"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი

"ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი" - მეჭეჭებიანი გოგონას კეთილი ზღაპარი

"გამარჯობა. ვის ველაპარაკები? - მკითხა ქალბატონმა და იქვე დასძინა: - რა გვარი ხარ, გენაცვალე?" "ქაჯაია გახლავართ", - ვპასუხობ. "შენ გაიხარე, მეგრელი ყოფილხარ", - ეტყობა, თავადაც მეგრელია და ამ ამბავმა ასე ძალიან ამიტომაც გაახარა-მეთქი, - გავიფიქრე, მაგრამ შევცდი.

- იცი, შვილო, მეგრელები ძალიან მიყვარს. ისე, რამ გაყო მეგრელი, სვანი, იმერელი, რაჭველი, კახელი და ქართლელი ერთმანეთისგან, ყველანი ხომ ქართველები ვართ?! მეგრელები კი მართლა ძალიან მიყვარან, მიუხედავად იმისა, რომ გორში დავიბად-გავიზარდე. მეზობლები მყავს მეგრელები, ძალიან კარგი ხალხია, გამუდმებით მეხმარებიან, რა თქმა უნდა, თუ დამჭირდება... დედა, რამდენი წლის ხარ?

- 32-ის, - ვპასუხობ და ასპარეზს ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ქალბატონს ვუთმობ, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და თავის ბინაში მიმიპატიჟა... უარი ვერ გავუბედე ასაკოვან ქალბატონს, რომელმაც ჩემთან სატელეფონო ლაპარაკისას ისიც აღნიშნა, რომ თავის დროზე მსახიობი იყო, კარგად ცეკვავდა, მღეროდა და სილამაზითაც გამოირჩეოდა თურმე...

სტუმრად მისულს სანდომიანი სახის ქალბატონი, ღიმილით შემხვდა და პირველი კითხვა, რომელიც შემომაგება, ასეთი იყო:

- რაო, რა მითხარი, რამდენი წლის ხარ?

- 32-ის...

- რომ არ გეტყობა? არა, ნამდვილად არ გეტყობა... აბა, თუ მიხვდები, მე რამდენი წლის ვარ? - მკითხა და ეშმაკურად გაიღიმა.

ცუდ დღეში ჩავვარდი. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. სიმართლე გითხრათ, ასეთი ამოცანები დიდად არც მხიბლავს...

- მაინც, მაინც? - არ მეშვება ქალბატონი და როდესაც ჩემგან პასუხი მოისმინა, თითქოს გაბრაზებულმა, მითხრა: რა, მე 65 წლის ქალს ვგავარ ახლა?.. ცხადია, მისი პასუხისგან სიმართლის დადგენა შეუძლებელი იყო, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარი ის არის, რომ ქალბატონ მარიამ იორამაშვილ-ჩიკვილაძეს, საქართველოს სახალხო არტისტს, ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვან მოცეკვავესა და ფილარმონიის სოლისტს დღემდე შერჩენია ახალგაზრდული ეშხი და რაც მთავარია, ჩემთვის საინტერესო ამბებიც გაიხსენა....

- წარმოშობით გურიიდან ვარ, მაგ­რამ ჩემი ოჯახი გორში ცხოვრობდა. ჩვენ აზნაურად წოდებულები ვართ. ბებო ბაგრატიონების შთამომავალი იყო. თურმე, ბავშვობაში შეუხედავი ვიყავი. ამბობდნენ: რა გაათხოვებს ამ მოსასპობსო?! 48 მეჭეჭი მქონდა სახეზე. ერთხელ დედამ ნათესავთან სტუმრად წამიყვანა. იმ ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა შეიცხადა: ვაიმე, ამ მეჭეჭებს ეს ბავშვი როგორ დაუუშნოებიაო? მერე, მთელი 2 კვირა შელოცვებს მიკითხავდა და მეჭეჭებიც გამიქრა... იცი, ძალიან ცელქი ვიყავი. ყოველ დილით 6 საათზე ვდგებოდი, შევიპარებოდი საქათმეში, სადაც 100 ფრთა ქათამი გვყავდა და ფრინველებს ვაწიოკებდი. მდიდრები ვიყავით. 170 სული პირუტყვი გვყავდა. დიდი ეზო გვქონდა, ხეხილით, ყველაფრით. მახსოვს, ბებოს ჰქონდა დიდი ყუთი, რომელშიც ლენინისთავიანი თუმნიანები ეწყო. ჰოდა, ერთხელაც ეს ყუთი მოვპარე და ფული მეზობლებს დავურიგე: ჩვენ მდიდრები ვართ, თქვენ ღარიბები და დაგჭირდებათ-მეთქი...

- ბებომ ფულის დაკარგვა როგორ გადაიტანა?

- ეს ამბავი რომ გაიგეს, დედამ მიმტყეპა, თმაც დამაპუტა. ბებოს ძალიან ვუყვარდი და ცხადია, შევეცოდე. იმის ნაცვლად, რომ მე დავეტუქსე, დედას გაუბრაზდა: რატომ სცემო? სხვათა შორის, ბებოც ძალიან ლამაზი ქალი იყო. მე მისი სახელი, მარიამი დამარქვეს... მერე დედა იმ მეზობლებთან მივიდა, ვისაც ფული მივეცი, მაგრამ აბა, ნაჩუქარს უკან ვინ დააბრუნებდა?.. ერთხელ ბებომ კაბა და ფეხსაცმელი დაკარგა. ეძებს, ეძებს გაუთავებლად. ვუთხარი: რასაც ეძებ, ძაღლმა წაათრია-მეთქი. - თუ დაინახე, რატომ არ წაართვიო? - მეშინოდა-მეთქი. - როდის იყო, ძაღლი ძაღლს კბენდა? შენი კუბო დავდგიო, - გამიჯავრდა. - დადგი, ბატონო, მე შიგ ჩავწვები, შენ კი დადექი და მიყურე-მეთქი (იღიმის).

- ალბათ პატარას ცეკვა-სიმღერაც გიყვარდათ...

- ასე იყო! სოფელ-სოფელ დავდიოდი სიმღერ-სიმღერითა და ცეკვა-ცეკვით. ხელში დიდი ჩანთა მეჭირა, რომელშიც იდო ყველი, კარაქი, ათასნაირი სასუსნავი და გაჭირვებულ ადამიანებს ვურიგებდი. ყველა მლოცავდა.

- სურსათი ოჯახის წევრების თანხმობით მიგქონდათ სახლიდან თუ ამ ყველაფრის მოპარვა გიხდებოდათ?

- (იღიმის) ხან ვიპარავდი, ხან - მაძლევდნენ. თუ ვერაფერს ჩავიგდებდი ხელში, მაშინ ყვავილებს ვკრეფდი და მერე ყველა შემხვედრს ვურიგებდი... დაახლოებით 6 წლის ვიყავი, სტალინის ქუჩაზე მივსეირნობდი, როდესაც ვიღაცამ დამიძახა: გოგონა, გოგონა, სტალინის სახლი სად არისო? გავბრაზდი: ამხელა ქალმა როგორ არ იცი, სტალინის სახლი სად არის? წამოდი, წამოდი და გაჩვენებ-მეთქი. უცნობებს ვუჩვენე სტალინის სახლი, მერე კი ვუთხარი: ახლა წამომყევით, გორის ციხე და ედემის ბაღი უნდა დაგათვალიერებინოთ-მეთქი. სწორედ ედემის ბაღთან ვცხოვრობდით. ჰოდა, უცხო ადამიანები იქ რომ მივიყვანე, დედას გავძახე: ჩქარა, სოფლიდან ხალხი ჩამოვიდა და მშივრები არიან-მეთქი. გაეცინათ. დედამ სახელდახელოდ გაშალა სუფრა. დავსხედით თუ არა, ჭიქა ავიღე ხელში და დავილოცე: აბა, გაგიმარჯოთ, კარგად იყავით, იცოცხლეთ-მეთქი. - ეს ბავშვი აშკარად, მსახიობი გამოვაო, - აღნიშნეს სტუმრებმა. თუ კარგია, თქვენ გამოდით მსახიობები-მეთქი. გაეცინათ. მერე დედამ სტუმრებს ჰკითხა: საიდან ბრძანდებითო? - თბილისიდან ვართ. ეს მსახიობი თამარ ციციშვილია, ეს - სერგო ზაქარიაძე, მე კი ნატო ვაჩნაძე ვარო, - თქვა ულამაზესმა ქალბატონმა და გაიღიმა, მერე კი დიდი მადლობა გადაგვიხადეს მასპინძლობისთვის.

- როდის მიხვდით, რომ მსახიობობა ცუდი არ იყო?

- გორში, მეოთხე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. გაკვეთილზე მასწავლებლები ხშირად მეუბნებოდნენ: ოღონდ გვიმღერე და შენი სწავლა არ გვინდა, ნიშანს სიმღერაში დაგიწერთო. სხვათა შორის, თავიდან კარგად არ ვსწავლობდი, მაგრამ მერე ძალიან მოვინდომე და სკოლა მაღალ ნიშნებზე დავამთავრე. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩვენს სკოლას მოშენებული ჰქონდა ფოიე, სადაც ბავშვები შესვენებისას ვიკრიბებოდით, ვერთობოდით ხოლმე. ფოიეს 50-სანტიმეტრიანი ჯებირი ჰქონდა შემოვლებული. ჰოდა, ერთხელაც, როცა ამ ჯებირზე ავხტი და სიმღერა შემოვცხე, ბავშვებმა წივილ-კივილი ატეხეს. ამ დროს გამოიარა სკოლის დირექტორმა, ვასო ძველაიამ და ლამის გაგიჟდა: რაიმე რომ დაგემართოს, პასუხს მე მაგებინებენ. ახლავე ჩამოდიო. ამ სურათს შეესწრო რეჟისორი ოთარ ალექსიშვილიც, რომელმაც დამიბღვირა. მეც დავუბღვირე. გამიცინა, მეც გავუცინე. მკითხა: სად ისწავლე სიმღერაო? - მე თვითონ ვისწავლე, აბა, სად უნდა მესწავლა-მეთქი? - ჩემთან წამოხვალო? - სად უნდა წამოვიდე-მეთქი? ხელი მომკიდა და, - თეატრში წაგიყვანო. - თეატრი რა არის-მეთქი? - გავიკვირვე და იქვე დავძინე: რად მინდა ეგ თეატრი? თუ კარგია, შენ გამოდი თეატრი-მეთქი. გაეცინა. მერე სწორედ ამ ადამიანმა მაზიარა სცენას და ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარი გმირის როლი მომცა. მაშინ დაახლოებით 9 წლის ვიყავი. მერეც სულ კარგ როლებს მაძლევდნენ...

- ანუ სკოლის მოსწავლე გორის თეატრის მსახიობი გახდით?

- არა მარტო გორში, არამედ ლაგოდეხის თეატრის სცენაზეც ვთამაშობდი... ერთხელ ლაგოდეხში წამიყვანეს სტუმრად, დასასვენებლად. იქ გავიცანი თეატრის მაშინდელი დირექტორი გაიოზ ქართველიშვილი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. რომ გაიგო, გორის სცენაზე წარმატებით გამოვდიოდი, შემომთავაზა: ჩვენთანაც ითანამშრომლე და მეც კარგ როლებს მოგცემო. დავთანხმდი. ჰოდა, ხან გორში ვიყავი, ხან - ლაგოდეხში, მერე კი ონში მომიხდა ცხოვრება და სცენას დროებით ჩამოვშორდი.

- ამის მიზეზი რა იყო?

- ამის მიზეზი იყო რაჭველი კაცი, რომელსაც ცოლად გავყევი.

- მომავალი მეუღლე სად გაიცანით?

- პირველად ლაგოდეხში მნახა. მაშინ სამხედრო სამსახურში იყო და თეატრში ხშირად მოდიოდა... ერთხელაც, როცა გორში გორისჯვრობას აღვნიშნავდით და ქალაქში უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, ცეკვა-თამაშისას ჩემ გარშემო წრე შეიკრა. სხვათა შორის, მაშინ უკვე სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ წერეთელი გახლდათ. ცეცხლი ვიყავი, მართლაც!.. მოკლედ, წრე რომ შეიკრა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა ორი ცხენოსანი: ერთი წითელზე, მეორე კი თეთრ რაშზე იყო ამხედრებული. თეთრ ცხენზე ჩემი მომავალი მეორე ნახევარი იჯდა. ჯერ 24 წლისაც არ იყო. მიიხედ-მოიხედა, ცხენი ორ ფეხზე შეაყენა. ცხოველს ფაფარი წამოეშალა. ხალხი შეშინდა, მე კი ამ ლამაზმა სანახაობამ თითქოს გამაშეშა. ის ჩემ წინ დადგა, მე კი თავი ავარიდე და ცეკვა დავიწყე. ყურადღებას აღარ ვაქცევდი, რადგან მაშინ სხვაზე ვიყავი შეყვარებული... როცა სახლში წავედი, უკან გამომყვა. შინ შევედი. ცოტა ხანში ის თავის მეგობართან ერთად გვესტუმრა და დედას უთხრა: რაჭველი ვარ, თქვენი გოგო მიყვარს და როგორც კი სამხედრო სამსახურიდან გავთავისუფლდები, წავიყვანო. ჩემებს სასიძო მოეწონათ, მე კი ცხადია, მისი ცოლობა არ მინდოდა... იმ პერიოდში მამა ამბობდა: გორის ქუჩებში დავდივარ, დავდივარ და ჩემი მარიამისთანა ლამაზი ჯერ არავინ შემხვედრიაო.

- მიუხედავად იმისა, რომ მომავალი მეუღლე არ მოგწონდათ, ცოლად მაინც გაჰყევით?

- ვინაიდან შეყვარებულზე არავითარ შემთხვევაში არ გამათხოვებდნენ, იძულებული გავხდი, ყოფილი სამხედროს წინადადებას დავთანხმებოდი.

- ოჯახის წევრები თქვენს შეყვარებულს რატომ იწუნებდნენ?

- ბიჭი ბიჭად ნამდვილად არ დაიწუნებოდა, ისიც ლამაზი რაჭველი კაცი იყო, მაგრამ მისი ოჯახი არ მოსწონდათ. ჩვენ 6 წელი გვიყვარდა ერთმანეთი... მომავალ მეუღლესთან ხელი გორშივე მოვაწერე და მხოლოდ ამის შემდეგ დართეს ჩემი რაჭაში წაყვანის უფლება. ახალგათხოვილს დაც გამაყოლეს. ვფიცავ ჩემს შვილებს, 4 დღე, ვიდრე ჩემი და იქ იყო, ქმარს არ მივკარებივარ. ვეუბნებოდი: მრცხვენია, ჩემი და ხომ აქ არის-მეთქი?!. სოფელში ვცხოვრობდით. ვამბობდი: წყალს მოვიტან, სადილს მოვამზადებ, დავრეცხავ, მაგრამ სხვას ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი. მეუღლემ მითხრა: თონეში პური ჩააკარიო. - ვაიმე, არ ვიცი, ამას ვერ გავაკეთებ-მეთქი. ერთხელ, როცა შინ არავინ იყო, თონე გავახურე: მოდი, იქნებ პურის ცხობა გამომივიდეს, მოვსინჯავ-მეთქი. ცომი თონეში ჩავაკარი, მაგრამ ერთის გარდა, ყველა ჩაცვივდა (იღიმის).

- სცენას მეუღლის თანხმობით დაუბრუნდით?

- ერთხელ მეუღლის ბიძაშვილმა მითხრა, - წამოდი, ონში უნდა გაგატაროო. თეატრის წინ გავიარეთ. გარეთ მსახიობები იდგნენ და ამ ქალს დაუძახეს: ეს გოგო ვინ არისო? იცით, ლამაზი კი ვიყავი, მაგრამ რაჭაში უფრო მეტად გავლამაზდი, ჩემი თავისა თავადვე მიკვირდა...

- მოგიხდათ რაჭის ჰაერი?

- კი, ნამდვილად ასე იყო (იღიმის)... მსახიობებმა რომ გაიგეს, გორისა და ლაგოდეხის თეატრებში რამდენიმე როლი მქონდა შესრულებული, ძალიან გაუხარდათ. მითხრეს, ჩვენთან მობრძანდით, ითანამშრომლეთო. მათ ვუპასუხე: ქმარს ვკითხავ და პასუხს მერე მოგახსენებთ-მეთქი. თეატრის მაშინდელი დირექტორი ჩემს ქმარს შეხვდა და დაელაპარაკა. მეუღლემ მუშაობის ნება დამრთო. ერთი როლი მომცეს, სადაც ხან ქალის სამოსი მეცვა, ხანაც - კაცის. მოკლედ, ვაჟკაცური როლი მქონდა. ჩემს გმირს შაჰ-აბასი უნდა მოეკლა. პიესა შალვა დადიანის გახლდათ. რეჟისორს ვთხოვე: იქნებ შალვა დადიანს შევატყობინოთ, რომ მისი სცენარის მიხედვით ვაპირებთ წარმოდგენის გამართვას და პრემიერას დაესწროს-მეთქი. მითხრეს: ცუდი გზებია, ბატონი შალვა კი ხანში შესულია და ცოდვაა, ძალიან დაიღლებაო. მსახიობი ბიძაშვილი მყავდა და მას ვთხოვე, - საქმე ასე და ასეა, იქნებ შენ მაინც შეატყობინო-მეთქი. მოკლედ, ჩემი გავიტანე და სპექტაკლის პრემიერას პიესის ავტორიც დაესწრო. წარმოდგენა რომ დამთავრდა, ბატონი შალვა სცენაზე ამოვიდა, გადამკოცნა და მითხრა, - ეს როლი შენთვის დამიწერიაო!.. რაიკომის მდივანიც ამოვიდა სცენაზე და წარმატებული გამოსვლა მომილოცა, მე კი შემთხვევით ვისარგებლე და ვთხოვე: რა მოხდება, ბატონი შალვა დასასვენებლად შოვში რომ გავუშვათ, ერთი-ორი კვირით-მეთქი? - ძალიან კარგი აზრიაო, - მითხრა და თხოვნა შემისრულა... სხვათა შორის, ჩემს პერსონაჟს სპექტაკლის ბოლოს კლავდნენ. თამაშისას ყაბალახი და ნაბადი გადამივარდა, სასიკვდილოდ განწირული წავიქეცი. ჩემმა შვილმა, რომელიც მაშინ პატარა იყო, ეს სურათი რომ დაინახა, აყვირდა: "დედა, დედააა!" ხალხი სიცილისგან ლამის გაიგუდა. აპლოდისმენტებიც არ დაიშურეს პატარა მოტირალისთვის.

- მეუღლეს არ უჭირდა მსახიობი ცოლის სამუშაო რეჟიმთან შეგუება?

- შეიძლება, უჭირდა კიდეც, მაგრამ ამას არასდროს მაგრძნობინებდა. ის არაფრის გაკეთებას არ მიშლიდა. იცოდა, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა... რაღაც პერიოდის შემდეგ საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. მახსოვს, რუსთაველის თეატრის მაშინდელმა დირექტორმა მთხოვა: ჩვენთან მოდი, ადგილი არ გვაქვს, მაგრამ მიგიღებთ, მარტო შენი სილამაზის სანახავად მოვლენ თეატრშიო (იღიმის)... ერთხელ, წარმოდგენის დამთავრების შემდეგ სცენაზე ვიღაც კაცი ამოვიდა, ხელი ჩამომართვა და მითხრა: მე ბოშათა ბანაკიდან ვარ. აქ შევჩერდით და სპექტაკლმა დაგვაინტერესა. სურვილი მაქვს, 3 დღით ჩვენთან წამოხვიდეთ, "ციგანკური" უნდა შეგასწავლოთო. მათ გავყევი. თავიანთი ტანსაცმელი მომცეს და ცეკვაც უსასყიდლოდ მასწავლეს.

- როგორც მითხარით, სახელმწიფო ანსამბლში ცეკვავდით...

- დიახ, ვახტანგ წერეთელს გორში ჩამოყალიბებული ჰქონდა ანსამბლი, რომლის წევრიც გახლდით. სხვათა შორის, ჩემი ყოფილი შეყვარებული იქ გავიცანი, პარტნიორები ვიყავით... მას მერე, რაც მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი (მეუღლე ცეკავშირში, თანამდებობაზე მუშაობდა), თეატრში ცოტა ხანს ვიმუშავე, მერე კი ჯანო ბაგრატიონის ანსამბლში გადავედი, შემდეგ ჭოხონელიძის, მოგვიანებით კი დარახველიძის ანსამბლში ვმუშაობდი. მაშინ არა მარტო კარგად ვცეკვავდი, არამედ შესანიშნავად ვმღეროდი კიდეც და ფილარმონიაში სოლისტად ვმუშაობდი... სხვათა შორის, კაცის საქმეების კეთებაც მეხერხება. მაგალითად, ერთხელ სახლში ვენახი ჩავყარე, ტალავერი უნდა გამეკეთებინა. ქმარი მეუბნებოდა, - რად გინდა, რომ წვალობ, ეს ვენახი ყურძენს მაინც არ მოისხამსო. - შენ რას დაეძებ, მე მოვუვლი-მეთქი. რამდენიმე წლის შემდეგ 400 კილო ყურძენს ვკრეფდი, ვწურავდი, ღვინოსაც თავად ვაყენებდი და მერე არაყსაც ვხდიდი. ვაკეში კერძო სახლი გვქონდა და იქ ხდებოდა ეს ყველაფერი. კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ: ერთხელ "ფეჩის" საყიდლად წავედი ბაზარში. იქ, სადაც უნდა გამევლო, სამი ბიჭი იჯდა. ჩემი დანახვისას კომპლიმენტები გადმოაფრქვიეს; დედა, დედა, რა ლამაზი ბრძანდებით, თქვენი ქმარი მარტოს როგორ გიშვებთო? ამასობაში, თურმე მათი მეგობარი ჩემს გაძარცვას ცდილობდა: ვიგრძენი, მაჯაზე როგორ შემხსნა საათი და ხელი ვტაცე. ე.წ. ერევნის საათი მეკეთა, ძალიან ძვირფასი.

- ბავშვობის მერე სერგო ზაქარიაძეს, თამარ ციციშვილსა და ნატო ვაჩნაძეს აღარ შეხვედრიხართ?

- სერგო ზაქარიაძესთან, რამაზ ჩხიკვაძესთან და გიორგი გეგეჭკორთან ერთად ვსწავლობდი "საშოფროზე". ერთხელაც, ყველანი ერთად, საქეიფოდ მცხეთაში წავედით და კარგი დრო ვატარეთ, მერე კი ისინი ჩემს სახლში მივიყვანე...

- ანუ ავტომანქანასაც მართავდით?

- ასეა! სხვათა შორის, მაშინ მეუღლემ "ვოლგა" მიყიდა. მძღოლები გაკვირვებულები მიყურებდნენ ხოლმე, მე კი სულ "გრუბად" ვიყურებოდი, ვინმეს ზედმეტი რომ არ ეკადრებინა...

- ქალბატონო მარიამ, კი ამბობთ, მეუღლე მენდობოდაო, მაგრამ თქვენს თაყვანისმცემლებს თუ ენდობოდა? სავარაუდოდ, მათი რიცხვი მცირე არ იქნებოდა...

- კაცებს კი მოვწონდი, მაგრამ ვერც ერთი ვერ მიბედავდა რაიმეს თქმას... მაგრამ მას მერე, რაც ქმარი გარდამეცვალა, ერთმა თანამდებობის პირმა შემომითვალა: გთხოვ, ცოლად გამომყევი და ჩიტის რძეს არ მოგაკლებო. - არც ჩიტის რძე მინდა და არც სხვა რამე, ჩემი ოჯახი და შვილები ყველაფერს მირჩევნია-მეთქი, - შევუთვალე გაბრაზებულმა...

- თქვენს შვილებზე რას მეტყვით?

- ძალიან ლამაზი ქმარ-შვილი მყავდა... მეუღლე სიმსივნით გარდაიცვალა, მას ვაჟებიც მიჰყვნენ. უმცროს ვაჟს ერთი შვილი დარჩა. ის გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. მეორე ვაჟს 3 გოგო ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი - ცნობილი მოდელი, სოფო ჩიკვილაძეა (ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე. - ავტ.)... ლაღი ცხოვრება მქონდა, მაგრამ ქმრისა და შვილების დაკარგვამ დიდი ტკივილი მომაყენა...

- ამას წინათ ლექსების კრებული გამოეცით, სადაც ამ ტკივილზეც ლაპარაკობთ...

- ორი შვილის დაკარგვა, თან სამ წელიწადში, დედისთვის მეხის დაცემაა! ვინ არის სიკვდილი, საიდან მოდის? შვილი რომ სახლის კარს აღარ შემოაღებს და არ გეტყვის: დედა, როგორ ხარო? - რა უნდა ქნას საბრალო დედამ? მოგიკვდეთ დედა, ჩემო ვაჟკაცო ბიჭებო... თან გაიყოლეთ დედის დამწვარი გული. ვაი, შენ, წუთისოფელო!

"ცოცხალი ძალმიძს დაგისაკუთრო,/ გული კვნესის და ცრემლიც კი სტირის,/ დადგება დრო და მომსპობს საწუთრო,/ და გაიღება სამოთხის კარი.../ მე არასოდეს არ დავბრუნდები,/ წამყვება თქვენი ფარული ცრემლი,/ დადგება დრო და თქვენს მოსაგონრად,/ ძეგლად დარჩება ეს ჩემი ლექსი".

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დავით ნარმანიამ სემეკ-ის 2020-2021 წლების საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

"ნიუ ჰოსპიტალსში” ჩატარებული პროცედურის შედეგად, იშემიური ინსულტის მქონე პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა

"გვინდა, კრემაციის გარეშე შევძლოთ დედაჩემის გადმოსვენება" - საბერძნეთში გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს