განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ

განზრახ გაჩენილი ხანძარი თუ უბედური შემთხვევა - უსახსროდ დარჩენილ მოვაჭრეებს დახმარების იმედი არ აქვთ

დამწვარი 500 კვადატული მეტრი ფართობი, 25 განადგურებული მაღაზია და ათეულობით დაზარალებული მოვაჭრე, - ეს იმ ხანძრის შედეგია, რომელიც ვაგზლის მოედანზე "ბავშვთა სამყაროსთან" მდებარე სავაჭრო ჯიხურებს გაუჩნდა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია, თუმცა დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი თავდაპირველად იმ ჯიხურს გაუჩნდა, რომლის მეპატრონესაც მაღაზიაში სანთელი ჰქონდა ანთებული. ცეცხლი წამებში გავრცელდა და სხვა ჯიხურებსაც გადაედო.

მოვაჭრეთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს - მიზეზად საგადასახადოსთან პრობლემებს ასახელებენ.

"პირველ ყოვლისა, რაც გვაწუხებდა, საგადასახადო სამსახური იყო. საქონელი ვერ მოგვქონდა ნორმალურად. ბაზრობები არ იყო მოწესრიგებული. გზაზე გვხდებოდა საგადასახო, გვაჩერებდა და გვიწერდა 500-ლარიან ჯარიმებს", - განცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა.

მოვაჭრეთა უმეტესობისთვის სავაჭრო ჯიხურები შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მათი დიდი ნაწილი ჯიხურებს ბანკის კრედიტით ამუშავებდა.

"ლტოლვილი ვარ, აფხაზეთიდან დევნილი. 20 წელია ამ ადგილას ვმუშაობ. რაც ვიმუშავე, ცეცხლმა წაიღო ყველაფერი. მეორედ უნდა დავიწყო ცხოვრება თავიდან ამ ასაკში", - აცხადებს სხვა მოვაჭრე.

დიდუბის გამგებლის მოადგილის, დავით ნაფეტვარიძის განცხადებით, დიდუბის გამგეობა და თბილისის მერია დაზარებულებს დახმარებას გაუწევენ.

"ზარალს ახლა ვსწავლობთ. რაც სასიხარულოა, ფიზიკურად არავინ დაშავებულა, დანარჩენს შევისწავლით. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში რისი საშუალებაც გვექნება, დიდუბის რაიონის გამგეობა და თბილისის მერია დაზარალებულებს დახმარებას გავუწევთ", - განაცხადა დავით ნაფეტვარიძემ.

მიუხედავად დიდუბის გამგებლის მოადგილის დაპირებისა, მოვაჭრეთა უმეტესობა უიმედოდ არის დარჩენილი და "ამბები.გე"-სთან პირად საუბრებში აცხადებენ, რომ დანაპირების შესრულების არ სჯერათ.

ხანძარს ნახევარი საათის განმავლობაში 15 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა აქრობდა, თუმცა მაღაზიათა უმეტესობა სრულიად დაიწვა.

გიორგი დადიანი

იხილეთ ფოტოგალერეა: ხანძარი ბავშვთა სამყაროსთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია