ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?

 ვინ იპოვა გარდაცვლილი გოგონას ცხედარი?

გასულ კვირას, თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილი იპოვეს. მართალია, სისხლის სამართლის საქმე ძალოვანებმა 115-ე მუხლით აღძრეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს, მაგრამ უკვე გარკვეულია, რომ გოგონას თავი არ მოუკლავს და სამართალდამცავებს საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ან საქმის დახურვა მოუწევთ.

პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. თავდაპირველად საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მარიამი მოკლულია, არ დასტურდება. სავარაუდოდ, გოგონა ქუჩაში წაიქცა, გონება დაკარგა და გაიყინა. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს და ალბათ ექსპერტიზის დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უკვე გარკვეულია, რომ შაბათს, 1-ელ თებერვალს, მარიამი და მისი მეგობრები თოვლში საგუნდაოდ გავიდნენ. კარგა ხანს იგუნდავეს, შემდეგ იქვე იპოვეს პატარა ფარდული, ცეცხლი დაანთეს, საჭმელი შეჭამეს და სასმელიც დალიეს. მეგობრები ერთად ერთობოდნენ, თუმცა მარიამი მათ მალე დაემშვიდობა, რადგან ახლობლის დაბადების დღეზე მიდიოდა. ამის შემდეგ გოგონასთან კონტაქტი შეწყდა. საღამოს 9-ის ნახევარზე დედამ მარიამის ძებნა დაიწყო. სატელეფონი ზარებს არ პასუხობდა და აფორიაქებულმა დედამ ჯერ მეგობრებთან მოიკითხა მარიამი. როცა მათგან შეიტყო, რომ გოგონა კარგა ხნის წასული იყო, დახმარებისთვის სამართალდამცავებს მიმართა. იმ ღამეს უშედეგოდ ეძებდნენ გოგონას, მეორე დღეს ძალოვანებს მარიამის თანაკლასელები და მეგობრებიც ეხმარებოდნენ და გოგონა რკინიგზის ლიანდაგთან ახლოს, ორმა გოგონამ გაყინული იპოვა. შემთხვევის ადგილი ცოტათი მოშორებულია იმ ადგილიდან, სადაც მარიამი გუნდაობდა. ფარდულთან ნაპოვნია პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები და ალკოჰოლური სასმელი.

ბუნებრივია, ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს ყველა ის ადამიანი, ვინც იმ დღეს მარიამთან ერთად იყო. ჯერჯერობით ისინი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაჰკითხეს ასევე მისი სკოლის დირექტორი და პედაგოგებიც.

უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ კერძო სკოლაში მივედი, სადაც მარიამი სწავლობდა. ის მოსკოვის პროსპექტზე მდებარე კერძო სკოლა "დავითიანის" მოსწავლე იყო. ცოტა აგრესიულად დაგვხვდნენ სკოლის დირექტორი და პედაგოგები.

"დავიღალეთ ამდენი ჟურნალისტით, ჩვენ რა უნდა გითხრათ? რა გინდათ ჩვენგან, ეს არ მომხდარა სკოლის პერიოდში. შაბათს მოხდა და თან ჩვენი სკოლის მოსწავლეები არც ყოფილან მარიამთან ერთად", - მითხრა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნანამ, თუმცა მაინც დავითანხმე, რომ გოგონაზე ესაუბრა. სკოლის პედაგოგებიც მარიამს დადებითად ახასიათებენ და მომხდარით შეწუხებულები არიან.

ნანა ზურაბიშვილი, "დავითიანის" სკოლის დირექტორი:

- მარიამი ჩვენს სკოლაში ერთი წელია სწავლობს. ადრე, "აფრიკის" დასახლებაში მდებარე 94-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. აქ იმიტომ გადმოვიდა, რომ უკეთესი განათლება მიეღო. ჯობია, მის ყოფილ სკოლაში მიხვიდეთ, იქ უფრო მეტს შეიტყობთ მარიამზე. იქ უფრო მეტი შეიძლება გითხრან ამ ბავშვზე, მის ფსიქიკაზე, ცხოვრებაზე. მართალია, ჩვენ კარგად მისი გაცნობაც ვერ მოვასწარით, მაგრამ ცუდს ვერაფერს გეტყვით. ძალიან კარგი გოგონა იყო, - კომუნიკაბელური. გულჩათხრობილი არ ყოფილა, აქაც მალე გაიჩინა მეგობრები. ჩვენს სკოლაში კარგი დახასიათებით გადმოვიდა. პარასკევს იყო სკოლაში, პრეტექსტებიც ჩააბარა და ჩვეულებრივად, წავიდა სახლში. ეს ტრაგიკული შემთხვევა შაბათს მოხდა. ვიცით, რომ იმ დღეს მარიამი და მისი მეგობრები პირველ თოვლში საგუნდაოდ გავიდნენ. ბევრნი იყვნენ, მასთან ერთად იქ იყო ჩვენი სკოლის ორი მოსწავლეც, მაგრამ ისინი წამოსულან. იქ ძირითადად მარიამის მეგობრები იყვნენ, რომლებსაც ჩვენ არ ვიცნობდით. თოვლში იგუნდავეს ბავშვებმა, მერე იქვე ფარდულში გაშალეს პატარა სუფრა. ეს შემთხვევა ჩვენი სკოლიდან მოშორებით, გადახურულ ფარდულში მოხდა. ალბათ გასართობად დალიეს ალკოჰოლი. იქვე იყო "ფანტას" ბოთლები. მერე რა მოხდა, არ ვიცით. ვიცით ის, რომ მარიამი მიდიოდა დაბადების დღეზე, მეგობრებს დაემშვიდობა და წავიდა. დედაც იქ ელოდებოდა. გზაში რა მოხდა, არ ვიცით. შეიძლება ჩვენც ერთად ვიყოთ, მერე დავშორდეთ, მე გზაში ფეხი რომ დამიცურდეს და მოვკვდე, თქვენი ბრალი იქნება? მარიამს ალბათ ფეხი დაუცურდა და შეიძლება თავი რაღაცას დაარტყა. გამოძიება გაარკვევს ყველაფერს.

- სადაც ბავშვები ქეიფობდნენ, იმ ადგილიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული გარდაცვლილი?

- მანძილი დიდი არ არის. როგორც ჩანს, გაჩერებაზე მიდიოდა, იქიდან გადავიდოდა სამანქანო გზაზე. ცუდი ჩასასვლელია, დაღმართია, ალბათ ფეხი დაუცდა და დაეცა. მეგობრები ერთად 5-დან 7 საათამდე იყვნენ. ბავშვები 7 საათზე უკვე სახლებში მივიდნენ. ყველა დაიკითხა. ბევრი ისეთიც მოიყვანეს პოლიციაში, ვინც იქ გამოიარა. ბავშვებს ცეცხლი ჰქონდათ დანთებული და როგორც ჩანს, გამვლელებიც უერთდებოდნენ. ძირითადად, მარიამის მეგობრები იყვნენ. მას ძველ სკოლელებთანაც ჰქონდა ურთიერთობა და ალბათ ისინი იყვნენ. მარიამი ჩვენმა სკოლის მოსწავლეებმა იპოვეს, თითქოს იწვა და ეძინა. შეიძლება ალკოჰოლმაც იმოქმედა და ცუდად გახდა. იმასაც ამბობენ, რომ გული აწუხებდა. ექსპერტიზა დაადგენს ყველაფერს. ბატონებიც ახალი მოხდილი ჰქონდა და ამიტომ ანტიბიოტიკებსაც იღებდა. როგორც ვიცით, ამდენ ბავშვს ერთი ბოთლი სასმელი ჰქონდა. ალბათ ეს მისი ბედისწერა იყო. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს სკოლაში. ვცდილობთ, კარგი ოჯახის შვილები, კარგი ბავშვები მივიღოთ. ასეთი იყო მარიამიც. ერთადერთი, რაზეც შენიშვნას იღებდა, ის იყო, რომ სულ იპრანჭებოდა, - ცოტა დაიგრძელე კაბა და ნუ წაისვამ პომადასო, მასწავლებლები საყვედურობდნენ. გაპრანჭვა უყვარდა. სარკის წინ რამდენჯერაც გაივლიდა, იმდენჯერ პომადას ისვამდა. მეც ასე ვარ, სულ გვერდით მიდევს პომადა. რომ იპოვეს, მაშინაც თითქოს ეძინა, წითელი პომადა ჰქონდა ტუჩზე. იქვე იყო მისი ჩანთა. ყველასთან მეგობრული იყო, ძალიან დაგვწყვიტა გული. მისი ოჯახი საშინელ დღეშია. დედამ დაურეკა და 9-ის ნახევარზე დაიწყეს ძებნა. მეგობრებმა უთხრეს, წამოვიდაო. ყველგან ეძებდნენ, მერე მობილურის ანძით დადგინდა, რომ ამ ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა მისი ტელეფონი. რას იფიქრებდნენ, რომ ლიანდაგთან იყო? პოლიციასთან ერთად ჩვენი სკოლის ბავშვებიც ეძებდნენ და ორმა გოგონამ იპოვა ცხედარი, ისინიც შოკირებული არიან. დიდი სტრესი მიიღეს, ისტერიკაში ჩაცვივდნენ, წიოდნენ და კიოდნენ ბავშვები. ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისთვის სკოლაში უცხოს მოეკითხოს. სკოლის კარი ჩაკეტილია, ვიდეოთვალი გვაქვს ოთახებშიც და გარეთაც. ველოდებით გამოძიებას.

მარიამის მეგობრებთან საუბარი ვერ შევძელი. სკოლის დირექტორის განმარტებით, ბავშვების მშობლებმა თქვეს უარი მათ შვილებთან გასაუბრებაზე.

იმ სკოლაშიც წავედი, სადაც მარიამმა 9 კლასი დაამთავრა. აქ სწავლობს ამჟამად მარიამის პატარა დაიკო და მათი მოსწავლე იყო მარიამის უფროსი ძმაც.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინა ჩაგანავამ გარდაცვლილი გოგონა დადებითად დაახასიათა. მას ყოფილ დამრიგებელთან ან რომელიმე პედაგოგთან შეხვედრა ვთხოვე. კლასელებთან შეხვედრაზე პირდაპირ უარი თქვა, - მშობლების თანხმობის გარეშე ამას ვერ შევძლებო. თუმცა, პედაგოგს, ქალბატონ ლელა შველიძეს შემახვედრა. ქალბატონი ლელა ძალიან წუხდა მარიამის გარდაცვალების გამო. ისიც მითხრა, მის ოჯახსაც ვიცნობ და იქ საშინელება ტრიალებს, საშინლად განიცდიან მშობლებიო. "მარიამი ძალიან კარგი გოგონა იყო, ჩვენს სკოლაში 9 კლასამდე დადიოდა.

გაწონასწორებული ბავშვი იყო, საშუალო დონეზე სწავლობდა, ძალიან კომუნიკაბელური გახლდათ. ყველას გვიყვარდა და მომხდარით შეწუხებულები ვართ. არ ვიცით, რეალურად რა მოხდა იქ. პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და კარგად ვიცნობდი ამ გოგონას შინაგან სამყაროს. გულჩათხრობილი არ ყოფილა. ძალიან კარგ ოჯახში გაიზარდა. შეძრულები ვართ მომხდარით", - მითხრა ქალბატონმა ლელა შველიძემ.

ამ დროს მის კაბინეტში ერთი თანამშრომელი შემოვიდა და დაჟინებით მოითხოვა ლელას გარეთ გასვლა. - ინტერვიუს ვწერთ, ცოტა ხანში დაგელაპარაკები, - უთხრა ქალბატონმა ლელამ. გაირკვა, რომ ის დირექტორის გამოგზავნილი იყო. რატომღაც უცებ სკოლის დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სკოლის პედაგოგებს მარიამზე არ უნდა ესაუბრათ და ჩემთან შეხვედრა ყველას აუკრძალა. შეწუხდა ქალბატონი ლელა, რადგან ინტერვიუს შეწყვეტა შუა გზაში მოუხდა. მომიბოდიშა. ამის შემდეგ მანდატური გამოჩნდა და იძულებული გავხდი, შენობა დამეტოვებინა.

არ ვიცი, რისი შეეშინდა დირექტორ მარინა ჩაგანავას. იმის ხომ არა, რომ იმ საბედისწერო წუთებამდე მარიამთან ერთად მისი სკოლის მოსწავლეებიც იყვნენ და ამაზე კითხვას დავსვამდი? მართალია, უფრო მეტად მარიამის ცხოვრებაზე ინფორმაციის გაგება მსურდა და ამიტომ მივაკითხე მის ყოფილ სკოლას, მაგრამ იქიდან გაწბილებული წამოვედი. არადა, პედაგოგებს დიდი სურვილი ჰქონდათ, სიყვარულით ესაუბრათ ამ პატარა გოგონაზე.

მარიამის ცხედარი 94-ე სკოლიდან რამდენიმე მეტრში, მამიდის სახლში ესვენა. უამრავი ადამიანი იყო სამძიმარზე მისული ჭირისუფალთან. ტიროდნენ მარიამის მეგობრებიც. ყოფილი კლასელებიც უკანასკნელად გამოეთხოვნენ საყვარელ მეგობარს, რომლის დაღუპვას ძალიან განიცდიან. ოჯახის წევრები იმდენად თავზარდაცემულები არიან, რომ მომხდარზე საუბარი არ სურთ. 4 თებერვალს მარიამის ცხედარი თბილისიდან ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში გადაასვენეს, სადაც ბაბუა ცხოვრობს და მას იქ დაკრძალავენ.

მისი სიკვდილის რეალურ მიზეზს იმედია, გამოძიება დაადგენს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია