პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მოქალაქის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ეხმაურება ქართულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, პორტუგალიაში ქართული დიასპორის ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს პორტუგალიაში საქართველოს ელჩის გამოწვევისკენ მოუწოდებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოქალაქე ირაკლი ბარამიძის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუებში მოყვანილია კონკრეტული ინციდენტი პორტუგალიის აეროპორტის დროებითი დაკავების საკანში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების თაობაზე. აღნიშნული ფაქტის კომენტირებისას ირაკლი ბარამიძე ირწმუნება, რომ თითქოს, პორტუგალიაში საქართველოს საელჩომ და პირადად ელჩმა არ გამოიჩინა სათანადო ყურადღება აღნიშნული ტრაგედიის მიმართ.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც ბატონი ირაკლი ბარამიძე სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ელჩის ღირსების შელახვას და ჩრდილს აყენებს საელჩოს საქმიანობას. მისი მხრიდან ელჩის დისკრედიტაციის მცდელობებმა მიზანმიმართული კამპანიის სახე მიიღო.

ამ დრომდე საელჩო არ თვლიდა მიზანშეწონილად გამოხმაურებოდა აღნიშნული პიროვნების აბსურდულ ბრალდებებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება ადამიანის პირად ტრაგედიას, საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ განცხადების გავრცელება.

გაცნობებთ, რომ ქ. ლისაბონში საქართველოს საელჩოში მიმდინარე წლის 8 იანვარს მიღებულ იქნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, პორტუგალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვისა და მიგრაციის სამსახურის ლისაბონის აეროპორტის წინასწარი დაკავების საკანში 2014 წლის 6 იანვარს ადგილი ჰქონდა საქართველოს მოქალაქის, გ.გ-ს (დაბ.21.02.1980წ) მიერ თვითმკვლელობის მცდელობას. შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ მიუხედავად გატარებული სამედიცინო-რეანიმაციული ღონისძიებებისა, მოქალაქე გარდაიცვალა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს საელჩოს მიერ დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საქართველოში შესაბამის უწყებებს. ვინაიდან არც საელჩოს და არც საკონსულო დეპარტამენტს არ გააჩნდა ინფორმაცია მისი ოჯახის შესახებ (სამწუხარო ფაქტამდე მიმდინარეობდა რეადმისიის აღსრულების პროცესი მოქალაქის საქართველოში გადაყვანის მიზნით), მათ დახმარების თხოვნით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომელმაც მოიძია ინფორმაცია გარდაცვლილის ოჯახის წევრების შესახებ და თავის მხრივ, აცნობა მათ აღნიშნული პიროვნების გარდაცვალების ფაქტი.

ამჟამად, ცხედარი გადასვენებულია ქ. ლისაბონის შესაბამის უწყებაში და მიმდინარეობს გარდაცვალების მიზეზების თაობაზე საექსპერტო დასკვნის მომზადება.

ლისაბონში საქართველოს საელჩო და საკონსულო დაწესებულება მუდმივ კავშირშია შესაბამის უწყებებთან და ელოდება სასამართლო ექსპერტიზის პასუხს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

ბატონი ირაკლი ბარამიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ თითქოს გარდაცვლილი იყო საელჩოს თანამშრომელი. აღნიშნულ პიროვნებას არასდროს უმუშავია საელჩოში. ხოლო ის კონკრეტული მძღოლი, რომელზეც ბარამიძე საგაზეთო ინტერვიუში საუბრობს, გახლავთ უჩა ანდრონიკაშვილი და არა გარდაცვლილი გ.გ.

ჩვენთვის სამწუხაროა, რომ მოქალაქე ირაკლი ბარამიძემ კონკრეტული პირის ტრაგედია გამოიყენა პირადი მიზნებისთვის და კიდევ ერთხელ შეეცადა ამ მეთოდით პორტუგალიაში საქართველოს წარმომადგენლობისა და პირადად ელჩის დისკრედიტაციას.

ამ მიზანმიმართულ კაპმანიაზე და მოქალაქე ბარამიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციების აბსურდულობაზე ისიც მეტყველებს, რომ აღნიშნული პიროვნება წლებია ამტკიცებს, თითქოს პორტუგალიაში საქართველოს საელჩო მისი პირადი სახსრებით გაიხსნა, რაც აშკარა სიცრუეა.

მეტიც, პორტუგალიაში საქართველოს საელჩოში შემოსულია აქ მცხოვრები ქართველების არაერთი საჩივარი, რომელიც პორტუგალიაში ირაკლი ბარამიძის არაკანონიერ და თაღლითურ საქმიანობას უკავშირდება.

ჩვენ, ბუნებრივია, ვერავის ავუკრძალავთ პირადი დამოკიდებულება ჰქონდეს ამა თუ იმ სახელმწიფო მოხელის საქმიანობისადმი, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება ზიანს აყენებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის იმიჯს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

საქართველოს საელჩო პორტუგალიაში სარგებლობს შემთხვევით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რატომ ჩამოიხრჩო თავი საქართველოს საელჩოს მძღოლმა?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა