ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"

ნინი ცნობილაძე პირადი ცხოვრების შესახებ: "ძველმოდური ბიჭები მომწონს"

პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ საზოგადოებამ, როგორც მომღერალი, პროექტის - "ახალი ხმის" წყალობით გაიცნო, შემდეგ ნინი ცნობილაძე "ცეკვავენ ვარსკვლავებშიც" გამოჩნდა. ამბობს, რომ აქტიური ადამიანია. ვერ ეგუება ერთფეროვნებას და ცდილობს, საკუთარი ძალები ყველა სფეროში მოსინჯოს. მან ჩვენთან საუბრისას აღიარა, რომ საოჯახო საქმეების კეთება არ ეხერხება და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა, ქართულ ტრადიციებში ბევრი რამ არ მოსწონს.

- პირველ რიგში, შენი ოჯახი გაგვაცანი...

- დედაჩემი - მანანა ურუშაძე გახლავთ, მამა - რამაზ ცნობილაძე და ორივე ხელოვანია. რა თქმა უნდა, მშობლები ძალიან მიყვარს და ამავე დროს, მათ მიმართ უდიდესი პატივისცემა მაქვს. დედა კონსერვატორიაში ასწავლის ფორტეპიანოს, მამა კი ადრე "სუხიშვილებში" ცეკვავდა, ამჟამად კი საკუთარი პატარა ბიზნესი აქვს.

- დედმამიშვილები გყავს?

- ერთი ძმა მყავს, რომელიც 22 წლის არის.

- შენი ძმა პროფესიით ვინ არის?

- ბაიკერია.

- როგორც ვიცი, ჯერ კიდევ სტუდენტი ხარ.

- დიახ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ. პროფესიით ჟურნალისტი გახლავართ, მაგრამ ჯერ ამ სფეროში არ ვსაქმიანობ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უამრავი გეგმა მაქვს და ვნახოთ, რა იქნება.

- მუსიკალური განათლებაც გაქვს, არა?

- 8 წელი კონსერვატორიაში ფორტეპიანოს განხრით ვსწავლობდი.

- რამდენი წლის ხარ?

- 21-ის.

- ჰოროსკოპით ვინ ხარ?

- "სასწორი" ვარ.

- ასტროლოგიური პროგნოზით ხშირად ინტერესდები?

- რა თქმა უნდა, ასტროლოგია მაინტერესებს და ხშირადაც ვკითხულობ. სასწორის ნიშან-თვისებები ჩემსას ძალიან ემთხვევა.

- თუ იცი, ზოდიაქოს ნიშნებს შორის "სასწორი" რა თვისებით არის გამორჩეული?

- "სასწორი" მერყევი ხასიათითაა გამორჩეული (იცინის). ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ძალიან გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება... წინასწარ არასდროს ვიცი, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მივიღებ. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი სპონტანურად ხდება.

- პრინციპული ადამიანი ხარ? შეგიძლია თუ არა, რომ რაღაცის ან ვიღაცის გამო საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- ვფიქრობ, გარკვეული დოზით ყველა ადამიანი პრინციპული უნდა იყოს, მაგრამ ზოგჯერ დათმობაც უნდა შეგეძლოს. თუმცა, უნდა იცოდე, რისი დათმობა შეიძლება და რისი - არა. ზედმეტი პრინციპულობა უაზრობად მეჩვენება.

- შეგიძლია შენს დადებით თვისებებზე ისაუბრო?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი ცოტა არ იყოს, ძნელია, მაგრამ შევეცდები, ნინი ცნობილაძე დავახასიათო: საერთოდ, რეალურად მოაზროვნე ვარ და ადამიანების ამოცნობის ძალიან კარგი უნარი მაქვს. პიროვნებას ერთი შეხედვით არასოდეს ვაფასებ. არ მიყვარს ადამიანის ზედმეტად ახლოს მოშვება, ახალგაცნობილთან გარკვეულ დისტანციას ყოველთვის ვიცავ და სწორედ ეს თვისება მეხმარება სწორი და რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. და კიდევ, არასდროს ვთამაშობ; ყოველთვის ის ვარ, ვინც სინამდვილეში გახლავართ და ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა.

- შენს უარყოფით თვისებებზეც გვითხარი რამე...

- უარყოფით თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ადამიანებს მალე ვერ ვუახლოვდები. ადრე ძალიან ჩაკეტილი ვიყავი, ბოლო დროს კი ეს კომპლექსი დავძლიე და ამ ეტაპზე, შედარებით თავისუფალი ვარ.

- რა მავნე ჩვევა გაქვს?

- მავნე ჩვევა მართლა არ მაქვს, მით უმეტეს - ისეთი, რომელმაც შეიძლება დამაფიქროს.

- ამაყი ხარ?

- ამაყი არ ვარ. ვფიქრობ, ადამიანებს ეს თვისება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. როგორი მიღწევები და წარმატებებიც უნდა გქონდეს, ზემოდან არავის არ უნდა დახედო, წარმატება თავში არ უნდა აგივარდეს - ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპი. ბავშვთან ბავშვი ვარ, დიდთან დიდი.

- შენს თაყვანისმცემლებზე რას გვეტყვი?

- ყველა ჩემი თაყვანისმცემელი მიყვარს და პატივს ვცემ. სასიამოვნოა, როცა ვიღაცას უყვარხარ.

- როგორი მამაკაცები მოგწონს? ძლიერი სქესის შეფასებისას, უპირატესობას რას ანიჭებ?

- მამაკაცს, პირველ რიგში, სიყვარულის გამოხატვა უნდა შეეძლოს, პატივს უნდა მცემდეს. გაგიმხელთ და ძველმოდური ტიპის მამაკაცები უფრო მეტად მომწონს, ვიდრე - თანამედროვე.

- შენი გულის მოგება ძნელია?

- დაუფარავად ვიტყვი, რომ ჩემი გულის მოგება ძალიან ძნელია. ვიღაცის ერთი ნახვით შეყვარება არ შემიძლია. ძნელად მიყვარდება, მაგრამ თუ შემიყვარდა, მერე ვეღარ ვივიწყებ.

- გარეგნობა თუ ადამიანური თვისებები? - პიროვნების შეფასებისას, უპირატესობას რას ანიჭებ?

- მამაკაცს შარმი თუ არ აქვს, უბრალოდ, მისი გაცნობის სურვილიც არ გამიჩნდება... თუ ამ შარმთან ერთად, მამაკაცური თვისებებიც აქვს, ეს რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტია.

- რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის მომავალი მეორე ნახევრის მატერიალური მდგომარეობა?

- მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მომავალი მეუღლე მატერიალურად ძლიერი იყოს, ოღონდ, არ ვგულისხმობ იმას, რომ აუცილებლად მილიონები უნდა ჰქონდეს. მამაკაცი მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოს დამოკიდებული და არა - ოჯახის წევრებზე.

- თავად რამდენად დამოუკიდებელი ხარ?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დამოუკიდებელი ვარ. 15 წლის ასაკიდან მშობლებისთვის ფული აღარ მითხოვია. სულ ვმუშაობდი, ხან სად და ხან - სად.

- ნინი, მზითევი თუ გაქვს?

- არა (იცინის). ჩემი აზრით, ეს ძალიან ძველმოდური ქართული ტრადიციაა. მიმაჩნია, რომ როცა წყვილი ოჯახს ქმნის და საცხოვრებლად ცალკე გადადის, ოჯახის შევსებასა და მოწესრიგებაში ორივე მათგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, ოჯახში ყველანაირი პრობლემა მამაკაცმა უნდა მოაგვაროს.

- შენს ოჯახში ქართულ ტრადიციებზე რას ამბობდნენ?

- ქართულ ტრადიციებს, ჩემი ოჯახის ტრადიციებთან ერთად, დიდ პატივს ვცემ. ჩემთვის გარშემო მყოფების აზრიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ბევრი ამბობს, რომ სხვისი აზრი არ ადარდებს, მე ნამდვილად მაინტერესებს, ჩემზე ვინ რას ფიქრობს.

- ოფიციალური ნიშნობის ცერემონიაზე რა აზრის ხარ? შენ თუ დაქორწინდები მსგავსი ტრადიციების დაცვით?

- ეს ტრადიცია მართლა არ მომწონს. ვფიქრობ, ბევრი ქართული ტრადიცია განახლებას მოითხოვს. პატარა ასაკში რომ თხოვდებიან, ესეც არ მომწონს... როცა ზრდასრული ადამიანები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ, ზედმეტი ცერემონიალები არ არის აუცილებელი. ჯერჯერობით, გათხოვებას არ ვაპირებ. სიმართლე გითხრა, წინასწარ ნამდვილად არ ვიცი, რას გავაკეთებ (იცინის).

- შენი ნება რომ იყოს, ქართულ ტრადიციულ ქორწილს გადაიხდიდი?

- ასეთი ქორწილი ჩემთვის მიუღებელია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართული ტრადიციული ქორწილი წყვილის გასართობად და სახალისოდ კი არა, მხოლოდ სტუმრების საამებლად ეწყობა. მე ალბათ თანამედროვე ქორწილს გადავიხდი, მეგობრების წრეში. ისე, ქორწილსა და თეთრი კაბის ჩაცმაზე არასოდეს მიოცნებია.

- საყვარელ ადამიანთან ერთად თაფლობის თვის გატარებას სად ისურვებდი?

- მომავალ მეორე ნახევართან ერთად იტალიის რომელიმე კუნძულზე, სიამოვნებით გავემგზავრებოდი.

- საოჯახო საქმეების კეთება თუ გეხერხება?

- არანაირი საოჯახო საქმის კეთება არ ვიცი. ჩემი აზრით, ჯერ არც არის საჭირო, რომ ეს ვიცოდე. როცა დამჭირდება, ყველაფერს ვისწავლი. მსგავს საკითხებს ჯერჯერობით დედა აგვარებს.

- დაუთოებაც არ იცი?

- დაუთოება მეხერხება... ისე, თქვენი ჟურნალის მკითხველმა ცუდად არ გამიგოს და არ იფიქროს, რომ საკუთარ ოთახსაც არ ვაწესრიგებ. პირად ნივთებს ვალაგებ და ჰიგიენასაც ვიცავ. ზარმაცი არ ვარ, უბრალოდ, ამ ეტაპზე საოჯახო საქმეების კეთება არ მჭირდება.

- მომავალმა მეუღლემ რომ გითხრას, დაქორწინების შემდეგ ჩემს მშობლებთან უნდა ვიცხოვროთო, რას იზამ?

- ამ წინადადებაზე ჩემგან კატეგორიულ უარს მიიღებს. ახალდაქორწინებულმა წყვილმა აუცილებლად, მარტო უნდა იცხოვროს. ამ დროს მშობლებთან ერთად ცხოვრება ყველაზე დიდი დისკომფორტია, მიუხედავად იმისა, როგორი კარგი ურთიერთობაც უნდა გქონდეს მათთან.

- დედამთილს "დედას" დაუძახებ?

- ყველა ადამიანს ერთი დედა ჰყავს! ჩემი აზრით, ის შეუცვლელი და შეუდარებელია, ამიტომ დედამთილისთვის "დედის" დაძახება ძალიან დიდი სისულელე მგონია. ხანდახან, საკუთარ დედასაც კი სახელით მივმართავ (იცინის).

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- ვფიქრობ, რომანტიკული ვარ, მაგრამ იმ დონეზე არა, რეალობას რომ მოვწყდე.

- პატიება შეგიძლია?

- გააჩნია, რა არის საპატიებელი. ყველაფერზე თვალს ნამდვილად არ დავხუჭავ. მაგალითად, შეუძლებელია ისეთი რაღაცების პატიება, რაც ადამიანობას დაგაკარგვინებს.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება