''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''

''ეს ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში...''

''რუსთავი 2''-ის მაყურებელმა სოფო ტოროშელიძე ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაიცნო. შემდეგ იყო ''ელდრაინი'', ''ევროვიზია'', ''ემ-ტი-ვის'' ბათუმური შოუ, ''საქართველოს ვარსკვლავის'' მუსიკალური პროდიუსერობა. დღეს, 23 წლის ასაკში, ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური პროდიუსერია. ამჟამად ახალი პროექტ ''X ფატორით'' არის დაკავებული. პროექტის შიდაშესარჩევ ტურებზე, უცნაურ მონაწილეებზე, კარიერასა და პირადზე დღეს მუსიკოსი ჩვენთან საუბრობს.

- სოფო, საზოგადოებამ ''ვარსკვლავების აკადემიიდან'' გაგიცნო. რა იყო მანამდე?

- ორი წლისას უკვე მუსიკალური სმენა აღმომაჩნდა. ''მოამბის'' მუსიკა წავიმღერე თურმე ერთი ერთში და ოჯახი დატრიალდა (იცინის). თუკი რაიმე მუსიკალური წრე არსებობდა, ყველგან შემიყვანეს. 3 წლის უკვე ორი ხელით ვარჩევდი სიმღერებს ფორტეპიანოზე. ვიყავი ''ბასტი-ბუბუში'', ''მზიურის'' მეექვსე თაობის წევრი. დავამთავრე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის ათწლედი. ბოლოს მოვხვდი კონსერვატორიაში საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე. დედა მღერის და თვითონაც აპირებდა მუსიკოსობას. ალბათ, ამიტომაც ჩაერთო ასე აქტიურად ჩემს მუსიკალურ განათლებაში.

- სხვა ინტერესები არ გქონია?

- მუსიკის გარდა არაფერი ვიცი. ვხატავდი, მაგრამ ახლა რომ ვუკვირდები, არ მეხერხება. ლექსებსაც ვწერდი, მაგრამ ესეც ასაკის ბრალი იყო... მუსიკოსი რომ არა, ალბათ, მეცნიერი ვიქნებოდი. ბებია და ბაბუა ასტრონომები იყვნენ, სახლიც გვაქვს აბასთუმანში, ობსერვატორიასთან ახლოს. სულ ტელესკოპის წინ ვტრიალებდი. მამა - ფიზიკოსია. მისტიკური რაღაცები მაინტერესებს.

- ''ვარსკვლავების აკადემია'' როგორ გახსენდება?

- მაშინ სტუდენტი ვიყავი. ვიფიქრე, ფართო აუდიტორიის წინაშე წარსადგომად მზად ვარ-მეთქი.

- რეალური შოუ, თანაც მუსიკალური, ქართული ტელესივრცისთვის ახალი იყო.

- რეალური შოუ რატომღაც ''ჯეობართან'' ასოცირდებოდა, მაგრამ ეს მთლიანად მუსიკალური პროექტი იყო, ამიტომაც მივიღე გადაწყვეტილება, ამ შანსზე უარი არ მეთქვა. მიუხედავად იმისა, რომ გასაგები მიზეზების გამო პროექტი შეწყდა, დიდი გამოცდილება მომცა და წარმატება მომიტანა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი კარიერის აღმასვლა. შევიძინე მეგობრები, რომლებთან ერთად ვარ დღემდე. ამ პროექტის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ''ელდრაინში'' სოლისტად მიწვევდნენ. ჩემი ''ევროვიზიასთან'' შეხება ბავშვების ''ევროვიზიით'' დაიწყო, როცა ამ შოუში ''პრინცესები'' გადიოდნენ. მათი პედაგოგი ვიყავი. მაშინ ვნახე, თურმე რამხელა მასშტაბებია და რა ხდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეორედ სოფო ნიჟარაძეს ბექვოკალისტად გავყევი და შემდეგ უკვე ''ელდრაინის'' სახელით გამოვედი. მესამედ უკვე, ფაქტობრივად, სახლში ჩავედი. იმ ''ევროვიზიის'' შემდეგ დღემდე გვაქვს მიწვევები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მაგრამ ამ ყველაფერს ფინანსებიც სჭირდება. უარის თქმა გვიწევს. ''ევროვიაზიას'' მოჰყვა ''ემ-ტი-ვი''.

- დღეს რას აკეთებ?

- ''რუსთავი 2''-ის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ, რაც ვერასდროს წარმომედგინა, მით უმეტეს, ჩემს ასაკში. ეჭვები მაწუხებდა. ''საქართველოს ვარსკვლავის'' ნახევარფინალი იყო, როცა გიორგი ხაბურზანიამ დამირეკა და ამ პროექტში პედაგოგად მომიყვანა. ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მომიხდა მუშაობა. ალბათ, კარგი თვისებები გამოვამჟღავნე. მეორე სეზონზე უკვე პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელობა შემომთავაზეს. მასზე მუშაობით დიდი სიამოვნება მივიღე. ყველა მისი ტურით ვამაყობ, ეს იყო  ახალი სტანდარტი ქართულ მუსიკალურ კონკურსებში. მერე უკვე არხის მუსიკალური ხელმძღვანელი გავხდი. პარალელურად ''რუსთავი 2''-თან ერთად გავხსენით სტუდია, სადაც თინეიჯერები დადიან.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება