როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?

როგორ გრძნობს მამუკა ლომაშვილი ადამიანის გარდაცვალებას?

პაროდიის თეატრის მსახიობი მამუკა ლომაშვილი იმდენად გაიტაცა პარანორმალური მოვლენების გაჩხრეკა-შემეცნებამ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რადიოში ეზოთერული გადაცემა დააარსა, სადაც ყოველ კვირა ხვდებოდა ამოუცნობი მოვლენების შემსწავლელ მეცნიერებს, უფოლოგებს, ეზოთერიკოსებს, უცხო ცივილზაციის სტუმართა კონტაქტორებს, კლინიკურ სიკვდილგამოვლილებს... მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ მასაც ჰქონდა შეხვედრა ამოუცნობთან.

- ძალიან პატარა ვიყავი როცა დავინტერესდი ამოუცნობი მოვლენებით, სიზმრის ახსნით, წინასწარმეტყველებით... ჯერ კიდევ ზღაპრებიდან შევიტყვე, რომ არსებობდნენ ბოროტი ჯადოქრები და კეთილი ფერიები, არსებობდა უჩინმაჩინის ქუდი, რომელსაც ყველას გაქრობა შეეძლო. ზღაპრიდან ვირწმუნე, რომ ნატვრის თვალით ყველა ოცნების ახდენა შესაძლებელია. მოგვიანებით კი დავრწმუნდი, რომ ზემგრძნობიარე ადამიანები ნამდვილად არსებობენ, ვისაც შეუძლია ასტრალური მოგზაურობა, არსებობს პარალელური სამყარო, აჩრდილები, მფარველი ანგელოზები და რაც მთავარია, სამყაროს შემოქმედი, რომელსაც ემორჩილება ყველა და ყველაფერი ამქვეყნად. 4-5 წლის ვიქნებოდი, დედა ეზოში იყო ჩასული, სახლში მარტო ვიყავი, სამზარეულოდან გამოგორდა ბურთი და შემოგორდა ჩემს საძინებელში, რასაც ახლდა გარკვეული ხმაური, არადა, ოთახში არავინ იყო. მივხვდი, რომ რაღაც უხილავმა გამოიწვია ჩემი გაოცება ბურთის შემოგორებით. ჩემი აღმოჩენა დედასაც გავანდე, მაგრამ ამაზე არავის გაუმახვილებია ყურადღება, რადგან ეს ფაქტი ბავშვის ფანტაზიად ჩათვალეს, მე კი ჯიუტად მჯეროდა, რომ არსებობს უჩინმაჩინი, რომელსაც შეუძლია, თავის ძალასა და არსებობაში დამარწმუნოს და მარწმუნებდა კიდეც ყოველთვის. მაქვს ძალიან ძლიერი ინტუიცია, რომელიც არასოდეს მღალატობს. ზეძალა მაწვდის ინფორმაციას საკუთარ აწმყოსა და მომავალზე, ასევე იმ ადამიანთა შესახებ, ვისაც ვესაუბრები. რამდენიმე კვირით ადრე ვგრძნობ იმ ადამიანის გარდაცვალებას, ვინც ადრე უნდა გაემგზავროს. შესაძლოა, როცა მე მას ვხედავ მარადისობის ქვეყნისკენ მიმავალს, სასიკვდილო არაფერი სჭირს, ჯანმრთელადაც არის და სიცოცხლის ეშხშიცაა შესული, მაგრამ მის დღემოკლეობას ყოველთვის ვგრძნობ. ძალიან მინდა, ჩემში ეს უნარი ჩავახშო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ასევე, ვგრძნობ თუნდაც უცხო ქალაქში, როცა ამა თუ იმ სადარბაზოდან ცხედარს გამოასვენებენ. ექსპერიმენტისთვის რამდენჯერმე გავჩერებულვარ რომელიმე კორპუსის წინ და მართლაც დაწყებულა პროცესია.

- გარდაცვლილის სამყოფელს რა ნიშნით ცნობთ?

- სუნით... ვერ გადმოგცემთ, ეს არ არის უსიამოვნო სუნი, მაგრამ სახელს ვერ ვარქმევ კონკრეტულად, რას ჰგავს ის სუნი, რომლის მიხედვითაც ვგრძნობ გარდაცვლილის სიახლოვეს.

- ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინათ ავად იყავით და ექიმები დიაგნოზს ვერ გისვამდნენ, მაშინ შენც ხომ არ აღმოჩნდი მიღმიერ სამყაროში?

- ძალიან მძიმედ ვიყავი, ახლობლები საშინელ პანიკაში ჩავარდნენ, ყველას ვამშვიდებდი, რომ ცუდი არაფერი დამემართებოდა. კლინიკური სიკვდილი არ გამომიცდია, მაგრამ რამდენჯერმე ხილვით ვნახე მარადისობისკენ მიმავალი ლაბირინთები, სააქაო საზღვარსაც გავცდი და საზღვრებიც გავიარე.

- და რა ნახეთ?

- სამუდამო განსასვენებელი, ზეციური ქვეყანა, არამიწიერი სილამაზე, ხილული სამყაროსგან განსხვავებული.

- ნაცნობი ადამიანები თუ ნახეთ?

- არა, იმქვეყნად ნაცნობები არ მინახავს, ვნახე ძირითადად ღვთისმსახურები და ზებუნებრივი არსებები, ანგელოზები, წმინდანებიც, ეკლესიის მსახურები, ბერები და მონაზვნები შავი სამოსელით არ იყვნენ შემოსილი, ეცვათ ღია შინდისფერი, მეწამული და თეთრი.

- რომელიმე მათგანი თუ დაგელაპარაკათ?

- ერთ წმინდანში ღვთისმშობელი მარიამი შევიცანი, თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი მოწყალე თვალით შემომხედა, რომ ვიგრძენი ტკივილი წარსულს ჩაჰბარდებოდა. მართლაც, მეორე დღესვე წამოვდექი საწოლიდან და ავადმყოფობაც დამავიწყდა. სისუსტე ძალამ შეცვალა, რამდენიმე დღეში კი სცენაზე გასვლაც შევძელი.

- გინდათ თქვათ, რომ რწმენამ გადაგარჩინათ?

- მხოლოდ და მხოლოდ რწმენამ და დადებითი ემოციებით აზროვნებამ.

- დემონური ძალები არ გინახავთ ასტრალში მოგზაურობისას?

- ასტრალში მოგზაურობისას არა, ვნახე ხილულ სამყაროში.

- როგორ?

- სხვათა შორის, "დამავოიც" ხშირად მეთამაშება. ჯერ კიდევ მე-7 კლასში ვიყავი, ჩემი დახრჩობა რომ სცადა. ჯერ ფეხის ხმა გავიგონე, შემდეგ კარის შემოღების ხმა, გავედი კართან და არავინ იყო, შემოვედი, ისევ გავიგე კარის ხმა, ისევ გავედი, სიცილის ხმა გავიგონე, ეშმაკისეული ხარხარი, რასაც მოჰყვა ყელში წაჭერა უხილავი ხელისგან, მინდოდა დაყვირება, რომ მშველელი გამომჩენოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. გადავიწერე პირჯვარი და დავიწყე აზრობრივად გუნებაში "მამაო ჩვენოს" წაკითხვა. როგორც კი ლოცვა დავიწყე და ჩავამთავრე, უხილავმა ხელი შემიშვა, კვლავ გავიგე კარის გაჯახუნება. ამ პერიოდში არასოდეს მქონია მარხვის გამოცდილება, იმ ღამეს მესიზმრა, რომ აუცილებლად უნდა მემარხულა, დავსწრებოდი წირვა-ლოცვას და მიმეღო ზიარება.

- ვიცი, რომ მრავალი უცხო ცივილიზაციის სტუმართა კონტაქტორს შეხვედრიხართ, თქვენ თვითონაც თუ გინახავთ ამო?

- მინახავს ამოცუნობი მფრინავი ობიექტი, ზუსტად სამჯერ. სწორედ ისეთი ფორმის, როგორიც კონტაქტორებს აღუწერიათ ჩემთან საუბრისას. სხვათა შორის, როცა ამო დამინახავს, გვერდით მეგობრები მყოლია და მათაც დაუნახავთ. ერთხელ ზედაზენზე ვნახე, ერთხელ - საგურამოში, ერთხელაც - თბილისში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამო-ს გამოჩენა ჩემს თვალწინ და კონტაქტორთან სტუმრობის პერიოდი ერთხელ ზუსტად დაემთხვა ერთმანეთს. საგურამოში დავაფიქსირე მისი გამოჩენის თვე, რიცხვი და საათი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ერთმა კონტაქტორმა მეორე დღეს ჩემთან დარეკა და ამოუცნობ სტუმართა შესახებ მიამბო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ერთსა და იმავე დღეს დავინახეთ მრგვალი ხომალდი.

- რას ამბობენ, რატომ ვცდილობთ თქვენთან კონტაქტსო?

- მე არა ვარ უფოლოგი და მათზე განსხვავებული აზრი მაქვს, მე მათ დემონურ ძალებად მივჩნევ, თუმცა კონტაქტორები ამტკიცებენ, რომ ისინი კეთილი საქმეების საკეთებლად მოვიდნენ, რომ ჩვენ მათთან შედარებით განუვითარებელი ცივილიზაციის წარმომადგენლები ვართ. ისინი ცდილობენ, ცხოვრებისეულ სიძნელეებში დაგვეხმარონ. სხვათა შორის ისეთი სტუმრებიც მყავდნენ რადიოში, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ "უცხო სტუმრები" მათ ოჯახებში სტუმრობენ პერიოდულად, მათ გვერდით საუბრობენ და ვახშმობენ, თუმცა ყველაფერს არ მიირთმევენ და არც ენობრივი ბარიერი არსებობს სტუმარ-მასპინძელს შორის, რადგან ისინი ტელეპატიურად საუბრობენ. სხვათა შორის, კონტაქტორთა შორის ბავშვებიც იყვნენ, რომლებსაც არანაირად არ ექნებოდათ იმხელა ფანტაზია სტუმრების ჩაცმულობა და მათგან მოყოლილი ამბები რომ შეეთხზათ. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ბავშვებს ეკონტაქტებოდნენ უცხო სტუმრები და არ ეჩვენებოდნენ მშობლებს. ასეთი ბავშვები დაჰყავდათ სამედიცინო გამოკვლევებზე, ფსიქოლოგებთან კონსულტაციებზე, მაგრამ დადასტურდა, რომ მათი ყველა მაჩვენებელი ნორმაში იყო და ბავშვები არაფერს იგონებდნენ. პირველ ხანებში შიშით შეხვდნენ არამიწიერ სტუმრებს, შემდეგ კი ქვეცნობიერად ელოდნენ კიდეც მათ გამოჩენას.

- რა შეიცვალა ამ ბავშვებში "უცხოპლანეტელთა" გაცნობის შემდეგ?

- ბევრში არაფერი, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათმა უცნაურმა სტუმრობამ მათში ახალი შესაძლებლობები გააღვივა.

- მაგალითად?

- ვიღაცა ხატვის ნიჭით დაჯილდოვდა უეცრად, ვიღაცამ სამკურნალო რეცეპტები ისწავლა და დიაგნოსტიკის უნარი მიიღო, უფოლოგია ძალიან მაინტერესებს, მაგრამ უფოლოგის სათქმელს მე ვერ ვიტყვი, ამიტომ ჩემი გადაცემის სტუმართა მონაყოლის შესახებ კომენტარს ყოველთვის უფოლოგი აკეთებდა, თალეს შონიას ვაჟი - ერეკლე შონია, რომელიც ასევე იყო ხოლმე კონტაქტორთა პარალელურად ჩემი გადაცემის სტუმარი.

- ვინმეს უცნაური თავგადასავლის მოწმეც ხომ არ გამხდარხართ?

- ჩემს გადაცემაში სტუმრად მყავდა ერთი ზემგრძნობიარე ადამიანი, მოხდა ისე, რომ ჩვენ ერთად წავედით მანქანით წერეთელზე. უცებ მანქანა გააჩერა და რამდენიმე წუთი გაქვავებულივით იყო, შემეშინდა, რადგან ჩემს არც ერთ შეკითხვაზე არ რეაგირებდა. ჩემ გვერდით იჯდა გაქვავებული "ძეგლი", დაახლოებით ასე იყო 7-8 წუთი, მე მანამდე ენად გავიკრიფე, თუმცა ამაოდ. მანქანის გაჩერებიდან დაახლოებით 10-12 წუთში მოვიდა გონზე და მითხრა, რაც შეემთხვა.

- რა შეემთხვა?

- წარსულში დაბრუნდა, სხვა განზომილებაში და ის სურათი დაინახა, რაც იმ ადგილას ხდებოდა გასულ საუკუნეებში. ადამიანები დადიოდნენ ფაეტონით, ჩიხტიკოპებითა და ძველი ქართული სამოსით. მამაკაცები - ზოგი ჩინოვნიკის მუნდირით, ზოგიც - მისი წოდებისთვის შესაფერისი მოკრძალებული ტანისამოსით. მაღაზიების ნაცვლად იყო ძველი დუქნები, ბრძოლისა და შრომის იარაღთა სამჭედლოები. ერთი სიტყვით, სულ სხვა ადგილად გადაიქცა რამდენიმე წუთით წერეთლის გამზირი. ვერც მან და ვერც მე ვერ ავხსენით, რას ნიშნავდა ეს ანომალია.

- კიდევ რას მეტყვით თქვენს უცნაურ ნიჭზე?

- კარგი იქნება, არ მქონდეს ეს ნიჭი, მაგრამ ადამიანის დანახვისთანავე ვატყობ, უნდა მქონდეს თუ არა მასთან ურთიერთობა, ზოგჯერ არ ვაქცევ ყურადღებას ამ ინტუიციას და მასზე კარგს ვფიქრობ, კონტაქტში შევდივარ, მაგრამ მალე ირკვევა, რომ მართალი ვიყავი და ამ ადამიანისგან თავი შორს უნდა დამეჭირა. ტელეპატიურადაც ვურთიერთობ ადამიანებთან. მე მგონი, ახალსა და განსაკუთრებულს არაფერს გიყვებით, ყველა ადამიანშია ეს იდუმალი ნიჭი. რაც უფრო მეტად ვაკვირდები ამოუცნობი მოვლენების შეცნობას, მით უფრო ვაღიარებ ცნობილი ფილოსოფოსის ფორმულირებას. მე ვიცი ის, რომ მე არაფერი არ ვიცი, რადგან ღმერთისგან შექმნილი სამყარო უამრავ საიდუმლო ცოდნას ინახავს და გვიმხელს მხოლოდ იმას, რისი ცოდნაც აუცილებლად გვჭირდება.

მაია იასეშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება