არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი

არის თუ არა დათუნა მგელაძე მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი

მომღერალი დათუნა მგელაძე უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ცხოვრობს. მან იქ გამგზავრება საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის ასაწყობად გადაწყვიტა. ბევრს შრომობს და უხარია, რომ შრომას უფასებენ... მიყვარს ფულის ხარჯვა და შესაბამისად, შრომაც არ მეზარებაო, - მითხრა მომღერალმა, რომელსაც ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდი.

- ფულს ჩემთვის ძალიან კარგი გემო აქვს, ის უგემრიელესი რამ არის. სამწუხაროდ, ძნელია დღეს იმდენი თანხის შოვნა, რამდენიც გჭირდება.

- ფულის ხარჯვა გიყვარს?

- უფ! ძალიან მხარჯველი ვარ. ჰონორარს რომ ავიღებ, თუ რამის შეძენა მინდა, იმწუთას უნდა ვიყიდო, თორემ ზუსტად ვიცი, მეორე დღეს სასურველი ნივთის შესაძენად თანხა აღარ მექნება. მიყვარს ფულის ხარჯვა, ამ მხრივ ეკონომიას ვერასოდეს ვაკეთებ.

- ანუ ფულის შეგროვება არ გამოგდის, არა?

- ეს ის საქმეა, რაც მართლა არასოდეს გამომდის და ფულის შეგროვებას აღარც ვცდილობ... ისე, დანაზოგის გაკეთებას აქ, მოსკოვში ნამდვილად ვახერხებ, რადგან ნორმალურად მიხდიან და შესაბამისად, მაქვს იმის საშუალება (ყოველ შემთხვევაში, ხანდახან მაინც), რომ გარკვეული თანხა გადავდო.

- ბავშვობაში ყულაბა არ გქონია?

- მე არა, მაგრამ ჩემს დას ჰქონდა. ისე კი, ჩემი ნაშოვნი ფულით ბევრ ყულაბას გავავსებდი. დას ხანდახან თუ ჩავუგდებდი ხოლმე ხურდა ფულს (იღიმის).

- რამდენად აზარტული ადამიანი ხარ? ოდესმე ფულზე თუ გითამაშია?

- გულწრფელად გეტყვი: ნაკლებად აზარტული ვარ. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით, "ჯოკერსაც"იშვიათად ვთამაშობ. ერთი პერიოდი კაზინოებში ძალიან ხშირად, თითქმის ყოველდღე დავდიოდი, მაგრამ კი არ ვთამაშობდი, არამედ მეგობრებს ვადევნებდი თვალს... ისე, რამდენჯერმე ცდუნებას ვერ გავუძელი და ვითამაშე, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი თანხა არც მომიგია და არც წამიგია.

- ანაზღაურების თვიდან თვემდე განაწილებას თუ ახერხებ?

- ჰონორარი აღების დღიდან ერთ კვირაში შეიძლება, აღარც მქონდეს. ანაზღაურების განაწილება რომ ვცადო, მაინც არაფერი გამომივა.

- ფული ძირითადად, რაში გეხარჯება? ალბათ გართობაში, არა?

- დიახ, გამოიცანით (იცინის). ჩემი შემოსავლის 80% გართობაში იხარჯება. მქონია ისეთი შემთხვევები, როცა სოლიდური ჰონორარი ამიღია და იმ დღესვე დამიხარჯავს.

- ფულს ხშირად სესხულობ?

- სიმართლე გითხრა, ფულის სესხება თითქმის არასდროს მიწევს, უფრო ხშირად ჩემგან სესხულობენ. მხოლოდ ერთადერთხელ ვთხოვე მეგობარს გარკვეული თანხა და იმედი მაქვს, ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ მფლანგველი ვარ, საკუთარ ცხოვრებას ისე ვმართავ, რომ სხვისთვის ხელებში ყურება არასოდეს მიწევს. რაც მთავარია, შრომისმოყვარე ვარ, მიყვარს ჩემი საქმე და ყველაფერს ვაკეთებ, რომ ამ საქმით საკუთარი თავი უზრუნველვყო.

- სამოსის შესაძენად ბევრ ფულს ხარჯავ? უპირატესობას ბრენდულ სამოსს ანიჭებ თუ ამას შენთვის მნიშვნელობა არ აქვს?

- ტანისამოსში ფული არასოდეს მენანება. შეიძლება ითქვას, რომ ჩაცმა-დახურვაში ბევრ ფულს ვხარჯავ. თუმცა მაქვს არა მარტო ბრენდული, არამედ ჩვეულებრივი, შედარებით დაბალფასიანი ტანსაცმელიც. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ბრენდულ და ძვირად ღირებულ სამოსზე უკეთ იაფფასიანი ტანსაცმელი მომიხმარია.

- თუ გაქვს ისეთი სამოსი ან რაიმე ნივთი, რომელშიც დიდი თანხა გაქვს გადახდილი, მაგრამ ვერ იყენებ და ნანობ, რომ შეიძინე?

- უფ... ასეთი სამოსი შინ ბევრი მაქვს. ისინი ძირითადად, ინტერნეტით მაქვს გამოწერილი. ონლაინსივრცეში შერჩეული ნივთი, ხშირ შემთხვევაში, ისეთი არ აღმოჩნდება, როგორსაც ელოდები.

- როდესაც მაღაზიაში რაღაც მოგეწონება, მალევე ყიდულობ თუ დიდხანს ყოყმანობ?

- ადრე, როცა რაღაც მომეწონებოდა, დაუფიქრებლად ვყიდულობდი, ახლა ჭკუა ვისწავლე - ჯერ ვფიქრობ, ესა თუ ის ნივთი მართლა მომწონს ან საერთოდ, მჭირდება თუ არა და გადაწყვეტილებას მერე ვიღებ.

- ფული თუ დაგიკარგავს ან გიპოვია?

- ფული არასოდეს მიპოვია, დაკარგვით კი ბევრჯერ დამიკარგავს. ჩემი პირველი ჰონორარი, რომელიც არც ისე პატარა თანხა იყო, სახლამდე ვერ მივიტანე, გზაში დავკარგე. რა თქმა უნდა, გული დამწყდა, მაგრამ საერთოდ, დაკარგულზე დიდხანს არ ვდარდობ, რომც ვიდარდო, ამით გაფუჭებულ საქმეს მაინც არაფერი ეშველება!

- როგორ ფიქრობ, ბევრი ფული რომ გქონდეს, უფრო მეტად წარმატებული იქნებოდი?

- მსგავს რამეზე არასოდეს მიფიქრია. ფულით მიღწეული წარმატება და პოპულარობა ფარსია, წარმატება მაშინ არის რეალური, როცა ამას საკუთარი შრომის ფასად მიაღწევ. აქ, მოსკოვში ხშირად ვხვდები ისეთ ადამიანებს, რომლებსაც წარმატება მართლაც მხოლოდ ფულით აქვთ მოპოვებული. არანაირი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის ან რაღაცის ხარჯზე ვიყო წარმატებული, ეს ჩემს ადამიანურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

- ხშირად გიოცნებია ბევრი ფულის შოვნაზე?

- ამაზე მიოცნებია და მანამდე ვიოცნებებ, ვიდრე არ ამიხდება. ვფიქრობ, მაქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ეს სურვილი ავისრულო. ფული ადამიანს და მით უმეტეს, მამაკაცს თავდაჯერებულობას მატებს.

- კარგია, რომ ასეთი მიზანდასახული ხარ, მაგრამ საინტერესოა, ეს ოცნება რომ აგიხდეს და მოულოდნელად გამდიდრე, პირველ რიგში, რას გააკეთებ?

- არ მინდა, ბანალური ვიყო, მაგრამ გეტყვით, რომ ბევრი ფულით დღეს ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება! ძალიან მიყვარს ქველმოქმედება და ზოგადად, ქველმოქმედი ადამიანები. როცა მდიდარი ხარი, ცოტაოდენი თანხა გაჭირვებულებისთვისაც არ უნდა დაგენანოს. სამწუხაროდ, ბევრ მდიდარ ადამიანის ჰგონია, რომ პურის ფული ყველას აქვს. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის.

- საბანკო მომსახურებით თუ სარგებლობ?

- მგონი დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ბანკის ვალი არ აქვს და ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. გულწრფელად გეტყვით, რომ ვალის კარგი გადამხდელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მფლანგველი გახლავართ, ამ საკითხში ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.

- ბევრ მამაკაცს ფულის საფულ­ით ტარება არ უყვარს. შენ თუ გაქვს საფულე?

- წელს დავიწყე საფულის ტარება, აქამდე არასოდეს მქონია. ადრე ფულს ჯიბით ვატარებდი.

- ეტყობა, ამიტომაც კარგავდი ფულს ხშირად...

- არ ვიცი, შეიძლება (იცინის).

- გაიხსენე ყველაზე ძვირად ღირებული ნივთი, რომელიც საჩუქრად მიიღე...

- დავასახელებ ავტომობილს - ეს მართლა ყველაზე ძვირფასი და ძვირად ღირებული საჩუქარი იყო ჩემთვის.

- მოსკოვში გოგო­ნებში ალბათ დიდი პო­­პულარობით სარგებ­ლობ. შენ უფრო ხშირად ეპატიჟები მათ გასართობად თუ ისინი აქტიურობენ?

- (იცინის) ხშირად ინიციატივა მათ ეკუთვნით. ისე, აქ იშვიათად ხდება, რომ მხოლოდ მამაკაცმა გადაიხადოს ფული - ეგრეთ წოდებულ "ნემეცკი შოტს"აგროვებენ. სიმართლე გითხრათ, მსგავსი რაღაცები არ მომწონს; თუ ფული მაქვს, დანახარჯს თავად ვიხდი, თუ არ მაქვს, სახლში ვრჩები, გარეთ არ გავდივარ.

- ქართველი მამაკაცისთვის მიუღებელია, მანდილოსანთან ერთად იყოს და ფული მას გადაახდევინოს...

- მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ, კაცური ჟესტია. მამაკაცის გვერდით მყოფმა ქალმა ფული რატომ უნდა გადაიხადოს?! თუმცა, მყავს ისეთი მეგობარი ქალბატონიც - მაიკო კაჭკაჭიშვილს ვგულისხმობ, რომელსაც ფულის გადახდას ვერასდროს დაასწრებ (იცინის).

- მატერიალური კრიზისის დროს დახმარებას ვის სთხოვ?

- ასეთ დროს მეგობრები მეხმარებიან. ისინი უთქმელადაც გრძნობენ ჩემს გასაჭირს და დახმარების ხელს მიწვდიან.

- საკუთარი შრომით, ყველაზე ძვირად ღირებული რა შეგიძენია?

- ავტომობილი, რომელიც ძალიან მიყვარს და განსაკუთრებულად ვუვლი. ალბათ იმიტომ ვეფოფინები, რომ საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით შევიძინე.

- რა მანქანა გყავს?

- "მერსედესი".

- მანქანის შენახვა ძვირი გიჯდება?

- საწვავში ბევრი ფული მეხარჯება. თუმცა, ავტომობილი დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ერთგულად მემსახურება.

- მოსკოვში ცხოვრებით კმაყოფილი ხარ?

- ვერ აგიხსნით, აქაურობა ისე მომწონს. მოსკოვში ცხოვრება უდიდესი ადრენალინია. აქ ყველაფრის გაკეთება და რაც მთავარია, ფულის შოვნაც შესაძლებელია.

- კარგად გიხდიან?

- საკმაოდ კარგად. აქ ყოფნით ძალიან კმაყოფილი ვარ და ამიტომაც შემოვრჩი ამდენ ხანს.

- მოსკოვში გამგზავრება ვინ გირჩია?

- სულ ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ წავსულიყავი და ჩემი ცხოვრება უკეთესად მომეწყო. მოსკოვში წამოსვლა კი თამუნა ამონაშვილის მეუღლემ, რეზიკო არჩვაძემ შემომთავაზა. მან მოსკოვში დააარსა კომპანია, რომელშიც რამდენიმე ქართველი მომღერალი გაერთიანდა, მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი მეუღლე თამუნა ამონაშვილიც. ვიცოდი, რომ ისინი კორპორაციულ საღამოებზე მღეროდნენ. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მეც მოსკოვში გამოვემგზავრე, რასაც ნამდვილად არ ვნანობ. როგორც აქაური ქართველი კოლეგები მეუბნებიან, ფეხი მალე ავიდგი (იღიმის).

- საქართველოში დაბრუნებას არ გეგმავ?

- უახლოეს მომავალში რამდენიმე კონცერტი მაქვს დაგეგმილი. ჰოდა, აქ საქმეებს რომ მოვაგვარებ, მერე დავბრუნდები.

- წარმატებებს გისურვებ!

- დიდი მადლობა.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება