ნეპოტიზმი და დასაქმების პრობლემა საქართველოში

ნეპოტიზმი და დასაქმების პრობლემა საქართველოში

საქართველოში უმუშევრობის პრობლემა ყოველთვის აქტუალური იყო. გარდა იმისა, რომ სამუშაო ადგილები საკმაოდ ცოტაა, საზოგადოება იმასაც ჩივის, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე კომპანიის ან სამსახურის ხელმძღვანელმა ნათესავი თუ ახლობელი დანიშნა. მნიშვნელობა არ აქვს, კვალიფიციური კადრი ხარ თუ - არა, მთავარია, ნაცნობი გყავდეს.

თემაზე იმ ადამიანებს ვესაუბრე, ვისაც სახელმწიფო დაწესებულებებში სამსახურის დაწყება სურდათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს. ამავე სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებსაც დავუკავშირდი, მაგრამ მათ, გაურკვეველი მიზეზების გამო, საუბრისგან თავი შეიკავეს. თუმცა მანამდე პოლიტოლოგისა და ექსპერტის, რამაზ საყვარელიძის მოსაზრებაც მოვისმინე:

- ასეთი გამოცდილება უკვე აღარ მაქვს, მაგრამ ჩვეულებრივ, საქართველოში ნაცნობობა მნიშვნელოვანია. სხვათა შორის, ეს არც სხვა ქვეყნებშია უმნიშვნელო. სხვა დროს, გარდა ნაცნობობისა, ადამიანის პოლიტიკურ პოზიციასაც ჰქონდა მნიშვნელობა, დღეს კი ეს პოზიცია ისეთი მნიშვნელოვანი აღარ არის. მაგალითად შეიძლება, მთავარი პროკურორი დავასახელოთ: შესაძლებელი იყო, რომ ეს ადამიანი "ნაციონალებსაც" მოეყვანათ მსგავს თანამდებობაზე, მაგრამ "ოცნებამ" მოიყვანა, - ე.ი. პოლიტიკური ნიშანი ისეთი მძაფრი და გადამწყვეტი, როგორიც ადრე იყო, აღარ არის.

- პრემიერ-მინისტრს კი ადანაშაულებენ იმაში, რომ წამყვან თანამდებობებზე საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს ნიშნავს...

- არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია, მაგრამ ნებისმიერმა ჩვენგანმა საკუთარი თავი ანალოგიურ მდგომარეობაში რომ წარმოიდგინოს და იფიქროს, თუ რას გააკეთებდა, მიხვდება, რომ უპირველეს ყოვლისა, კანდიდატურების ძებნას თავის გარემოცვაში დაიწყებდა. ვისაც ენდობა, თანამდებობაზეც იმას ნიშნავს. საქართველოში ეს ყოველთვის ასე ხდებოდა.

- როცა კვალიფიციურ ადამიანსა და ნათესავს შორის ნათესავის სასარგებლოდ კეთდება არჩევანი, ეს სწორი საქციელია?

- გადასარევია-მეთქი, რომ გითხრათ, ალბათ არ დამიჯერებთ და მართალიც იქნებით, მაგრამ ამას სხვა ტიპის პროცესები უნდა, ვიდრე ასეთი ინტერვიუებით ბრძოლაა. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ქვეყანას საჯაროდ თქმული სიტყვა გაასწორებს, მაგრამ ეს არ არის სწორი. გვახსოვს ის პერიოდი, როცა ხელისუფლების პრინციპი "წერე და იკითხე" იყო...

- ახლა ასე აღარ არის?

- არა. ახლანდელი ხელისუფლება ამ ყველაფრისადმი უფრო მგრძნობიარეა. ბიზნესში რა, ნაცნობი არ აჰყავთ თანამშრომლად? სახელმწიფო სტრუქტურებში ნაკლები მოთხოვნაა: კერძო ბიზნესი პირდაპირ ბიზნესმენის ჯიბეს ურტყამს, მაგრამ მაინც იმავე პრინციპით მოქმედებენ. ასე რომ, ეს ჩვეულებრივი ამბავია.

ლალი მარგიშვილი:

- სამსახურის შოვნა დღეს ნამდვილად, ძალზე რთულია. იმდენი ფირმა და კომპანია არსებობს, მხოლოდ ბუღალტერს შეუძლია სამუშაოს პოვნა. ჩემი მეუღლე ბუღალტერია. მას სახელმწიფო სტრუქტურაში ნამდვილად არ უცდია მუშაობის დაწყება, მაგრამ ამა თუ იმ მსხვილ კომპანიაში სცადა. გასაუბრებაც წარმატებით გაიარა, მაგრამ არ მიიღეს. სხვაგან არ ვიცით, მაგრამ ერთ-ერთ სატელეფონო კავშირში ამავე კომპანიის თანამშრომლის ნათესავი რომ აიყვანეს, ზუსტად ვიცით, რადგან ჩვენი ახლობელიც იქ მუშაობს და მან გაგვიმხილა. მიუხედავად ამისა, დღეს მეუღლე მაინც დასაქმებულია, პატარ-პატარა მაღაზიების ბუღალტერიას აკეთებს და ოჯახს შემოსავალიც აქვს. რაც შემეხება მე, დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში საბუთები შევიტანე, გასაუბრებაც თითქოს წარმატებით გავიარე, მაგრამ რატომღაც, არავინ დამკავშირებია და სამსახურში არ ავუყვანივარ.

თამუნა სვანიძე:

- საკუთარი "სივი" სამ სახელმწიფო სტრუქტურაში გავაგზავნე: ფინანსთა სამინისტროში ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში კი - ახალგაზრდობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის დაკავება მსურდა; გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსის თანამდებობის დასაკავებლადაც გავიარე გასაუბრება. სამივე შემთხვევაში, ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა, მაგრამ საბოლოოდ, აღნიშნულ თანამდებობებზე უარი თავად ვთქვი, რადგან შრომის ანაზღაურება მეცოტავა. საერთოდ, სახელმწიფო სამსახურებში საკმაოდ დაბალი ანაზღაურებაა, სამუშაოსთან პირდაპირპროპორციული არ არის. ახლა კერძო კომპანიაში ვმუშაობ და გაცილებით მეტი ხელფასი მაქვს. ისე კი, ნაცნობ-მეგობრობას რაც შეეხება, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აპლიკანტი, რომელიც ზუსტად პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნას, საკუთარი თავის "პრეზენტაციის" უნარი შესწევს და "ბეგრაუნდიც" აქვს, თავისუფლად იპოვის მისთვის შესაფერის სამსახურს, ყოველგვარი ნაცნობ-მეგობრების გარეშე. პირადად მე, ყველა სამსახური კონკურსის გზით მიპოვია. "ქუჩიდან აყვანილი" კადრი ვარ...

ლექსო არაბიძე:

- ფინანსთა სამინისტროში ვცადე მუშაობის დაწყება, მაგრამ - ნურას უკაცრავად. არ ვიცი, შესაძლოა, კონკურსი წარმატებით ვერც გავიარე, მაგრამ გარშემო სულ ცოტა, ოთხი ადამიანი მყავს, რომლებმაც ამა თუ იმ სამინისტროში სამსახურები ნაცნობობით და ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაიწყეს. ამას ბოღმით კი არ ვამბობ, პირიქით - მახარებს მათი წარმატება. დღეს საქართველოში სამსახურს მხოლოდ ნაცნობის მეშვეობით თუ იშოვი. მათაც ჰყავდათ ეს ახლობლები და რატომ არ უნდა გამოეყენებინათ?! მაგრამ ვისაც ხელისუფლებაში "პატრონი" არ გვყავს, რა ვქნათ, სად წავიდეთ?.. მსმენია, რომ ბანკში შეიძლება კონკურსის გზით მუშაობის დაწყება. შევიტანე განაცხადი, მაგრამ გასაუბრებაზეც კი არავინ დამიბარა. როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ჯერ ახლობელი ადამიანია, მერე - იღბალი და სულ ბოლოს, ცოდნა და გამოცდილება...

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია