კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა

კაცი, რომელმაც მამრობითი სქესის სახელით ქალებზე ჯავრი გართობის ფორმით იყარა

"ჩემს ცხოვრებაში სიახლეა, - ''პალიტრა ტვ''-ზე გადაცემა "ბიზნესფაილი" მიმყავს, სადაც აქამდე დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციას ვახდენ", - ამბობს გურამ შეროზია, ახალგაზრდა, რომელზეც როგორც მხოლოდ რადიოწამყვანზე, ნამდვილად ვერ ვისაუბრებთ. ის "პალიტრამედიაში" მცირე და საშუალო ბიზნესის პროექტების ხელმძღვანელია. ლექციებს ილიას უნივერსიტეტში კითხულობს, დოქტორანტია. წერს ლექსებს, ხატავს, მღერის და ბევრს მოგზაურობს... ამიტომ როდესაც ასეთ მრავალმხრივ, აქტიურ, ენერგიულ და იდეებით სავსე ადამიანს ესაუბრები, არც კი იცი, საუბრისას უპირატესობა რას მიანიჭო...

გურამ შეროზია:

- ვიფიქრეთ, რომ გადაცემა ცოტა სხვა კუთხით წამეყვანა, უფრო შემეცნებითი ხასიათი რომ ჰქონოდა... საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ, ეთერში გასულ პირველ გადაცემას ბევრჯერ ვუყურე და ჩემთვის რაღაცები მოვინიშნე. ისე, სწრაფად პროგრესირებადი ადამიანი ვარ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ყოველი გადაცემა წინაზე უკეთესი იქნება...

- მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელი მარკეტინგისა და გაყიდვების კუთხით გაქვს დამთავრებული და ბიზნესის საკითხებზე მუშაობ და სტუდენტებსაც ამ მიმართულებით ასწავლი, წერ მისტიკურ, ფილოსოფიურ, სევდიან, ზოგჯერ რომანტიკულ ლექსებს... ამ ყველაფერს როგორ ათავსებ ერთმანეთთან?

- ყველას უკვირს როდესაც ჩემი პროფესიისა და სამსახურების ფონზე, ადამიანები ჩემს რომანტიკულ ლექსებს ან სევდიან ბალადებს კითხულობენ. საერთოდ, პოეზიაში დეპრესიული, მელანქოლიური ვარ, ალბათ იმიტომ, რომ ლექსის დაწერის მუზა მაშინ მომდის, როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ისე, პოეზიის პარალელურად, ვუკრავ და ვმღერი კიდეც. ბავშვობაში უკეთ ვმღეროდი, მაგრამ მერე მუტაციის პერიოდში გამაჩერეს, გარდატეხის ასაკში სიმღერა არ შეიძლებოდა და მას მერე სერიოზულად (კონკურსებშიც ვმონაწილეობდი) აღარ მიმღერია. ახლა აპარატურა შევიძინე და ვცდილობ, მუსიკას დავუბრუნდე. ბავშვობაში ვხატავდი კიდეც... ახლა ხატვისთვის დრო არ მრჩება, რადგანაც საერთოდ, დროის დეფიციტი მაქვს... ხელოვნება ზოგადად ძალიან მიზიდავს.

- მოკლედ, შენი ენერგიის სარეალიზაციოდ, დრო და სივრცე არ გყოფნის, არა?

- კი, მაგრამ ბოლო დროს ვცდილობ, რომ ენერგია მეტად დავხარჯო ჩემთვის სასარგებლო საქმეზე და გაუკეთებელი არაფერი დამრჩეს... საერთოდ ადამიანი რაც მეტად არის დაკავებული, დროს მეტ რამეს უთმობს, უფრო რეალიზებულია... როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკონომიკის სფეროს გავყევი და ავირჩიე პროფესია, რომელიც თავის დროზე ოჯახის წევრებმა შემირჩიეს. ხომ იცით, როგორ ხდება ხოლმე, მათ ჩემს ტიპაჟს ეკონომისტობა მოარგეს. თუმცა ეკონომიკაში შევძელი, ამერჩია მარკეტინგისა და გაყიდვების სფერო, რომელიც თავის მხრივ ყველაფერს, ხელოვნებასაც, ტექნიკასაც აერთიანებს, მას ქარიზმაც და კრეატიულობაც სჭირდება. ჰოდა, თუ მარკეტინგსა და გაყიდვებში მეტი კრეატივი მაქვს, ეს შემდეგ სინტერესო ლექსებს მაწერინებს... თუმცა პოეზიისთვის მაინც ნაკლები დრო მრჩება.

- 27 წლის ახალგაზრდა ლექტორს როგორი ურთიერთობა გაქვს სტუდენტებთან?

- ახალგაზრდა ლექტორების უპირატესობა ის არის, რომ კარგად ვიცნობ სტუდენტების ფსიქოლოგიას. მერე ჩვენი ლექციები მათთვის მხოლოდ თეორიის ახსნა არ არის, პრაქტიკული მუშაობაც გვიწევს, რაც ძალიან საინტერესო პროცესია, მაგრამ მაინც ვცდილობთ, რომ ახლო მეგობრებად არ ვიქცეთ, რა თქმა უნდა, კურსის დასრულებამდე.

- საკუთარ თავს რელაქსაციას ვუწყობ და უცხოეთში სამოგზაუროდ დავდივარო...

- კი, ეს საქმიანობა განსაკუთრებულად მიყვარს. სამ თვეში ერთხელ ვცდილობ, ქვეყნიდან სადმე წავიდე და თავს ასეთი ფორმით მოვუწყო რელაქსაცია. დაკარგული ენერგია ამ ფორმით აღვიდგინო. უცხოეთში რომ მივდივარ, ტელეფონს ვთიშავ და აქაურობას მთლიანად ვწყდები. ძირითადად ევროპაში ვმოგზაურობ. ახლა მხოლოდ ბრიტანეთი დამრჩა და ამით დასრულდება კიდეც მოგზაურობა ევროპაში. ევროპას რომ ამოვწურავ, მერე უკვე ამერიკისკენ უნდა ავიღო გეზი...

- ასეთი დაკავებული რომ ხარ, პირადი ცხოვრებისთვის დრო თუ გრჩება?

- შეყვარებული რამდენიმე კვირაა, რაც აღარ ვარ, ანუ ჩემი მორიგი სასიყვარულო ამბავი დასრულდა.

- რატომ?

- საერთოდ, ბევრ რამეში სწორ არჩევანს ვაკეთებ, მაგრამ ამ საკითხში რაღაც რთულად არის საქმე. შორსმჭვრეტელი ვერ ვარ. აღმოჩნდება ხოლმე, რომ რაღაც ეტაპის შემდეგ, როცა ერთმანეთს სიღრმისეულად გავეცნობით, რაღაც ნიუანსიების გამო, ერთმანეთს გრძელვადიან პერსპექტივაში ვეღარ ვხედავთ. ამიტომ გაგრძელებას ჯობია, იქვე დასრულდეს ის ამბავი. ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვერ ავხსენი, რატომ ხდება. საინტერესოა, რომ ვისაც დავშორდები, მასთან მეგობრობას ვაგრძელებ, მანამდე კი ურთიერთობაში ყველაფერს ვარკვევთ. ბუნდოვანება არ მიყვარს. მეგობრობაშიც ასე ვარ. როცა ჩემგან ვინმე მიდის, აუცილებლად უნდა ვიცოდე ყველაფერი, თუ სიტუაციის გამოსწორება შრიძლება, სწორდება, თუ არადა ვშორდებით...

- როგორც ვიცი, რამდენიმე უცხო ენას ფლობ, ამასთან, არც გარეგნობით გავხარ მაინცდამაინც ქართველს. ამის გამო უცხოეთში რაიმე სასაცილო სიტუაციაში ხომ არ აღმოჩენილხარ?

- ვიცი ინგლისური, რუსული, ესპანური, ფრანგული ახლახან დავიწყე (რა თქმა უნდა, მეგრულიც)... ერთხელაც, დუბაიში პლაჟზე გახლდით და დავინახე, რომ ქართველი ახლაგაზრდა ქალბატონები ვიღაც მამაკაცზე ჭორაობდნენ. გადავწყვიტე, სრულიად მამრობითი სქესის სახელით, მათზე შური გართობის ფორმით მეძია. სურათებს იღებდნენ და თან მაგრად წვალობდნენ, არ გამოსდიოდათ. მივედი და ინგლისურად ვუთხარი, - გინდათ, სურათი გადაგიღოთ-ემთქი? დამთანხმდნენ. პირველად ისეთი სიტუცია შევქმენი, რომ თითქოს წავბორძიკდი და აპარატიც უნდა დამვარდნოდა. ამაზე ერთმა თქვა, ამას ახლა თავს გავუტეხავ, წყალში არ ჩაუვარდესო. მერე "ზაგარის" მიღება გავნაგრძეთ. ერთ-ერთს რომ ველაპარაკებოდი, ორნი ქართულად ჩემზე ჭორაობდნენ (ერთმანეთს ჩემს თავს აჩეჩებდნენ). ერთი ამბობდა, სულაც არ მომწონს, პატარაა (მაშინ 22 წლის ვიყავი). ისინი 35-40 წლამდე იქნებოდნენ. როდესაც ჩემზე ლაპარაკით გული იჯერეს და მეც მათზე საკმარისი "კომპრომატები" დავაგროვე, დრო იყო, "საკონტროლო გასროლა" გამეხორციელებინა და ქართულად ვუთხარი, თქვენთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო-მეთქი და დავემშვიდობე. გაოცებული სახეებით დავტოვე... ამ კურიოზზეც ახლაც მეცინება. ერთხელ კი საბერძნეთში ასეთი რამ შემემთხვა: (ვერ გავითვალისწინე, რომ იქაურობა ქართველებით არის სავსე) მაღაზიაში სუვენირების შესაძენად რიგში ვიდექი და ორი შავგვრემანი ქალბატონი ჩამიხტა, რაზეც გავბრაზდი. პარალელურად, მეგობრებმა გარედან დამიყვირეს: დროზე გამოდიო. იქიდან გამოვძახე: ჩემი რიგი იყო, მაგრამ ვიღაც ორი უზნეო (ამ სიტყვის ოდნავ უფრო მძაფრი სინონიმით) რიგში ჩამიხტა-მეთქი. ის ქალბატონები ქართველები აღმოჩდნენ. შემობრუნდნენ და საშინელი სიტყვებით გამომლანძღეს. თან, ვერსად მივდიოდი და მათ ვეხმარებოდი კიდეც ჩემს "შემკობაში"... მოკლედ, ჩემ მიერ ხუმრობით გამოხატული აგრესია უდროო აღმოჩნდა... ისე, სადაც არ უნდა ჩავიდე, ყველას ადგილობრივი მოსახლე ვგონივარ (თან, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ ქვეყანებში).

- სპორტით თუ ხარ დაკავებული?

- ვცდილობ, ორგანიზმისთვის სიგარეტით მიყენებული ზიანი, ვარჯიშით გამოვასწორო. ამიტომ ფიტნესს მივმართავ ხოლმე. ისე, ინტელექტულური სპორტი მიყვარს: ჭადრაკი, ბილიარდი, კარტინგი. ფეხბურთი, კალათბურთი და ძიუდო საყურებლადაც არ მიზიდავს.

- როგორც მიზანმიმართულ ადამიანს, შენი პროგრამა-მაქსიმუმი და პროგრამა-მინიმუმი რა არის?

- ეს პროგრამები დროის შესაბამისად იცვლება. მაგალითად, 5 წლის წინ რომ გეკითხათ, გეტყვოდით, ბინა, მანქანა, მოგზაურობა მინდა-მეთქი. დღეს მეტნაკლებად ამ მიზნებს მივაღწიე, ახლა წინა პლანზე სხვა სურვილებმა გადმოინაცვლა.

წესით უკვე უნდა ვიცოდე, ვინ ვარ, მაგრამ ჯერ კიდევ რაღაცების ძიების პროცესში ვარ. რაც უფრო ჩვენს სურვილებსა და მორალზე მორგებულად ვცხოვრობთ, უფრო ბედნიერები ვართ, ეს ბოლო წლებში გავითავისე... ჩემი ცხოვრება 2 პერიოდად იყოფა: 17 წლამდე და მერე. დედისერთა ვარ და შესაბამისად გარკვეული წნეხის ქვეშ ვიზრდებოდი. დამოუკიდებლობის დეფიციტი მქონდა. მერე გადავწყვიტე, სახლიდან საცხოვრებლად სხვაგან გადავსულიყავი და ცხოვრება დამოუკიდებლად დამეწყო. 18 წლის ასაკში მქონდა მინიმალური ხელფასი და ვიქირავე ბინა. სრულიად დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე. პროტესტის ნიშნად ვაკეთებდი ყველაფერს, რაც მანამდე არ გამიკეთებია, მაგრამ არაფერი გამიფუჭებია. იმის შემდეგ განვითარება დავიწყე და აქამდე მოვედი. სრულიად სხვა ტიპად ჩამოვყალიბდი, დამოუკიდებლობამ გამაკაჟა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები