"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული

"გრძნობების აფიშირება არ მიყვარს" - რისთვის ემზადება ეკო ფანგანის ყოფილი შეყვარებული

"სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება თავი მისგან დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ. რაინდული თვისებებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. თუ მიზანი მტკიცედ დაისახა, მის წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს. მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი... მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს და ყველა პატივისცემით ეპყრობა. გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ღორის წელში დაბადებულ მორიელს, ეს კი მომღერალ ბექა ჩხაიძის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არ მაინტერესებს-მეთქი, რომ გითხრა, ტყუილი იქნება, მაგრამ ამ სფეროში ღრმად ჩახედულიც არ ვარ. მიშა ცაგარელთან ვმეგობრობ და ამ თემაზე მასთან ვსაუბრობ; რაც მაინტერესებს, ვეკითხები.

- მის რჩევებს ითვალისწინებ?

- ნაწილობრივ. ასტროლოგიურ პროგნოზს თვალს გასართობად თუ გადავავლებ ხოლმე.

- ღორის წელში დაბადებული ადამიანები რაინდული თვისებებითა და გულისხმიერებით გამოირჩევიანო. მართალია?

- ეს კომპლიმენტია (იცინის), რისთვისაც მადლობას გიხდი! ჩემი თავის ქებას ვერ დავიწყებ.

- თავმდაბალიც ყოფილხარ...

- საკუთარ რაინდულ თვისებებზე ლაპარაკი მეუხერხულება, ამაზე ჩემი მეგობრები უკეთესად ილაპარაკებენ.

- "გულუბრყვილოა, სხვებს თავის მოტყუების უფლებას ხშირად აძლევს და ნებისმიერ მარცხს ფილოსოფიური სიმშვიდით ხვდება".

- ტყუილია. შეიძლება რაღაც "გავატარო" ისე, ვითომ ვერ მივხვდი, მაგრამ თავჩაღუნული ადამიანი ნამდვილად არ ვარ.

- "ნაკლებად და ძალიან უხალისოდ ცრუობს, რადგან შემდგომში ამ ტყუილით ცხოვრება უძნელდება".

- ბოროტი ტყუილები ჩემი საქმე არ არის, მაგრამ უწყინარი, ზოგჯერ სახალისო ტყუილების თქმა ცხოვრებაში ყველას გვიწევს. მსგავს რაღაცებს მეც ხშირად ვამბობ, ამ დროს ჩემი "გურულობა" ირთვება და... ისეთი ტყუილების თქმისგან, რომელიც მერე ცხოვრებას დამიმძიმებს და გამიძნელებს, ღმერთმა დამიფაროს.

- "კარგი მეგობარი და კომპანიონია. მართალია, სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შეიძლება, მისგან თავი დიდი ხნით ვეღარ დაიძვრინოთ".

- სიტყვაძუნწი ვარ? არა, ტყუილია!

- ახლა შენი გულახდილობის ბუშტი რა მდგომარეობაშია?

- კარგ ხასიათზე ვარ. 90%-ით არის შევსებული, გასკდომას ცოტა აკლია.

- "მათი უმრავლესობა მატერიალისტია და კომფორტის სიყვარულით გამოირჩევა. ის ქონებას ნაბიჯ-ნაბიჯ უყრის თავს და ფულსაც მონდომებით აგროვებს".

- არ მეგულება ადამიანი, რომელსაც კომფორტი არ უყვარს. რაც შეეხება ფულის შეგროვებას, ეს ჩემი თვისება არ არის. მართალია, მდიდარი არ ვარ და არც ბიზნესი მაქვს, მაგრამ რაც გამაჩნია, საყვარელი ადამიანებისთვის ხელგაშლილად ვხარჯავ. ახლობლებს საჩუქრებით რომ ვახარებ, ეს თავადაც მსიამოვნებს. როცა დავოჯახდები, მერე ალბათ, რაღაცები შეიცვლება, მაგრამ სამეგობროს მაინც არაფერს მოვაკლებ.

- დაოჯახება ახსენე და შენს პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ არის?

- როცა იქნება, ამას აუცილებლად გაიგებთ.

- შემოქმედებით საქმიანობაში?

- ახლა კვარტეტი "ალილო" 2 ახალ სიმღერაზე მუშაობს. პრეზენტაცია მალე იქნება. ერთი ძველი სიმღერებიდან პოპურია, მეორე - ჯანსუღ კახიძის სიმღერაა.

- "თუ მიზანი მტკიცედ დაისახა, მის წინსვლას ვეღარაფერი შეაჩერებს".

- 100%-ით სიმართლეა! მიზნისკენ მიმავალ გზაზე, უმეტესად ბოლომდე წარმატებით გავსულვარ, უკან იშვიათად დამიხევია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ბოლოს მიზანიც გეზიზღება და გინდა, ხელი ჩაიქნიო, - ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში იშვიათად მომხდარა.

- "შეყვარებული ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანია პარტნიორის მიმართ. უყვარს საკუთარი გრძნობების მატერიალური კუთხით აფიშირება, რაც ძვირად ღირებული საჩუქრებით გამოიხატება".

- ამ შემთხვევაშიც გეთანხმები. შემიძლია, საყვარელი ადამიანისთვის ბოლომდე დავიხარჯო, ოღონდ მან იგრძნოს თავი ბედნიერად. საჩუქრები? - ამასაც კარგად "ვქაჩავ"; ისე, რომ მერე თავად მიკვირს, როგორ მოვახერხე.

- "უზომოდ მონდომებულია. საკუთარი საქმის პროფესიონალი და კარგი ვირტუოზია, მაგრამ ზოგჯერ სიზარმაცისკენ მანიაკალური მიდრეკილებაც ახასიათებს".

- ვერ ვიტყვი, რომ ზარმაცი ვარ. ჩემთვის შრომა სიამოვნებასთან შესაძლოა, იმიტომ ასოცირდება, რომ ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. სიზარმაცის გამო საკუთარი თავისთვის ზიანი არასდროს მიმიყენებია.

- "მას შეუძლია იყოს ულმობელი, სასტიკი, ძლიერი... ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციაზეა დამოკიდებული".

- თუ გამამწარებ, შეიძლება, იმ მდგომარეობამდე მივიდე, რომ ყველაფერზე "ხელის მომწერი" გავხდე და მერე ეს სანანებელიც გამიხდეს.

- ასეთ მდგომარეობაში ყოფილხარ?

- ადამიანი არ მომიკლავს, მაგრამ გამწარებული და ძალიან გაბრაზებული ვყოფილვარ.

- "მორიელის თვალებს ჰიპნოზირების უნარი აქვთ. მათ მზერას ხალხი თავს არიდებს და მოუსვენრობა იპყრობთ".

- მართლა? შეიძლება ასეც არის, არ დავკვირვებივარ. ზოგადად, მორიელზე მსმენია, რომ ძლიერი ნიშანია; იმდენად ძლიერი, რომ ზოგიერთი გაურბის კიდეც.

- "იმდენად ფლობს საკუთარ ემოციებს, რომ სახეზე ვერაფერს შეატყობთ".

- ნამდვილად ასეა! ძალიან ცუდად მყოფს გაღიმებაც შემიძლია. ეს თვისება ბევრ რამეში გამომდგომია.

- ადამიანებთან ურთიერთობისას პირდაპირობით გამოირჩევი?

- კი, სიმართლის თქმა დაუფარავად შემიძლია.

- "თუ ნამდვილად გაინტერესებთ, რას წარმოადგენთ, ჰკითხეთ მორიელს და ის პირდაპირ გეტყვით".

- მართლია, მაგრამ უზრდელურად და თავხედურად არ ვიქცევი.

- "მორიელს მტერი და მოყვარე თანაბარი რაოდენობით ჰყავს. მას მტერიც კი პატივისცემით ეპყრობა".

- ვინმე გადამტერებული არ მყავს, მაგრამ იყო შემთხვევა, როცა დაპირისპირებული მხრიდან მორიდებულობა მიგრძნია, სათქმელი სხვისი პირით შემოუთვლიათ. მგონია, რომ ამას "მორიელობა" კი არა, ჩემი შეხედულებები, ცხოვრების წესი განაპირობებს.

- "მორიელი არა მხოლოდ სხვებისთვის, საკუთარი თავისთვისაც საშიშროებას წარმოადგენს. თუ გარშემო დასაგესლი ობიექტი არ ჰყავს, შეუძლია, მომაკვდინებელი ნესტარი საკუთარ თავზე სცადოს".

- ესეც სიმართლეა, ჩემი თავი არაერთხელ დამიგესლავს.

- მერე რა ხდება?

- მერე მზე მოულოდნელად ამოდის, სამყარო ფერადდება - ეს თავისთავად ხდება.

- სამყაროს გაფერადებაში ყველაზე მეტად, რა გეხმარება?

- მაგას რას გაიგებ, მიზეზი სხვადასხვაა. მეგობრებით ძალიან მდიდარი ადამიანი ვარ; შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მილიარდერი გახლავართ. მათ სითბოს, სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ და ეს მაძლიერებს. უკიდურეს მდგომარეობამდე გაჭირვებაშიც ვყოფილვარ, 3-4 წლის წინ ყველა ჩემს ცხოვრებას განიხილავდა - დაკონკრეტება აღარ მინდა, მაგრამ გეტყვი, რომ ამ პრობლემაში მოულოდნელად აღმოვჩნდი. 95%-ით განწირული ვიყავი და მეგობრებმა მიშველეს. პრობლემა მათი დახმარებით დავძლიე. არადა, შეიძლებოდა, ჩემ გარშემო სამარადისო სიბნელეს დაესადგურებინა.

- "მორიელს არასდროს ავიწყდება გაწეული სიკეთე".

- სიკეთე როგორ უნდა დავივიწყო? ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე სიკეთე გამიკეთეს, ამას ხშირად ვახსენებ. წყენაც ასე მახსოვს თუ არა? - შეურაცხყოფის დროს იმ წუთშივე "ვფეთქდები" და ვმოქმედებ. ამ დროს თავის დახრა არ შემიძლია. სიტუაცია გაირკვევა და მერე ყველაფერი დალაგდება.

- "გულმოდგინედ გეგმავს, როგორ იყაროს ჯავრი მტერზე. ის მოწინააღმდეგეს ისეთ დარტმას აყენებს, საბოლოოდ უკარგავს მასთან ქიშპობის სურვილს".

- (იცინის) მტერზე ჯავრის ყრას ხშირად აუჩქარებელი, დიპლომატიური ნაბიჯებით სიარული სჭირდება. მე ეს შემიძლია! არც ერთი ადამიანისთვის უბედურება არ მინდა... დაახლოებით 20 დღის წინ, ჩემს ერთ საყვარელ პიროვნებას ისეთი "შეფუთული" ტყუილი "მიუტანეს", თითქმის დაიჯერა. უძილო ღამეები მქონდა. ახლა ჩემი "მორიელი" დღე და ღამე მოძრაობს; არაფერს ვიმჩნევ, ვიცინი, მაგრამ ისეთი დარტყმისთვის ვემზადები, ტყუილის მიმტანი 2-3 წელი რომ ვერ დაივიწყებს. თითქმის "დამკაში" ვარ გასული. ასეთი გამწარებული დიდი ხანია, არ ვყოფილვარ. შეიძლება ფიქრობენ, - ეს რა "მასტი" ყოფილაო, მაგრამ ნახონ, ჩემი მორიელი როგორ "იკაცებს".

- "მის ამქვეყნად მოვლინებას თითქმის ყოველთვის თან ახლავს რომელიმე ნათესავის ან ოჯახის წევრის გარდაცვალება".

- ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, მაგრამ რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა: როცა ძალიან კარგად ვიყავი, გახარებული და თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რაღაც ცუდი მოხდა და ეს სიხარული ჩამიმწარდა.

- საკუთარი თავის ერთი სიტყვით დახასიათება რომ გთხოვო, რომელ სიტყვას იტყვი?

- ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. შეიძლება, გარეგნულად ეს არ ჩანს, მაგრამ ღვთის მოშიში ადამიანი ვარ. არადა, ბევრისთვის თვალში საცემი ჩემი ბოჰემური ცხოვრებაა. ვერ ვიცავ იმ წესებს, რომელსაც რელიგია ქრისტიანისგან მოითხოვს.

- ასტროლოგები "უძლეველს" გიწოდებენ.

- ამ დახასიათებას შეიძლება, 80%-ით ვაკმაყოფილებდე.

- "ყველა ცხოვრებისეულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს".

- ასეა. ზრდასრული ადამიანი ვარ და ბევრჯერ მინანია კიდეც, საკუთარი თავი დამიტუქსავს, - რჩევა რატომ არავის ვკითხე-მეთქი?!

- "მეგობრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. თავის გარშემო ისეთ პიროვნებას არ გააჭაჭანებს, რომელსაც არ აფასებს".

- ჩემი მეგობრებით მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ჩემი სამეგობრო წრე ბევრისთვის სამაგალითოა.

- "მას გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება არ სჩვევია".

- გრძნობების აფიშირება არ მიყვარს. ბევრს უთქვამს, - სხვანაირი ადამიანი მეგონე, გაგიცანი და წარმოდგენა საერთოდ შემეცვალაო.

- როგორი გვეგონეო?

- საშინელი, და თურმე კარგი ადამიანი ყოფილხარო. ბოლოს ისე ვტკბილდები, სულ "ნამცხვარს" მეძახიან.

- "უყვარს სხვისი საიდუმლოს შენახვა. სულში ისეთი კუნჭულები აქვს, სადაც შესვლა ნებისმიერი მოკვდავისთვის აკრძალულია".

- რამდენი ადამიანის საიდუმლოც ვიცი, რომ გითხრა, აღდგომას ჩემს საფლავზე მოხვალ და გულზე კვერცხს გადამიგორებ.

- "საოცარი შორსმჭვრეტელობის უნარის წყალობით, ყოველთვის დანამდვილებით იცის, ვინ რას წარმოადგენს და ვისგან რა საშიშროება ელის".

- ადამიანების ამოცნობაში იშვიათად ვცდები. ინტუიცია ბევრ რამეს მკარნახობს. ერთი პატარა საცერი მაქვს, რომელშიც ადამიანებს ვატარებ. ზოგიერთი იცხრილება, ზოგიერთი ჩემ გვერდით რჩება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება