"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში

"ფულის "შეწერვა", ერთმანეთის ჩაგვრა და ე.წ. "მაყურებლები" - როგორია პატიმრების დღის რეჟიმი ქართულ ციხეებში

გეგუთის ციხეში განვითარებულ მოვლენები ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. პატიმრები ციხის ადმინისტრაციას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა კი რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "როდესაც რეჟიმი კანონის ჩარჩოებში ექცევა, ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას ეს არ მოსწონს." მართლაც, საინტერესოა, როგორია პატიმრების დღის რეჟიმი და რა პირობებში იხდიან სასჯელს მსჯავრდებულები. ამ საკითხზე ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:

- დღესდღეობით, არსებობს ორი სახის რეჟიმის: დახურული (საპყრობილე) და ნახევრად დახურული ტიპის დაწესებულება, რასაც ჩვენ პირობითად კოლონიას ვეძახით. ასეთ დაწესებულებებში პატიმრებს დღის განმავლობაში აქვთ საშუალება იყვნენ გარეთ, ხოლო საღამოს იკეტებიან საკნებში. რაც ეხება საპყრობილის ტიპის დაწესებულებას, იქ პატიმრები 23 საათის განმავლობაში იმყოფებიან საკნებში და ერთი საათით აქვთ გასეირნების უფლება. გასეირნება პირობითად ჰქვია, თორემ პატიმრები გამოჰყავთ პატარა, საკნისხელა ტერიტორიაზე, რომელსაც ჭერი არ აქვს და ცის დანახვაა შესაძლებელი. თითოეული საკნის პატიმრები ერთად შედიან "გასასეირნებელ" ოთახში და სხვადასხვა საკნის პატიმრებს არ აქვთ კონტაქტის საშუალება.

- რისი უფლება აქვთ და რა ეკრძალებათ ორივე ტიპის რეჟიმის პატიმრებს?

- უკვე მსჯავრდადებულებს აქვთ ტელეფონზე დარეკვის უფლება თვეში 2-3-ჯერ 15-15 წუთი. იყიდება სპეციალური ბარათები და ამის საშუალებით რეკავენ პატიმრები დაწესებულებებში განთავსებული ავტომატებიდან. მათ ანგარიშზე აქვთ თანხები და ყიდულობენ მაღაზიებში საკვებს, ნივთებს, სიგარეტს...

ბუნებრივია, პატიმრებს არ აქვთ ბასრი საგნების, მობილურების, დანების, იარაღისა და ნარკოტიკის ქონის უფლება. სადც ე.წ. ზონებია, კოლონიები, იქ დილიდან საღამომდე პატიმრები გარეთ არიან და მოედანზე აქვთ ფეხბურთის, კალათბურთის თამაშის და ერთმანეთთან ურთიერთობის, ასევე, ეკლესიაში ლოცვის უფლება. სიგარეტის მოსაწევად პატიმრებს გამოყოფილი აქვთ ცალკე ადგილი, მაგ. საპირფარეშო. ბოლო დროს გამკაცრდა წესრიგი და საკანში აიკრძალა სიგარეტის მოწევა და გამოიყო სპეციალური ადგილები. პატიმრები აბანოთი კვირაში ერთხელ, ან ორჯერ სარგებლობენ.

უვადო თავისუფლებააღკვეთილებს მეტი თავისუფლება აქვთ იმ თვალსაზრისით, რომ, მართალია, ისინი ჩაკეტილი საპყრობილის რეჟიმში იმყოფებიან, მაგრამ უფრო ხშირად აქვთ ტელეფონზე დარეკვის საშუალება ოჯახის წევრებთან. ამავე დროს, აქვთ პაემნები თვეში 1-2-ჯერ. რაც ეხება გრძელვადიან პაემნებს, 24 საათიანი პაემანი წელიწადში 2-ჯერ არის (პაემნის გადასახადი 60 ლარია) და იქ დაიშვებიან ოჯახის წევრები - ორი უფროსი და ერთი ბავშვი, ან ერთი უფროსი და ორი ბავშვი.

- როგორია მათი დღის რეჟიმი?

- საპყრობილის რეჟიმის პატიმრები მთელი დღის განმავლობაში არიან საკნებში, 1 საათით გამოჰყავთ სასეირნოდ, აქვთ სამჯერადი კვება - ჩამოატარებენ საკვებს და პატიმრები იღებენ მას. ასევე, ისინი უყურებენ ტელევიზორს, უსმენენ რადიოს. ტელევიზორს და რადიოს პატიმრები თვითონ ყიდულობენ. "ზონებს" რაც ეხებათ, იქ თავისუფალი დღის რეჟიმია - პატიმრები მთელი დღე გარეთ არიან და როცა უნდათ, მაშინ შევლენ საკნებში. იქაც სამჯერადი კვებაა. როგორც ამბობენ, ბოლო ერთი წელია, მენიუ გაუმჯობესდა და არიან პატიმრები, რომლებიც მხოლოდ ციხის საკვებით სარგებლობენ და მაღაზიაში არ, ან ვერ ყიდულობენ პროდუქტებს.

- თუ იცით, მედიისთვის ინტერვიუების მიცემისთვის ხომ არ ისჯებიან პატიმრები?

- უკვე აქვთ ამის უფლება. ამ მხრივ შედარებით შეზღუდულები არიან 7-ე საპყრობილის პატიმრები, სადაც მკაცრი რეჟიმია. მოგეხსენებათ, იქ სხედან ე.წ. კანონიერი ქურდები და ქურდული სამყაროს წევრები.

- დღეს რა სახის ადმინისტრაციული სასჯელებია გახშირებული დაწესებულებებში.

- ვინმეს თუ აღმოუჩენენ აკრძალულ ნივთს, მას სასჯელს - 1-დან 3 წლამდე პატიმრობას დაუმატებენ. ადმინისტრაციული სასჯელები გულისხმობს მობილურით სარგებლობის, პაემნების და სხვა აკრძალვებს, ხოლო უკიდურესი ზომა არის კარცერში ჩასმა. დღეს არის ისეთი მომენტები, რომ ვიღაც ფულზე თამაშობს. მართალია, დაწესებულებებში ფული არ ტრიალებს, მაგრამ ხდება მოგებულის ანგარიშზე ჩარიცხვა, ან გარეთ ოჯახის წევრების საშუალებით თანხის მიტანა მოგებულის ოჯახში; გახშირებულია ერთმანეთის დაჩაგვრა, ფულის შეწერვა, ე.წ. მაყურებლების მხრიდან არასწორი მოპყრობა და სხვა. თუ ვინმე შეამჩნიეს და გამოიჭირეს მსგავს ქმედებებში, ასეთები სხვა დაწესებულებაში გადაჰყავთ, კარცერში სვამენ, ან ადებენ ადმინისტრაციულ სასჯელს. ამასთან, აძლევენ გაფრთხილებას, ან საყვედურს, რაც დიდ როლს თამაშობს ე.წ. უდო-ს პერიოდში - პატიმარს თუ საყვედური აქვს მიღებული, მას უარს ეუბნებიან დროებით ვადამდე გათავისუფლებაზე.

ნანა ფიცხელაური

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ