ დასაბჟენი მქონდა და იძულებული გავხდი, სხვა სტომატოლოგთან მივსულიყავი. იქ უკვე ტყუილის თქმა ვამჯობინე და ექიმს ვუთხარი, რომ C ჰეპატიტი მქონდა. ექიმმა მომისმინა და მიმკურნალა.

სამედიცინო იარაღებს ცალკე აწყობდნენ სასტერილიზაციოდ. საკვირველია, რომ C ჰეპატიტიანი პაციენტები უფრო მისაღებია ექიმებისთვის, ვიდრე აივ-ინფიცირებულები, არადა, C ჰეპატიტი უფრო ვერაგი დაავადებაა.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტის, იზა ბოდოკიას განცხადებით, ბოლო პერიოდში კლინიკები აივ-ინფიცირებულ პაციენტებს არ იღებენ ან დაინფიცირებულთა ვინაობის გამჟღავნება ხდება. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით მალე სასამართლოში სარჩელი შევა.

იზა ბოდოკია, შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორიის ექიმი-ლაბორანტი:

- ადვოკატები უკვე მუშაობენ რამდენიმე სარჩელზე და მალე სასამართლოში შევიტანთ. აუცილებლად დავასახელებთ იმ კლინიკებს, რომელთა პერსონალი უდიერად ექცევა აივ-ინფიცირებულებს და მათ "სტატუსს" საჯაროს ხდის. ამას წინათ "სასწრაფო დახმარებამ" ერთი ახალგაზრდა კლინიკაში მიიყვანა. ბიჭმა საავადმყოფოს ექიმს უთხრა, რომ აივ-ინფიცირებული იყო. ექიმმა კი ცა და ქვეყანა შეყარა. საავადმყოფოში ყველამ გაიგო პაციენტის აივ-დადებითი "სტატუსის" შესახებ. იმხელა სტრესი მიიღო ამ ადამიანმა, რომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია დასჭირდა.

მეორე შემთხვევაც ახლახან მოხდა: აივ-ინფიცირებულ ფეხმძიმე ქალს მშობიარობა უწევდა. სამ სამშობიაროში უარი უთხრეს. არადა, არავინ იცოდა, როდის დაეწყებოდა მშობიარობა. ნაცნობობითა და ხვეწნა-მუდარით მიიღო ერთ-ერთმა კლინიკამ. ფაქტია, რომ საზოგადოებას პრობლემები აქვს და ინფორმაცია მწირია აივ-ინფექციის შესახებ.

როგორც შიდსის ცენტრში აცხადებენ, კლინიკებს კანონი ავალდებულებს, ნებისმიერ პაციენტს თანაბარი სამედიცინო მომსახურება გაუწიონ, მაგრამ მედპერსონალი კანონს არღვევს.

მაია ცინცაძე, მედიცინის დოქტორი:

- კლინიკებში თუ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაცულია, არ უნდა ეშინოდეთ აივ-ინფიცირებული პაციენტების მიღების. გარდა ამისა, ვინც ჩვენთანაა აღრიცხვაზე, ყველას სერიოზული მკურნალობა უტარდება და მათი მხრიდან სხვისი დაინფიცირების შანსი მინიმუმამდეა დასული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 4 131 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათ შორის 3 032 მამაკაცია. პაციენტთა უმრავლესობა 29-39 წლისაა. 2013 წელს 96 ინფიცირებული პირი გარდაიცვალა, რომელთა შორის 76 მამაკაცია. ანტი-რეტრო-ვირუსულ(არვ) მკურნალობას 1 730 პაციენტი იტარებს, მათ შორის, 41 - ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა პროცენტული განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 51.2% (2116) - ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელი; 40.2% (1660) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 5.2% (215) - ჰომო-ბისექსუალური კონტაქტით; 2.0% (81) - ვერტიკალური გადაცემის (მუცლადყოფნის ან ძუძუთი კვების დროს ბავშვის დაინფიცირება) გზით; 0.5% (22) - რეციპიენტია (სისხლის გადასხმის ან რაიმე ორგანოსა თუ ქსოვილის გადანერგვის შედეგად დაინფიცირება); 0.9% (37) - ვირუსის გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ-ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1 447, აქედან 81 უცხოელი მოქალაქეა). მეორე ადგილზეა სამეგრელო, შემდეგ - აჭარა, იმერეთი, აფხაზეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, გურია, ფოთი, სამცხე-ჯავახეთი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 85 აივ-ინფიცირებული ბავშვი (0-დან 15 წლამდე), მათგან 25 გარდაიცვალა. 2013 წელს გამოვლინდა 32 აივ-ინფიცირებული ორსული. თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან მოქალაქე ხშირად შიდსის ანალიზს არ იკეთებს და ვირუსმატარებლობის შესახებ არ იცის.

გიორგი ბერიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია