რჩევები დასაქმების მსურველებს

რჩევები დასაქმების მსურველებს

ტელეწამყვანს, ჟურნალისტსა და "მუზიკბოქსის" პროგრამების დირექტორს - ლიზა ვადაჭკორიას ბევრგან უმუშავია. თანამშრომლების მისაღებად თავადაც უამრავი გასაუბრება ჩაუტარებია. საქმიან ლიზას სამუშაო გამოცდილებასა და იმ შეცდომებზე ვესაუბრეთ, რომლებსაც დასაქმების მოსურნე ადამიანები პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრებისას ხშირად უშვებენ.

- საშუალო შეძლების ინტელიგენტების ოჯახში ვცხოვრობდი. მშობლები მუშაობდნენ და 2 შვილს - მე და ჩემს უფროს ძმას გვზრდიდნენ. მაშინ სამსახური და ხელფასი (სტანდარტულად, 120 მანეთი) ყველას ჰქონდა. მამა გაცილებით მეტ თანხას იღებდა, რადგან გამოცდილი სამხედრო მფრინავი იყო. მანქანაც ჰყავდა, იმ დროს კი ეს დიდი ფუფუნება გახლდათ. მამა ხშირად იყო მივლინებაში და ამიტომ იშვიათად ვხედავდით, მაგრამ მატერიალურად უზრუნველყოფილები ვიყავით. დედა პოლიკლინიკაში ექიმად მუშაობდა.

- საკუთარი შემოსავლის ქონის სურვილი როდის გაგიჩნდათ?

- ყოველთვის საკმაოდ დამოუკიდებლად ვაზროვნებდი. რჩევებს ვისმენდი, მაგრამ მაინც ისე ვიქცეოდი, როგორც მინდოდა. საერთოდ, ბევრ საკითხში რაციონალური ადამიანი ვარ. ზოგჯერ (განსაკუთრებით - სტუდენტობის დროს) მეგობრები სისულელეებისკენ გვიბიძგებენ; ხანდახან, ამ სისულელეებს ვაკეთებთ, მაგრამ მე შედეგზე ვფიქრობდი და შესაბამისად, საბედისწერო შეცდომა არასდროს დამიშვია. 2 სახის განათლება მაქვს - მათემატიკური და ჰუმანიტარული. ვიცოდი, რომ კარგი ოჯახის შექმნის გარდა, მსურდა, ცხოვრებაში რაღაცისთვის მიმეღწია. საქართველოში პირველ რადიოსადგურებს ვუსმენდი. მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება ჟურნალისტიკა იყო. რადიო "აუდიენციაში" კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. შემეძლო, მთელი ცხოვრება უბრალოდ, მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი, მაგრამ ვფიქრობ, მიღწეულით არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე. გულზე ხელები რომ დამეკრიფა, შესაძლოა, "შემცირებაში" მოვხვედრილიყავი და სამსახურის გარეშე დავრჩენილიყავი.

- ყველაფერი ეს წინასწარ განსა­ზღვრეთ თუ სამსახურის დაკარგვის საფრთხე უკვე რეალურად არსებობდა?

- საერთოდ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოში ადამიანს არაფრის გარანტია არ აქვს; შეიძლება, ხვალ ის ორგანიზაცია დაიხუროს, სადაც დასაქმებული ხარ და უმუშევარი დარჩე. ამიტომ ყოველთვის უნდა იფიქრო, - სამსახურის გარეშე დარჩენილი რას გააკეთებ? მეც ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა, რომ შეუცვლელი თანამშრომელი გავმხდარიყავი. საქართველოში ინტერნეტი 2000 წელს შემოვიდა. ბევრმა ისიც არ იცოდა, "იმეილი" რა იყო. მივხვდი, რომ მომავალი ინტერნეტისაა, ამიტომ რადიოში ინტერნეტის შესახებ გადაცემა გავაკეთე, რომელშიც მარტივ რაღაცებზე ვსაუბრობდი: რა არის ბრაუზერი? როგორ გავხსნათ "იმეილი"?.. მერე ჩემი ვებგვერდი გავხსენი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა...

- თქვენი საქმისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროში თუ მოგისინჯავთ ძალები?

- მათემატიკოსის პროფესიით მხოლოდ 1 წელი (უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ) ვიმუშავე. ჩემი სამუშაო სფერო ყოველთვის რადიო, ინტერნეტი და ტელევიზია იყო და არის. საქართველოში პირველი ინტერნეტრადიო, პირველი რეალითი შოუს - "ამტანის" ვებსაიტი (სადაც შოუს "ონლაინ" რეჟიმში ნახვა შეგეძლო) გავაკეთე. მახსოვს, ინტერნეტრადიოსთვის ლელა წურწუმიასთან ინტერვიუს ვიღებდი. ლელამ მკითხა: - რომელ ჟურნალში გამოქვეყნდებაო? ვუპასუხე: - ინტერნეტისთვის მინდა-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა (იცინის)... დღეს უკვე უამრავი ვებსაიტია. მოკლედ, ინტერნეტსივრცეებს "ვლაშქრავდი". გარდა ამისა, "პირველ არხზე" გადაცემის წამყვანი ვიყავი, "მაესტროზე" "პრესპრესის" ჟურნალისტი გახლდით და შოუბიზნესის წარმომადგენლებს ვუპირისპირდებოდი... ამჟამად, "მუზიკბოქსის" პროგრამების დირექტორი ვარ. პარალელურად, მე და ჩემმა ძმამ ინტერნეტტურისტული ბიურო გავხსენით.

- ბევრი განაწყენებული რესპონდენტი გყოლიათ? ამას წინათ მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში წერდა, თითქოს სიუჟეტი ცალმხრივად გააშუქეთ...

- სიუჟეტი ჩვენმა ჟურნალისტმა - ხატია გელოვანმა გააკეთა, მაგრამ "მუზიკბოქსზე" რაც გადის, ყველაფერი ლიზასთან ასოცირდება - მე მლანძღავენ ან მაქებენ. ასეც უნდა იყოს - პასუხისმგებელი მე ვარ. სიუჟეტს რაც შეეხება, უბრალოდ, მაიას თავისი პერსონის გარშემო აჟიოტაჟის ატეხა უნდოდა და გამოუვიდა კიდეც, მაგრამ ჩვენი პირადი მიმოწერის გამოქვეყნება მისი მხრიდან არაკორექტული მგონია. კიდევ კარგი, მაიასთვის "ისეთი" არაფერი მიმიწერია... სიუჟეტის კეთებისას მაიას კომენტარისთვის დავურეკეთ. ყურმილი არ აიღო. მერე "ფეისბუკზე" მივწერე. მითხრა, - "ახალი ხმის" დამთავრებამდე არ მცალიაო. საკითხი მის მოსწავლეს - თაკო ოქროპირიძეს ეხებოდა, რომელიც მაიამ პროექტიდან გააგდო. "ახალი ხმის" დასრულების შემდეგ, ეს თემა არააქტუალური იქნებოდა და სიუჟეტს აღარ გავაკეთებდით. მიუხედავად იმისა, რომ თაკო გათხოვდა და ჩვენთვის სულ არ სცხელოდა, კომენტარი მოგვცა. პროდიუსერი - დათო იმედაშვილიც ჩავწერეთ. უარი მხოლოდ მაიამ გვითხრა... ასე რომ, სიუჟეტი აბსოლუტურად ობიექტური იყო. ეტყობა, მაიას ფინალის წინ საზოგადოების "გაღვიძება" სურდა და ეს ამბავიც ამიტომ "გააჩაღა". მისთვის პასუხი არ გაგვიცია - მაიას "გაპიარებას" საჭიროდ არ მივიჩნევთ.

- განაწყენებულ რესპონდენტებთან შემდეგ როგორ თანამშრომლობთ?

- ეს თქვენ უნდა გკითხოთ: მთელი შოუბიზნესი გლანძღავთ, მაგრამ მათი ინტერვიუები მაინც ქვეყნდება (იცინის). ამას წინათ მაია ასათიანმა "პროფილში" მიმიწვია. ჩემ გვერდით რამდენიმე ცნობილი ქალბატონი იჯდა. მათ "ამბები.გე" "მიალანძღეს". ამბობდნენ, - ვინ არიან, რას წერენო?! ამავდროულად, ფოტოს იღებდნენ, "ინსტაგრამზე" დებდნენ, "ფეისბუკზე" ინტრიგებს "აგდებდნენ", რომ "ამბებს" ეპოვა და დაეწერა.

- ეს კეთილსინდისიერ საქციელად მიგაჩნიათ?

- ეს ერთგვარი თამაშია. ხომ იცით, ქათამი რომ მირბის და მამალი მისდევს? მამალი იმას ფიქრობს, - უხ, დავეწევი, რას ვუზამო! ქათამი კი, - ვაიმე, ძალიან სწრაფად ხომ არ მივრბივარო (იცინის)? განაწყენებულ რესპონდენტებს რაც შეეხება, - იმდენი თემა მაქვს გასაშუქებელი, რომ მთელი ცხოვრება მეყოფა. აი, "სელებრითს" კი ჟურნალისტის დახმარება აუცილებლად დასჭირდება და მთხოვს, რომ სპექტაკლი თუ კონცერტი გავუშუქო. ასე რომ, მას უფრო ვჭირდები, ვიდრე ის - მე. როცა სალომე გოგიაშვილთან ინტერვიუ ჩავწერე, ხუმრობით ვუთხარი: ია ფარულავას უხამსი სიტყვების ხმარება უყვარს. ასეთი რეპუტაციის მქონე ადამიანი მეჯვარედ რომ წაიყვანე, არ გეშინია-მეთქი? იამ მისაყვედურა, - როგორ თქვი, რომ ასეთი ვარო? საინტერესოა, რატომ სწყინს? ასეთია და მგონი, ამას აღიარებს კიდეც. ეს მისი "ფიშკაა", ამაში დასამალი რა არის?

- როგორც ვიცი, დედათქვენმა ექიმის კარიერა გვერდზე გადადო და თავი ოჯახს მიუძღვნა. თქვენ მსგავსი არჩევანის წინაშე დამდგარხართ?

- 90-იან წლებში, როცა ბელორუსიაში და შემდეგ - რუსეთში გავემგზავრეთ, მე და ჩემი მეუღლე შვილს მარტო ვზრდიდით. რადიოში მუშაობა რომ დავიწყე, ჩემი გოგონა - ია უკვე 10 წლის იყო და სკოლაში დადიოდა. მისთვის არაფერი მომიკლია: ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი და შინ დაბრუნებული სადილსაც ვუმზადებდი. კარგა ხანია, ია უკვე დიდი გოგოა და ჩემს სამსახურს უფრო მეტ დროს ვუთმობ. იმის გამო, რომ ვმუშაობ, ოჯახის წევრებს უკმაყოფილება არასოდეს გამოუთქვამთ. რაღაცები უნდა დათმო: თუ გინდა, შვილი თავად აღზარდო, საქმე და კარიერა უნდა გადადო, ხოლო თუ ამბიციური ადამიანი ხარ და კარიერული წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ შვილების აღზრდაში ვინმე უნდა დაგეხმაროს. სამსახური რომ გაქვს და ბავშვს გააჩენ, ეს საკითხი პრობლემურია: ჩემი შვილი ერთ-ერთ საავტომობილო კომპანიაში მარკეტინგის ხელმძღვანელია. დამოუკიდებელი პიროვნება გახლავთ. როცა გათხოვდება და შვილს გააჩენს, არ ვიცი, რა ეშველება. მეკითხება ხოლმე: დედა, შვილიშვილის გამო სამსახურს არ დატოვებო?

- ასეთ დროს რას პასუხობთ?

- სიმართლე გითხრა, ამაზე მიფიქრია, - არ ჯობია, რომ შვილი ან შვილიშვილი თავად გაზარდო, ვიდრე უცხო ადამიანს ანდო? ვნახოთ: გააჩნია, ჩემი შვილი ჰონორარს რამდენს გადამიხდის (იცინის).

- მატერიალური გაჭირვების პერიოდი გქონიათ?

- როგორ არა! აქ რომ უმუშევრობა და საშინელება იყო, რუსეთსა და ბელორუსიაში ამიტომ წავედით. საქართველოდან შორს ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდა. უკან დაბრუნების შემდეგ, ვიდრე ჩემი ქმარი ბიზნესს ააწყობდა, რადიოში ხელფასი 80 ლარი მქონდა. ეს გზის ფული იყო და არა - ოჯახის შემოსავალი. ერთი რამ ვიცი: ჩემს ოჯახს რომ არ ეშიმშილა, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვიყავი, რომელიც არ შეურაცხმყოფდა. თუნდაც, მიმტანად ვიმუშავებდი. მესმის, რომ მოსახლეობის 68% უმუშევარია, მაგრამ ახალგაზრდა ადამიანი თუ მოინდომებს, რაღაცას მაინც იპოვის. მთავარია, არ თქვას: იცი, მე ამას ვერ გავაკეთებ. ბევრი სასოწარკვეთილია. წუწუნებენ და გარკვეულ დათმობებზე "წასვლა" არ სურთ. ამას წინათ, ჩემს საახლობლოში ძალიან ცუდი ამბავი მოხდა: ოჯახში მატერიალური პრობლემების გამო, უმუშევარმა ბიჭმა ვენები გადაიჭრა. ვერ წამომიდგენია, როგორ შეიძლება, ახალგაზრდა ბიჭმა სამსახური (თუნდაც - მშენებლობაზე) ვერ იშოვოს? ხელობის სწავლაც ხომ გამოსავალია? ისწავლე და რაღაცას მიაღწევ. აი, რაც იმ ბიჭმა ჩაიდინა, ის გამოსავალი ნამდვილად არ არის. ძალიან დავითრგუნე. მშრომელი ადამიანი წარმატებას მიაღწევს, შრომაში კი სათაკილო არაფერია. სხვათა შორის, ცნობილ მსახიობთან - სვეტლანა სვეტლიჩნაიასთან ინტერვიუ რომ ჩავწერე, მან მითხრა: 90-იან წლებში, როცა ფილმებს აღარ იღებდნენ და ქმარიც დავკარგე, დამლაგებლად ვმუშაობდიო. ლამაზი, ქერათმიანი, "ფეშენ" ქალბატონია, რომლის გარდერობს დღესაც განიხილავენ, მაგრამ იმისთვის, რომ შვილები ერჩინა, დამლაგებლად მუშაობას არ თაკილობდა. არა მგონია, ეს ფაქტი მას ძალიან ახარებდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში - არც მალავს. მინდა, ყველას ვუთხრა: სნობები ნუ იქნებით.

- თქვენი აზრით, ქალებმა დამსაქმებელი როგორ უნდა დააინტერესონ?

- ამისთვის სპეციალური კოდექსი არსებობს, რომელსაც გასაუბრებაზე წასვლამდე უნდა გაეცნო... უამრავი გასაუბრება ჩამიტარებია. ტელევიზიაში თანამშრომლები შემოსული "სივების" ან კასტინგის მეშვეობით ამყავს. ნაცნობობით არავინ მიგვიღია. ერთი პრობლემაა: გასაუბრებაზე მოსულები გონზე არ არიან, რისთვის მოვიდნენ, მე კი ამის გამო ძალიან ვბრაზობ! მაგალითად, ამბობენ, - ტელევიზორს არ ვუყურებ, მაგრამ ზოგადად, ტელევიზიაში მუშაობა მინდაო. ადამიანო, საიტზე მაინც ნახე და გასაუბრებაზე მერე წადი. უკვირთ, - საიტიც გაქვთო? როგორ შეიძლება, კომპანიას საიტი არ ჰქონდეს?! ან ჟურნალისტი ისეთ "სივის" მიგზავნის, რომელშიც უამრავი გრამატიკული შეცდომაა. როგორ შეიძლება, სამსახურში ისეთი ჟურნალისტი ავიყვანო, რომელმაც ქართული ენა არ იცის?!

- თქვენი გამოცდილების საფუძველზე, სამსახურის დაწყების მოსურნეებს რას ურჩევთ?

- აქტიურები იყვნენ. "სივები" ყველგან გაგზავნონ - ნუ მოერიდებათ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება, რომ უთხრან, უარია, კარგ შემთხვევაში კი სამსახურს იშოვიან. იმ ადამიანების არ მესმის, რომლებიც სახლში სხედან და ამბობენ, - ვაიმე, რა ვქნა, ფული მჭირდებაო. თუ მხოლოდ "ფული მინდა" იძახე, მას ვერასდროს იშოვი. თვალყური ადევნეთ ვაკანსიებს, კასტინგებს... კომპანიის შესახებ საერთოდ არაფერი რომ არ იცოდე, დამსაქმებელს თავი ისე მოაჩვენე, თითქოს ყველაფერი იცი და იქ მოხვედრა შენი ოცნება იყო. გოგონებს ზედმეტად სექსუალურად ჩაცმას არ ვურჩევ: შეიძლება, მახინჯი თანამშრომელი არავის უნდა, მაგრამ ზედმეტად ლამაზი გოგონებიც არ სჭირდებათ. დამსაქმებელს საქმიანი თანამშრომელი სჭირდება და არა - საყვარელი. საკუთარი თავი ისე წარმოაჩინეთ, რომ თქვან, - ვა, ეს რა მაგარი ყოფილა, ყველაფერი სცოდნია და ჩვენი ერთგული იქნებაო!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია