"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება

"მისტერ ვალენტინი 2014"-ის გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა - ყოფილი ორგანიზატორის სკანდალური განცხადება

საქართველომ მისტერ-ვალენტინის ტიტულის მფლობელი კიდევ ერთხელ აირჩია. კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული თორნიკე ტყემალაძე გახდა. "მისტერ ვალენტინის" კონკურსი საქართველოში პირველად 2009 წელს ჩატარდა. მამაკაცებში გამართულ პირველ სილამაზის კონკურსს დიდი ხმაური მოჰყვა, ფაქტი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა" გააპროტესტა. პროტესტის მიუხედავად, მაშინ "მისტერ ვალენტინის" შესარჩევად ორი კონკურსი ჩატარდა. ერთ-ერთის ორგანიზატორი ლიკა ყაზბეგი, მეორე კონკურსის კი ქეთი ნაჭყებია გახლდათ. მას შემდეგ აღნიშნული კონკურსი ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ambebi.ge-ს ფოტოხელოვანი გიორგი ტატანაშვილი დაუკავშირდა, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე იყო ჩართული კონკურსის ორგანიზებაში, თუმცა წელს ამაზე უარი თქვა. ფოტოხელოვანის განცხადებით, "მისტერ ვალენტინის" გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი ბიჭების ვინაობა წინასწარ იყო ცნობილი, რადგან გამარჯვებული "ჩაწყობით" გამოვლინდა.

- პროფესიონალი ფოტოხელოვანი ვარ, შესაბამისად ძალიან კარგად ვიცი სილამაზის კონკურსების შიდა სამზარეულო. "მისტერ ვალენტინის" ამჟამინდელმა ორგანიზატორებმა, კახი ხაბეიშვილმა და თათა ლემონჯავამ შემომთავაზეს, მე ვყოფილიყავი წლევანდელი კონკურსის სპონსორი, ბიჭებისთვის უნდა დამემზადებინა პორტფოლიოები და საჩუქრად გადამეცა ჩემი აქსესუარები. დავამზადე პორტფოლიოები, საჩუქრებიც, ორი დღით ადრე კი მითხრეს, შენ სპონსორი აღარ იქნებიო.

- რატომ გითხრეს უარი?

- მოგეხსენებათ, საქართველოში კონკურსები "ჩაწყობით" ტარდება. "მისტერ ვალენტინიც" ჩაწყობით ჩატარდა. მე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ მივიღე ინფორმაცია, ერთ-ერთ კონკურსანტს კრისტი ყიფშიძემ უთხრა, ვინ გაიმარჯვებდა. ბიჭებს წინასწარ ულოცავდნენ ხუთეულში მოხვედრას. მე დამზადებული მქონდა 5 ბიჭის პორტფოლიო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1000 ლარია. ფოტოგრაფიის გარდა, მე დიზაინერობითაც ვარ დაკავებული, ბიჭებისთვის როგორც დიზაინერს, კიდევ აქსესუარები მქონდა გაკეთებული, მაგრამ... არავის აუხსნია ჩემთვის, რატომ მითხრეს უარი სპონსორობაზე, ვფიქრობ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ წინასწარ მქონდა ინფორმაცია, რომ კონკურსი იყო "ჩაწყობილი". ისეთი "ჩაწყობები", როგორიც ამ კონკურსზე ხდება, მერწმუნეთ არცერთ ქართულ კონკურსზე არ არის. ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას არსად იღებენ "მისტერ ვალენტინის" გარდა. წელს თორნიკე ტყემალაძეს იმიტომ გაამარჯვებინეს, რომ მან მოიზიდა სპონსორები კონკურსისთვის.

ორგანიზატორები სპეციალურად არ არჩევენ კარგი გარეგნობის ბიჭებს, ბევრი კარგი ბიჭი "იბრაკება" კასტინგზე, იმიტომ რომ, შემდეგ თავის რჩეულს გაამარჯვებინონ. ერთადერთხელ ჩაატარა კახი ხაბეიშვილმა კონკურსი ღირსეულად, ეს იყო "მისტერ თბილისი" 2013, სადაც გიორგი ნიჟარაძემ გაიმარჯვა.

- ჟიურის წევრებს წინასწარ ეუბნებიან, ვინ უნდა გახდეს გამარჯვებული?

- ჟიურის წევრები ძირითადად სააგენტო "ბესტ მოდელს თბილისის" თანამშრომლები არიან, სწორედ ეს სააგენტო არის კონკურსის ორგანიზატორი. კრისტი ყიფშიძეც, მაკა შალიკაშვილიც, გია ჯაჯანიძეც, თაკო პოპიაშვილიც ამ სააგენტოში მუშაობენ, შესაბამისად წინასწარ იციან, ვინ გახდება გამარჯვებული. შარშან ჟიურის წევრებს შორის მოხდა უთანხმოება გამარჯვებულის გამო, უმეტესობას უნდოდა ვახო მაჭარაშვილი გამხადრიყო "მისტერ ვალენტინის" ტიტულის მფლობელი, მაგრამ რადგან ვახო "ლუქ მოდელის" მოდელია, ბერდია თოფურიას გაამარჯვებინეს.

თამარ ბოჭორიშვილი

ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება