რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''

რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი - ''დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა''

ჟურნალ ''რეიტინგის'' საინტერესო არქივიდან ამჯერად ჯაბა იოსელიანთან ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ.

ახლა უკვე ჩემთვის დაუვიწყარ შემთხვევად იქცა ბატონი ჯაბა იოსელიანი, რადგან ეს საინტერესო და პოპულარული კაცი ჩვენს გვერით აღარ არის. ოთხი თვის შემდეგ, 10 ივნისს, 77 წელი შეუსრულდებოდა. არადა, საოცარი შემართებით იქცეოდა. მართლაც ჭაბუკურად გამოიყურებოდა. 2001 წლის 10 ივნისს, როდესაც 75 წელი შეუსრულდა და მარჯანიშვილის თეატრში უამრავი ახლობელი მიიწვია ამ თარიღის აღსანიშნავად გამართულ საიუბილეო საღამოზე. ბოლოს ახალი წლის დადგომამდე ვინახულე. რუხ კოსტიუმში გამოწყობილი ხალისიანად მესაუბრა. ჩვენი მრავალწლიანი შეხვედრების, ურთიერთობის და დღეს უკვე მისი არყოფნის გამო გთავაზობთ 28 დეკემბერს ბატონ ჯაბა იოსელიანთან შეხვედრის ჩანაწერს, ოდნავი შემოკლებით.

- ბატონო ჯაბა, რატომ გახდით ქურდი-მეთქი, რომ გკითხოთ, ხომ არ განაწყენდებით?

- აღარ ვიცი, რამდენჯერ უნდა ვთქვა ამის შესახებ… რატომ და, დრო იყო ასეთი. იცი, შევარდნაძე თბილისში რომ ჩამოვიდა, ერთ კამპანიაში ტრიალებდა, სადაც ქურდები იყვნენ. იყო ერთი ''ჩარლიკა'', იმასთან ''შესტიორკობდა''. სოფლიდან ჩამოსული ბიჭი მაგათ შეეფარა. მერე ის ჯგუფი დაიჭირეს, შევარდნაძეს კი კომკავშირში შეგდებით უშველეს. აქედან დაიწყო და გახდა ცეკას მდივანი. მეც რომ კომკავშირში შევსულიყავი და ამ გზით მევლო, ცეკას მდივანიც გავხდებოდი და ეს ოხერი მამაძაღლებიც ვერაფერს წამომაძახებდნენ, მაგრამ საქმე სწორედ ის არის, რომ ვერ წარმომედგინა კომკავშირელობა - იქაური ტყუილი, დაბეზღება, ამნაირი ოხრობა არ იყო ჩემს ბუნებაში.

- პირველად როდის დაგაპატიმრეს?

- ''რადიოპრიომნიკი'' მოვიპარე ერთი ოჯახიდან. მაშინ 15 წლის ბიჭი ვიყავი. ჰოდა, დამიჭირეს. ამის დავიწყება, დამეთანხმებით, შეუძლებელია. ხუთი წელი მომისაჯეს. ორი წლის შემდეგ გაქცევა მოვახერხე. მერე მეორედ დამაპატიმრეს, მაგრამ ისევ გავიქეცი. 18 წლის ვიყავი მაშინ. ამ გაქცევის მერე რუსეთში წავედი.

- ვინ დაგასახელათ ქურდად? ნათლია ვინ იყო?

- არავინ. ამას შენ თვითონ ამბობ, შენ თვითონ უნდა განაცხადო. ის ხალხიც, ვისთანაც პურს ჭამ და შენს ცხოვრებას ხედავს, ამას იღებს და, თუ რამე პრეტენზია არა აქვთ, ხარ ქურდი. ეს მერე დაიწყეს შეკრება და პასპორტების დარიგება… შემდეგ კი დავინახე, რომ ახალი ცხოვრების დაწყება შეიძლება. კარგად ვიცნობდი ჩემს თავს, ვიცოდი რა შემეძლო, საკმაოდ ნაკითხი ვიყავი და 5 წელიწადში ავქაჩე, გავაკეთე საკანდიდატო და სადოქტორო. ეს უკვე სხვა დრო იყო - ბრეჟნევის პერიოდი, სუნთქვა შეიძლებოდა. ისე, შოთა კვირაიამ რომ დამიჭირა, ყველა მხრიდან უნდოდათ ჩემი გასვრა და დაკნინება. დისერტაცია, თურმე, ჩემმა დამ დამიწერა. მერე თქვეს, რომ წიგნებს სხვები მიწერენ. ციხეში რომ მარტო ვიყავი, ეტყობა ''ნადზირატელი'' მიწერდა წიგნს. ნახევარი საუკუნე გავიდა და ვერ დაივიწყეს, ეგაო, ქურდი იყოო…

- პროფესორი ბრძანდებით, პიესებს, წიგნებს წერთ და ნუთუ თავიდანვე არ შეგეძლოთ ასე დაგეწყოთ ცხოვრება?

- როგორ აგიხსნა… მაშინ მხოლოდ ორი გზა იყო - ქუჩა და კომკავშირი. თქვენი თაობისთვის ეს ძნელი გასაგებია და თანაც, დიდხანს სასაუბროც. მოკლედ კი იმის თქმა შემიძლია, რომ როდესაც 14-15 წლის ვიყავი, სხვა გზას ვერ ვხედავდი. შეიძლება სხვაგან ეს კომკავშირი ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთან ყველა მაიმუნი და ჩამშვები კომკავშირში შედიოდა მაშინ კომკავშირელი თუ არ იყავი, ათწლედს ვერ დაამთავრებდი და არც უმაღლესში მიგიღებდნენ. ანუ უნდა ყოფილიყავი მონა. ამას კი მიჯობდა, ჩემი თავის პატრონი თვითონ ვყოფილიყავი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ