"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა

"მე დავწერე დასკვნა და თუ ვინმე იყო მოსაკლავი, მე ვიყავი" - რას ყვება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას ცხედარს პირველადი ექსპერტიზა ჩაუტარა

2012 წლის ოქტომბერში მთავარმა პროკურატურამ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება დაიწყო და დღემდე ამტკიცებს, რომ შედეგი მალე გახდება ცნობილი. ვიდრე გაირკვევა, მოკლეს თუ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ექსპრემიერი, გავიგოთ, რა ხდებოდა 2005 წლის 3 თებერვალს რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში.

გთავაზობთ ინტერვიუს ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან, რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამების პირველადი ექსპერტიზა ჩაატარა და ირწმუნება, რომ ჟვანიას გვამს ძვლოვანი ტრავმა არ ჰქონია. ბატონი ლევანი იმხანად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გახლდათ:

- კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ექსპერტები ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება. ექსპერტიზას ორი ვიდეოკამერა იღებდა, ერთი წუთითაც არ გამორთულა. შსს-სა და პროკურატურას აქვთ ეს ფირები, რომელიც ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

- ექსჰუმაციის შემთხვევაში, მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით CO-ს არსებობას ადგენდეს. შვეიცარიაში თუ ულტრათანამედროვე კვლევის მეთოდები არსებობს, არ ვიცი.

ამ რანგის ექსპერტიზა საქართველოში არ ჩატარებულა.

ერთადერთი, რაც ექსჰუმაციის შედეგად შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. ათი საუკუნეც რომ გავიდეს, გამოჩნდება, ჰქონდა თუ არა ზურაბ ჟვანიას თავზე ჭრილობა.

- რა წერია თქვენს დასკვნაში?

- ჩემს საექსპერტო დასკვნაში ორივე გამოკვლევის (თბილისის და FBI-ს) მონაცემებია შეჯამებული. ჟვანიასა და იუსუპოვის სისხლში აღინიშნებოდა ნახშირჟანგის (CO ) დიდი რაოდენობა, დაახლოებით 8-10 ერთეულით მაღალი იყო ამერიკელთა დასკვნაში.

- შესაძლებელია თუ არა CO -თი მოწამვლის ხელოვნურად გამოწვევა?

- COO-თი მოწამვლას ავტოფარეხში დაქოქილი მანქანის გამონაბოლქვიც იწვევს. სწორედ იმ დღეებში, როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე სამხედრო ექსპერტმა განაცხადა, რომ არსებობს სითხე, ხუთვალენტიან რკინასთან შეკავშირებული ნახშირჟანგი, რომლის 2 მლ საკმარისია, რომ ზუსტად ისეთი შედეგი დადგეს, რაც ჟვანიას შემთხვევაში. რა მნიშვნელობა აქვს, ფილტვებიდან შევა ნახშირჟანგი ორგანიზმში თუ კუჭიდან? ძნელია იმის თქმა, პრემიერი მოიწამლა თუ მოწამლეს, ამის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა. აჩვენონ ის ფირები საზოგადოებას და თქვან ყველაფერი! ამ საქმეზე დაკითხულიც კი არა ვარ, მაგრამ ერთი შემიძლია განვაცხადო: თუ დადგინდა, რომ ეს არ იყო უბედური შემთხვევა, იცოდეთ, გარდაცვალება აუცილებლად ნახშირჟანგით არის გამოწვეული. იმიტომ, რომ გვამზე დაზიანება არ ყოფილა!

- ალბათ, არ მიწყენთ, თუ შეგახსენებთ, რა გზით მოიპოვებოდა წინა რეჟიმის დროს ექსპერტიზის სასურველი დასკვნები. თქვენზეც ხომ არ ყოფილა ზეწოლა?

- არავითარი ზეწოლა არ ყოფილა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილი არ ჰქონია დაზიანებული.

- ოპერატორების გარდა ვინ ესწრებოდა ექსპერტიზას და რატომ?

- რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყვნენ ბატონი ზურაბის საოცრად შეშინებული და დამწუხრებული მეგობრები: გოგორიშვილი, მაჭავარიანი, ბარამიძე და სხვები. სანამ გვამის გაკვეთას დავიწყებდით, მორგში იყო ჟვანიას გუნდის თითქმის ყველა წევრი, სულ ცოტა, 20-25 კაცი. მისი მეუღლეც იქ იყო, გვამი ჯერ კიდევ თბილი იყო, ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას (რასაც მისი ერთ-ერთი მეგობარი ავრცელებს), გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა.

- მაშინდელ სატელევიზიო ვიდეოფირში ჩანს, რომ ამ საკითხზე კომენტირებისას გურამ დონაძე მუდმივად დაგყვებოდათ. რატომ?

- რა ვიცი, რას გაიგებ, რა ედო გუნებაში, ალბათ, იმისთვის, რომ კომენტარები ლაკონიური ყოფილიყო, თუმცა, ეს არ მოუთხოვია. პროზექტურიდან გამოსვლის შემდეგ ტელევიზიებს პირველი ინტერვიუ მივეცი და დონაძე ნამდვილად გვერდით მედგა. ორივე გვამი ზედიზედ გამოვიკვლიეთ და დაახლოებით საღამოს 5-6 საათი იქნებოდა, მორგიდან რომ გამოვედით. ვთქვი, რომ პირველადი გამოკვლევით საქმე გვაქვს CO-თი მოწამვლასთან და არავითარი ტრავმის ნიშნები არ აღინიშნება-მეთქი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ