ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?

ღარიბაშვილს საკუთარი უსაფრთხოების საბჭო ეყოლება? - რატომ ხდება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს დუბლირება?

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო თავისი შემადგენლობით, ამოცანებით, უფლებამოსილებებით თითქმის იგივეა, რაც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - ეროვნული უშიშროების საბჭო.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ზუსტად ის ფუნქციები აქვს, რაც სადღეისოდ ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება. ამას ერთი მხრივ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" მოქმედი კანონი, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულება ადასტურებს, რომელიც მთავრობის 6 იანვრის დადგენილებით არის დამტკიცებული.

როგორც ცნობილია, ეროვნული უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომლის მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. იმავე შემადგენლობის არის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, სადაც მუდმივ წევრებად შედიან პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ასევე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. საჭიროების შემთხვევაში, ორივე საბჭოს აქვს მთავრობის სხვა წარმომადგენლების მოწვევის უფლება.

რაც შეეხება ამ ორი ორგანოსათვის განსაზღვრულ უფლებამოსილებებს და მათი დუბლირების საკითხს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულების იმ ნაწილში, რომელიც საბჭოს უფლებამოსილებებს განსაზღვრავს, მთელი რიგი პუნქტები პირდაპირ "ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ" კანონის შესაბამისი მუხლიდან არის გადმოტანილი.

მთავრობის 6 იანვრის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო პრემიერ-მინისტრის დავალებით: ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების შეფასებას; განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრებს გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; განიხილავს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; შეიმუშავებს და პრემიერ-მინისტრს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის; შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

ზუსტად ამ ამოცანებს უსახავს მიზნად პრეზიდენტთან არსებულ ეროვნულ უშიშროების საბჭოს შესაბამისი კანონი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში სამხედრო საკითხებთან დაკავშირებული კომპონენტია დამატებული. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დებულებაში, ისე "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონშიც გაწერილია, რომ საბჭო პრეზიდენტის დავალებით ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებების შეფასებასა და პროგნოზირებას; განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას; ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში; შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრების გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს; შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე; აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის; შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ხელმძღვანელობს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა ამის შემდეგ განხილვის პროცესი შეაჩერა. კანონპროექტის მიხედვით, პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საბჭოს მდივნის უფლებამოსილებები იზღუდებოდა და ის ძირითადად სამხედრო და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზების საკითხებით, საკუთრივ ამ სფეროსთან დაკავშირებული თემებით შემოიფარგლებოდა.

კანონპროექტი ვახტან ხმალაძემ, ირინა იმელიშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა მოამზადეს და როგორც მაშინ განმარტავდნენ, პროექტის ინიცირება იმ ახალი კონსტიტუციული ნორმებით იყო განპირიბებული, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შედიოდა და რომლის მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას აღარ წარმართავდა. აღნიშნულ პროექტზე მსჯელობა პარლამენტში გასულ წლის ოქტომბერში დაიწყო, თუმცა მისი პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ, განხილვის პროცესი აღარ გაგრძელებულა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებებში არაფერი შეცვლილა.

ცნობისთვის, გიორგი მარგველაშვილის ორთვიანი პრეზიდენტობის პერიოდში მასთან უშიშროების საბჭო ჯერ არ შეკრებილა. ირაკლი ღარიბაშვილის სათათბირო ორგანომ კი, პირველი სხდომა უკვე გამართა.

ნათია ინაური, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა