რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

 რეალობა თუ ფანტაზია - გვანცა ბაგრატიონის გულახდილი ინტერვიუ

გვანცა ბაგრატიონი პოპულარული ინტერნეტის მეშვეობით გახდა: გართობის მიზნით გადაღებულ მის ვიდეოებს უამრავი ადამიანი ნახულობდა და სოციალურ ქსელში აზიარებდა. გვანცას ნამუშევრებს მნახველები ახლაც არ აკლია. ის კამერის წინ ხან რეპავს, ხან - ლექსს კითხულობს... ყველაზე უკეთ ხატვა გამოსდის. ამბობს, რომ ის ფოტოები, სადაც კამერის წინ თითქმის შიშველი პოზირებს, თავადაც არ მოსწონს, მაგრამ ვინაიდან ხალხს ხელოვნება არ აინტერესებს, ყურადღების მისაქცევად მსოფლიოში აპრობირებულ მეთოდს - გაშიშვლებას მიმართა...

- ძალიან პატარა ვიყავი, როცა ინტერნეტით ტელეფონის მეშვეობით ვსარგებლობდი. დაახლოებით 12 წლისა "სკაიპში" კომპიუტერიდან შევდიოდი, "ჩატაობა" მიყვარდა. "ჩატში" არავის ვიცნობდი, უბრალოდ, ხალხს ველაპარაკებოდი, ძირითადად - უცხოელებს. შემდეგ მეგობარმა "ფეისბუკის" არსებობის შესახებ მითხრა და დავრეგისტრირდი. თავდაპირველად არ მომეწონა. ვფიქრობდი, - "მკვდარი" საიტია-მეთქი. მაგრამ მერე ამ სოციალურ ქსელს შევეჩვიე. პირადი გვერდი ჩემთვის ბევრჯერ გაუტეხიათ. ამის გამო, ხელმეორედ დარეგისტრირება რამდენჯერმე მომიხდა. დაახლოებით 7 წელია, "ფეისბუკით" ვსარგებლობ.

- "ნაგვებო, ნაძირალებო, ყალბებო..." - სოციალურ ქსელში ამ სიტყვებით ვის მიმართავ, ვინ გაგანაწყენა?

- (იცინის) ყალბი ადამიანი საკმაოდ ბევრი აღმოჩნდა. არადა, გგონია, რომ "ნამდვილია", შენიანია... პირფერობამ დაისადგურა. ნამდვილ მეგობრებს ვეძებ, მაგრამ ასეთი ძალიან ცოტაა - ეს მწყინს და სტატუსიც ამიტომ დავწერე.

- სხვებს პირფერობაში ბრალს სდებ, შენ კი ბერასთან რომანტიკული ურთიერთობის შესახებ საუბრობდი და ამით ლამის მთელი საქართველო "გააცურე"...

- მე არავინ "გამიცურებია". როცა ტელევიზიით გამოდიხარ, შოუმენი უნდა იყო, შოუმენი კი ვერ იქნები, თუ არ მოიტყუე. მთელ საქართველოს საკუთარი თავის შესახებ სიმართლე რომ უთხრა, მგონი, საინტერესო არ იქნები. საინტერესო მაშინ ხარ, როცა სხვადასხვანაირ სახეს იღებ. ბერას რაც შეეხება: თავდაპირველად, ამ ადამიანის შესახებ ვთქვი, - მომწონს-მეთქი, რასაც ჭორაობა მოჰყვა და ვიღაცებმა თქვეს, თითქოს ჩემი შეყვარებული იყო. პირადად მე, მსგავსი რამ არც ერთ ინტერვიუში არ მითქვამს. შეყვარებულები მართლა რომ ვყოფილიყავით, მაინც არ ვიტყოდი. დამაინტრიგებელ კომენტარებს ვაკეთებდი, მაგრამ სულ ვამბობდი, რომ შეყვარებული არ მყავს.

- წითელი სანთლების შუქზე ბერასთან ვახშამი რომ "გქონდა", ამის შესახებ რას გვეტყვი?

- აგიხსნი, ეგ რატომ ვთქვი: ვიცოდი, რომ ბერა სიმღერის - "რომანტიკოსი, მუსიკოსი, ბოსი" გამოქვეყნებას აპირებდა. ამ სიმღერის ტექსტში ასეთი ფრაზაა: "ვახშამი სანთლების შუქზე". რაც ინტერვიუში ვთქვი, ეს ერთგვარად, ბერასთვის "თვალის ჩაკვრის" პონტი იყო, თორემ სანთლების შუქზე ვახშამი არ გვქონია.

- სიმღერის შესახებ წინასწარ საიდან იცოდი?

- მაგას ვერ ვიტყვი. ბერას ბევრი სიმღერა ვიცი, მაგრამ ახლა ჩემს ინტერესში არ შედის, რომ "გავუბაზრო". ადრე პატარა ვიყავი და ასეთი რაღაცები მსიამოვნებდა.

- შენს "ფეიჯზე" სალანძღავ კომენტარებს ხშირად გწერენ?

- 5 ადმინისტრატორი მყავს. მათთვის დავალებული მაქვს, რომ ცუდი რაღაცები წაშალონ, მაგრამ მერე ყველაფერი მითხრან. ძირითადად, "ფეიჯზე" შესვლას ვერიდები, რადგან ადრე ძალიან უარყოფითი კომენტარები მხვდებოდა. ახლა სალანძღავი მესიჯები საერთოდ არ მომდის. ვფიქრობ, წინათ ბერას ფანები მწერდნენ. ალბათ ფიქრობდნენ, რომ მათ ამ ადამიანს ვართმევდი. მას შემდეგ, რაც ბერამ ჩემ შესახებ თქვა, - არ ვიცნობო, მისი ფანებისგან გავთავისუფლდი და უარყოფითი მესიჯები აღარ მომდის... "ფეიჯის" ადმინისტრატორები იმიტომ დავნიშნე, რომ ნერვების მოშლას ვერიდებოდი, მაგრამ კარგა ხანია, ჩემს გვერდზე ნერვების მოსაშლელი არაფერი დაფიქსირებულა.

- ადმინისტრატორებს ჰონორარსაც აძლევ?

- არ მაქვს და რა გადავუხადო (იცინის)?! ისე, ადრე ვუხდიდი. ასე ვთქვათ, ჩემთან მუშაობდნენ. ახლა თავადაც სიამოვნებთ, ჩემი გვერდის ადმინისტრატორები რომ არიან.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენს უხდიდი?

- თითოს - 100 ლარს.

- ძირითადად, როგორი შინაარსის პირადი შეტყობინებები მოგდის?

- შეიძლება ითქვას, რომ უცნობების შეტყობინებებს არც ვკითხულობ, რადგან დასაწყისშივე ეტყობათ, რაღაც სისულელეებს რომ მწერენ და წერილის ბოლომდე წაკითხვას აზრი არ აქვს.

- ქათინაურებს გწერენ თუ ამ სახის მესიჯებსაც არ კითხულობ?

- კი, მოუწერიათ, მაგრამ ამასაც არ ვკითხულობ, რადგან ისინი მხოლოდ ეკრანიდან მიცნობენ და არ იციან, სინამდვილეში როგორი ადამიანი ვარ. ვინაიდან "სხვა თვალით" მიყურებენ, არც მათი ქათინაური მჭირდება და არც არაფერი.

- მათ თუ არ დაეკონტაქტე, ვერც გაგიცნობენ.

- ჰო, მაგრამ სურვილი არ მაქვს, გამიცნონ. მაგრად მებრალება ის ადამიანი, ვისაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ვგონივარ.

- პირად გვერდზე წერდი, რომ გადაცემა "პროფილმა" მოგატყუა: "ფარულ კამერაში" გიორგი ნაზღაიძე უნდა გაებათ და სინამდვილეში "მსხვერპლი" შენ აღმოჩნდი...

- ჰო, დამამცირეს... გადაცემის რეიტინგის ასაწევად ყველაფერი გააკეთეს. ძალიან შეცდნენ: ხალხის დადებითი კომენტარები არც "პროფილს" დაუმსახურებია და მით უმეტეს - არც ნაზღაიძეს.

- შენსა და გიორგის შორის რა მოხდა? ვიდრე გაარკვევდი, რომ "ფარულ კამერაში" თავად გაგაბეს, წერდი, - ნაზღაიძემ "დამბლოკაო".

- თავდაპირველად არ ვიცოდი, რომ ის სახლი, რომელიც გიორგი ნაზღაიძის სახლად გაასაღეს, დღიურად ქირავდებოდა. მეგონა, გიორგის უბრალოდ, მართლა ეწყინა, რომ "ფარულ კამერაში" "გაება"; გამიკვირდა - ჩემ მიმართ ასე ცუდად განწყობილი რატომ იყო? მანამდე ხომ ამ ადამიანს არც ვიცნობდი. უფრო მეტიც, მისი გვარ-სახელი "დავგუგლე", რომ გამეგო, "ფარული კამერის" ჩაწერა ვისთან მიწევდა. "პროფილს" ვენდე. ასეთ რაღაცას თუ "გამიჩალიჩებდნენ", არც მიფიქრია. ახლა მივხვდი, რომ არავის არ უნდა ვენდო... გიორგის მივწერე, - ჩემ მიმართ ასე აგრესიულად განწყობილი რატომ ხარ-მეთქი? მიპასუხა: აუ, გოგო, გაიარე, თორემ გადაგიარეო, - და "დამბლოკა".

- შენი მხრიდან ბილწსიტყვაობას ადგილი არ ჰქონია?

- არა, მსგავსი არაფერი ყოფილა... გადაცემაში შეურაცხყოფას რომ მაყენებდა და მეც არ დავაკელი, ეტყობა, ამის გამო გაღიზიანდა ანუ მისი აზრით, თავი უნდა დამეხარა.

- ვიცი, რომ ბილწსიტყვაობა გჩვე­ვია. რომელიმე სტატუსის დაწერა მოგვიანებით თუ გინანია და წაგიშლია?

- თუ გამაბრაზეს, მტრისას!.. არ მინანია, რადგან თუ დავწერე, ე.ი. იმ დროს ისეთ ხასიათზე ვიყავი.

- ინტერნეტის გარეშე გაძლება რამდენ ხანს შეგიძლია?

- გააჩნია, რას ვაკეთებ. თუ ვისვენებ და კარგ პონტში ვარ, ინტერნეტის გარეშე გაძლება თავისუფლად შემიძლია, მაგრამ თუ ასე ვთქვათ, "ბეზ პონტა" ვარ - ვერ გავძლებ (იცინის).

- პოპულარული ინტერნეტით გახდი. დავით აღმაშენებლის ეპოქაში რომ გეცხოვრა, როგორ ფიქრობ, ხალხის ყურადღებას როგორ მიიქცევდი?

- მაშინ ალბათ, არ მომინდებოდა, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. სხვა­თა შორის, ეს არც ახლა მინდოდა, უბრალოდ, ასე გამოვიდა. ეს ცხოვრების საფეხურებია: შეიძლება, რაღაც ისე მოხდეს, რაღაც - ასე... იმ ეპოქაში რომ მეცხოვრა, შესაძლოა, დედოფალი გავმხდარიყავი, რა თქმა უნდა, თუ ვიაქტიურებდი (იღიმის).

- დედოფლობას სამეფო გვარის გარეშე მიაღწევდი თუ?..

- კი, რადგან მებრძოლი ადამიანი ვარ. საკმაოდ ბევრი არ მიცნობს და ჩემ შესახებ სხვანაირი წარმოდგენა აქვთ. გული მწყდება, რომ ხალხს არ ესმის, რა არის შოუ და რა - რეალობა. როცა მსახიობი რომელიმე როლს მოირგებს, მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება რატომ უნდა დარჩეს, რომ მსახიობი სინამდვილეშიც ასეთია? მე რომ მკვლე­ლის როლს ვთამაშობდე, სინამდვილეშიც მკვლელად უნდა მიმიჩნიონ?

- შენ ხომ ფილმში არ თამაშობ?

- სამაგიეროდ, ეკრანზე შოუებს ხომ ვდგამ? ფილმშიც რომ ვითამაშო, დარწმუნებული ვარ, მაინც ჩემს პერსონაჟთან გამაიგივებენ.

- მაშინ "პროფილის" ტყუილიც არ უნდა გწყე­ნოდა - მათაც შოუ დადგეს...

- (იცინის) "პროფილ­მა" ეს სხვაგვარად გააკეთა. როცა ტელევიზიასთან თანამშრომლობ და შეთანხმება გაქვს, რომ შოუ უნდა დადგა და რაღაცას გატყუებენ, ეს არის საწყენი, თორემ მე ის კი არ მწყენია, რომ ნაზღაიძემ პანღურით გამომაგდო. სიმართლე ეთქვათ, იქნებ ამაზეც თანახმა ვიყავი?

- სოციალურ ქსელში უცნობებს იმეგობრებ?

- ჩემს გულშემატკივრებს ვიმეგობრებ. ეს ხალხი "გადასაყრელი" ნამდვილად არ არის. მათ გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა. თაყვანისმცემლებს დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ.

- შენი ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არიან?

- კი, მაგრამ პირადი გვერდი უცნობებისთვის "დახურული" აქვთ. მამაჩემმა მგონი, გააუქმა, დედაჩემს და ჩემს ძმას კი ისევ აქვთ.

- შენს გვერდზე თუ აქტიურობენ, თუ გექომაგებიან ხოლმე?

- არა, მაგრამ საერთოდ, ყველაფერში მხარში მიდგანან და ხელს მიწყო­ბენ. ჩემი ყველაზე დიდი მეგობრები ისინი არიან.

- გვანცა, არ გიფიქრია, რომ პოპულარობა მხატვრის კარიერის განვითარებისთვის გამოგეყენებინა?

- კი, სწორედ ამას ვაპირებ. რამდენად წარმატებული და პერსპექტიული იქნება, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება, რაღაც მოგება მეც ვნახო. ნამუშევრებს ვაგროვებ და გამოფენის მოწყობას ვაპირებ.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება