რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული

რატომ გახდა გიორგი საბანაძე ბიძინა ივანიშვილის ახალი რჩეული

როგორც უკვე ცნობილია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ახალი სტატუსით ბრუნდება - დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე", რომელიც ცოტა ხნის წინ საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. ამ ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე დაგეგმილ პრესკონფერენციაზე თავად ისაუბრებენ, მანამადე კი "ამბები.გე" "მოქალაქის" აღმასრულებელი დირექტორით, გიორგი საბანაძით დაინტერესდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა ნდობა გამოუცხადა. ვინაიდან გიორგი საბანაძე ”მოქალაქის” აღმასრულებელ დირექტორობამდე, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამიტომ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს, გიორგი კეკელიძეს დავუკავშირდით. 

- გიორგი საბანაძე თქვენთან მუშაობდა. რას გვეტყვით მასზე?

- ის ახლაც ჩვენთან მუშაობს.

- თაამდებობას არ ტოვებს?

- გიორგი გარდა იმისა, რომ არის პროფესიონალი თანამშრომელი, ის ჩემი მეგობარია, ამიტომ ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ის დარჩება ბიბლიოთეკაში, ხოლო თუ რა პოზიციას დაიკავებს მომავალში, ამას ცოტა მოგვიანებით გადავწყეტთ, როცა გიორგი ამ მიმართულებით საკუთარი საქმეების მასშტაბებსა და შესაძლებლობებს აწონ-დაწონის.

- "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე, ერთ-ერთ სტატუსში გიორგი საბანაძეზე წერთ, ჩემ მიერ გატარებულ რეფორმებში გიორგი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყოო...

- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გახლდათ, მაგრამ თავის ფუნქციებს აჭარბებდა. აქტივობა, რომელიც ბიბლიოთეკის კულტურულ ბრენდად გადაქცევის მიმართულებით (ბიბლიოთეკა ყურადღების ცენტრში რომ ყოფილიყო) წამოვიწყეთ, განპირობებული იყო გიორგის სწორად დაგეგმილი პიარკამპანიით, რომელსაც ერთად ვაკეთებდით და ამისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობდით. მინდა, აღვნიშნო, რომ ის გამოირჩევა დაუზარელი შრომის უნარით...

- კი აღნიშნეთ, რომ გიორგი ისევ ჩვენი თანამშრომელი იქნებაო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ბიბლიოთეკაში ამდენ საქმიანობას მაინც ვეღარ შეძლებს, რადგანაც არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორობა არც ისე ადვილი საქმიანობა მგონია...

- ბუნებრივია, ის ალბათ, ამ პოზიციაზე ჩვენთან აღარ იმუშავებს, მაგრამ თანამშრომელი აუცილებლად იქნება, რადგანაც ერთად გარკვეული პროექტები გვაქვს განსახორციელებელი.

- მოკლედ, ვერ კარგავთ და არ გეთმობათ, არა?

- არც გვეთმობა და მასაც არ სურს ჩვენგან წასვლა.

- როგორ აღმოჩნდა გიორგი საბანაძე ზოგადად ამ სიტუაციაში? ბიძინა ივანიშვილთან ასეთ წინა პოზიციებზე მოხვედრა ვფიქრობ, არც ისე ადვილია...

- როგორც გიორგიმ მითხრა, ივანიშვილის მიერ იყო რაღაც სახის აქტივობა გამოცხადებული და თანაშემწეებს დაავალა, შეეგროვებინათ საინტერესო ადამიანების ბიოგრაფიები. საკუთარი სივი გიორგიმაც გააგზავნა, შემდეგ რამდენიმე გასაუბრება გაიარა და გადაწყვიტეს, წაეყვანათ გუნდში, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა შეკრიბა საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.

ამ საკითხებში აქტიურად ჩართული არ ვიყავი, უბრალოდ გიორგიმ ამ ყველაფერთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამიზიარა საკუთარი მოსაზრება. ვარ სრულიად აპოლიტიკური პერსონა, ვინაიდან ვარ ბიბლიოთეკის დირექტორი. ბიბლიოთეკა ყოველთვის უნდა იყოს პოზიციაზე, რომ მისი კარი ღია იყოს ნებისმიერი პოზიციის, შეხედულების მქონე ადამიანისთვის. სხვათა შორის, ამ მიმართულებით არც გიორგის შეშლია რამე და ადამიანების სელექცია სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით არ მოუხდენია. ამიტომ მე არ და ვერ შევძლებდი გიორგისთვის ხელის შეშლას. ვუთხარი კიდეც, რომ ეს მთლიანად მისი გადაწყვეტი საკითხი იყო და რომ ეს ფაქტი მის ცხოვრებაში დიდი გამოწვევა გახლდათ. მას კარგად უნდა აეწონ-დაეწონა მთელი ის რისკები, რომელიც მის გადაწყვეტილებას თან ახლავს. ვინაიდან არც ისე მარტივი საქმეა. მან ამასთან დაკავშირებით იფიქრა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო.

- ასეთი აზრიც გავრცელდა, რომ კეკელიძე უსუფაშვილის თხოვნით აძლევს ივანიშვილს თავის კადრსო. ამაზე რას იტყვით?

- ეს აბსოლუტური ჭორია და სიმართლეს არ შეესაბამება...   

- როგორც შევიტყვე, გიორგი "ჯიპას" სტუდენტია (მაგისტრი). რადგანაც ბატონი გიორგი მარგველაშვილი "ჯიპას" რექტორი გახლდათ, ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, რეკომენდაცია ამ პოზიციაზე ბიძინა ივანიშვილთან სწორედ მან გაუწია...

- საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ეს ასე არ მომხდარა...

- არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე", რომელსაც გიორგი საბანაძემ უნდა უხელმძღვანელოს, რას ისახავს მიზნად? კონკრეტულად რა უნდა გაკეთოს და რას უნდა ემსახუროს?

- რამდენადაც ვიცი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო ღირებულებების დაცვისა და ამაღლებისკენ იქნება მიმართული. ასეთია ამ ორგანიზაციის ზოგადი კონცეფცია. რამდენად ეფექტურად მოახერხებს ეს ორგანიზაცია ამის გაკეთებას, მომავალი გვიჩვენებს. მე მყავს ახლო მოგობრები მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციებში და ისინი წარმატებულები არიან. ისეთივე წარმატებას ვუსურვებ გიორგის. ყოველთვის მივაწვდი შესაბამის მასალებს და მხარდაჭერას გამოვუცხადებ.

- გიორგი თუ არის პოლიტიკურად აქტიური ადამიანი და აქამდე თუ გამოუვლენია ამ მიმართულებით თავი?

- საერთოდ, ყველა ადამიანი რაღაც ფორმით არის პოლიტიზებული, რადგანაც მას აქვს გარკვეული პოლიტიკური სიმპათია, მაგრამ ჩემი და გიორგის საუბრები არასდროს შეხებია მსგავს თემებთან დაკავშირებულ საკითხებს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანია. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს. ის ჩემს მეგობრად დარჩება, მაგრამ თუ მას ამ მიმართულებით შეცდომები მოუვა, რისგანაც დაზღვეული არ არის, აუცილებლად ღიად მივუთითებ ამაზე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ასევე იხილეთ: ბიძინას მეორედ მოსვლა...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია